აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სასანქციო სიაში შეყვანილი რუსეთის უმსხვილესი მედიაჰოლდინგის „გაზპრომმედიას“ შვილობილი კომპანიის ქართულ სატელევიზიო ბაზარზე შემოსვლამ ქართველი პოლიტიკოსებისთვის საყვარელი თემა გაააქტიურა. გაისმა შეფასებები, რომ „გაზპრომმედია“ უშუალოდ კრემლთან თანამშრომობს, ამიტომ მისი კუთვნილი „ნტვ პლუსის“ შემოსვლა ქართულ მედიაბაზარზე საფრთხის შემცველია. უფრო მეტიც, მედიასაშუალებას, რომელიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებასთან, არ შეიძლება, საქართველოში ლიცენზია მიეცეს.
რას მოგვიტანს კონტრპროპაგანდა და რატომ სურს რუსეთს საქართველოს დასჯა? ამის შესახებ For.ge პოლიტიკურ მიმომხილველს ირაკლი ტაბლიაშვილს ესაუბრა.
ევროპულ ქვეყნებშიც კი მსჯელობენ, რომ საჭიროა მძლავრი რუსულენოვანი არხის შექმნა, რომელიც რუსული პროპაგანდისტული არხების ალტერნატივად იქცევა. თუკი ევროპაც დაუცველია რუსული პროპაგანდისგან, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ტიპის ზეწოლას საქართველო?
- ევროპულ ქვეყნებში მართლაც მსჯელობენ მძლავრი რუსულენოვანი არხის შექმნაზე, მათ შორის, პირველ რიგში, მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელიც რუსულენოვანია კონკრეტულად ევროპაში, რათა მათ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ. აქ საუბარი არ არის კონტრპროპაგანდაზე, არამედ საუბარია ობიექტური ინფორმაციის მიღებაზე, რამდენადაც რუსეთიდან მაუწყებელი არხების აბსოლუტური უმრავლესობა ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ ე.წ. მედიასაშულებებად უნდა მივიჩნიოთ. არათუ „ნიუსში“, ახალ ამბავში, ანალიტიკურ გადაცემებში, არამედ თითქოს უწყინარ პროდუქტებშიც კი, როგორიცაა ტელესერიალები, დოკუმენტური ფილმები, გასართობი შოუები, რუსეთიდან მაუწყებელი არხები მიზანმიმართულად, წვეთ-წვეთად აწვდიან საზოგადოებას ყალბ ინფორმაციას. აწვდიან, აგრეთვე, იმგვარ გზავნილებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ამომრჩევლისთვის საზიანოა, რამდენადაც შეიცავს მითებს კონკრეტული ამბების თუ მოვლენების შესახებ. ჩვენს სინამდვილეში ეს პრობლემა ნამდვილად იგრძნობა.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით, საზღვრისპირა რეგიონებში, აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობები, ეს პატიოსანი და პატრიოტი ადამიანები (რომელთა რიცხვიც ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 20%-ია), სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ. ამიტომ მათი მიჯაჭვულობა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებზე შეიძლება გაიზარდოს. არის თუ არა ეს საშიში? საქართველო რომ ძლიერი ქვეყანა იყოს, მათ შორის, ძლიერი ეკონომიკური პოტენციალით, მას მეტი ინფორმაციის გავრცელების, ქართული რბილი ძალის შექმნის შესაძლებლობა ექნებოდა და რუსული არხები მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა. თუმცა საქართველო ეკონომიკურად შეჭირვებული ქვეყანაა, ხოლო რუსეთს არ უთქვამს უარი საქართველოს ექსპანსიაზე, მათ შორის, იდეოლოგიურ ექსპანსიაზე. აღარ ვლაპარაკობ უკვე ფიზიკურ ექსპანსიაზე, გაგრძელებულ ოკუპაციაზე. რუსეთი კვლავაც აგრძელებს საკუთარ რევიზიონისტულ პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, მას მინიმუმ სურს, პოსტსაბჭოთა სივრცე და ამ სივრცეში არსებული ყველა სახელმწიფო მოიხელთოს, დაწყებული ტაჯიკეთიდან, დამთავრებული ბალტიისპირეთის სახელმწიფოებით, ასევე, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთისა და სხვა ტერიტორიების ჩათვლით. ბუნებრივია, საქართველოც ამ სიაშია, თანაც, არცთუ მეორე პლანზე.
რუსების აზრით, საქართველო, როგორც ურჩი სახელმწიფო, უკრაინის მსგავსად უნდა დაისაჯოს. რუსეთს აქვს ასეთი მიდგომა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში სწორედ ქართველები იყვნენ საბჭოთა კავშირის დაშლის ავანგარდში. ამ პროცესს პრეზიდენტმა პუტინმა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. ბუნებრივია, კონკრეტულად პუტინსა და მის მიერვე შექმნილ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ელიტას სურს, რაღაცნაირად რევანში მოახდინოს. შორს წაგვიყვანს, თუ რას ეყრდნობა რუსეთის პოლიტიკა, მათ შორის, მესამე რომის შექმნის მათეულ კონცეფციას. მათთვის მთავარია, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გამოიყენონ. უნდა გამოიყენონ ფიზიკური ძალაც, სწორედ ამის თვალსაჩინოებაა 2008 წელი. ასევე, 90-იანი წლები. უნდა აამოქმედონ ეკონომიკური ბერკეტები, ამის თვალსაჩინოებაა არა მხოლოდ 2000-იანი წლების შუა პერიოდში არსებული ეკონომიკური ბლოკადა, არამედ 90-იან წლებშიც მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც რუსეთი, პრინციპში, არ გვიცხადებდა ბლოკადას, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით გვზღუდავდა. ეს არის გაგრძელებული ოკუპაცია, მავთულხლართები, მუდმივად ჩვენი პროვოცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლა. ერთი მხრივ, ეს არის ტყუილების გავრცელება დასავლური სამყაროს შესახებ და, მეორე მხრივ, ისეთი გზავნილების მიწოდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უალტერნატივო სივრცედ წარმოჩინდება ჩვენთვის.
რა უნდა რუსეთს? რისი მიღწევა სურს? რუსეთმა, როგორც ჩანს, ერთგვარად შეცვალა სტრატეგია, ის აღარ ავრცელებს ტყუილებს, ან ნაკლებად ავრცელებს ინფორმაციას დასავლეთის „სიავის“ შესახებ. უბრალოდ, თავისი საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანების საშუალებით ახლა ამბობს დაახლოებით ამდაგვარს, რომ ჩვენ, ქართველები, ვერ გავძლებთ რუსეთის გარეშე, რუსეთი უძლეველი სახელმწიფოა და, როცა მოინდომებს, მაშინ შემოვა ქართულ სივრცეში, შესაბამისად, დაამარცხებს ქართულ სახელმწიფოს. ცოტა უცნაური სიტყვაა, მაგრამ მეც გამოვიყენებ ამ სიტყვას, რომ ამით რუსეთი ცდილობს, ჩვენი მედეგობის, ანუ წინააღმდეგობის უნარის შესუსტებას და ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობის შემოტანას, ქართული საზოგადოების შემართების გაქრობას. ამის შედეგად რუსეთი იმის მიღწევას ცდილობს, როცა ქართული საზოგადოება თავად იტყვის უარს, რომ რა დასავლური სივრცე, ხალხო, მაინც არ გვღებულობს ევროკავშირი თუ ნატო, მარტონი ხომ არ ვიქნებით, მოდით, ახლა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.
დაიწერა კიდეც ინტელიგენციის ღია წერილი, რომლის მიხედვითაც, პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან.
- თუ არ ვცდები, ეს ინტელიგენციის 6 წარმომადგენლის წერილი იყო, რომელთაგან ერთმა უარყო საკუთარი სიტყვები. ასეთი ტენდენციები მართლაც ჩნდება, რამდენადაც თავად ნატო ცოტა რთული ორგანიზაციაა ჩვენთვის, იგი სწრაფად არ იღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ბზარი უნდა გაჩნდეს თავად ქართული საზოგადოების ხმაში, სწორედ ასე ფიქრობს რუსეთი. „ნტვ პლუსი“ კი მხოლოდ ერთი თვალსაჩინოებაა, რომლითაც უნდა მოახდინოს რუსეთმა ზეწოლა ჩვენს წინააღმდეგ.
სააკაშვილის დროსაც შეიქმნა რუსულენოვანი არხი, მაგრამ იმუშავა იმ არხმა მიშას პროპაგანდის დროს?
- თქვენ გულისხმობთ „პირველ კავკასიურ არხს“. ვერ გეტყვით, რამდენად კარგად იმუშავა იმ არხმა, რადგან საკუთრივ შიგნით ჰქონდა პრობლემები, მისი არქიტექტურა, მისი შექმნა უკეთესადაც შეიძლებოდა. მაინცდამაინც იმის მომხრე არ ვარ, რომ რომელიმე რუსულენოვანი არხის შექმნის ინიციატორი სახელმწიფო იყოს, როგორც სააკაშვილი იყო ინიციატორი, შეექმნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბაზაზე დამოუკიდებელი იურიდიული პირი „კავკასიური არხის“ სახით. თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ვერ იმუშავა იმ არხმა. იქ გადიოდა საინტერესო პროდუქტები, რომლებსაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინტერესით უყურებდა არა მხოლოდ საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის 20%, არამედ კავკასიონის მთებს გადაღმა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებაც, რომელსაც არ სურდა, მაინცდამაინც რუსულ ოფიციალურ არხებს ჩამოკიდებოდა. რასაკვირველია, „პირველი კავკასიური არხი“ ვერ შეედრებოდა, პირობითად რომ ვთქვათ, ტელეკომპანია „დოჟდს“ და ევოლუციას ვერ მოახდენდა რუსეთში. ეს არც უნდა მოეხდინა, მაგრამ, ამავდროულად, ნამდვილი ინფორმაციის მიწოდება საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისთვის აუცილებელია. ამიტომ მე მომხრე ვარ, ასეთი არხის შექმნა იყოს კერძო და არა სახელმწიფო ინიციატივა.
ეს უნდა იყოს მძლავრი რუსულენოვანი არხი, როგორც ამას ევროპელები ფიქრობენ?
- ეს უნდა იყოს მძლავრი რუსულენოვანი არხი, რომელიც დადებს რუსეთისგან ალტერნატიულ ანალიზს დღეს აქტუალურ თემებზე. მაგალითად, სირიის თემაზე, უკრაინის თემაზე. სირიის თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ერთი პასაჟი, რომ რუსეთის უკლებლივ ყველა საინფორმაციო საშუალება, ერთი-ორი მცირე გამონაკლისის გარდა, კრემლისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ შესაძლო შეტაკების შემთხვევაში, რუსული არმია უძლეველია და ის გადათელავს კოალიციურ, კონკრეტულად კი შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს. ამიტომ რუსეთსა და საქართველოში მცხოვრებ რუსულენოვან მოქალაქეებს ვიღაცამ უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია.
ელემენტარულად, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ოდენობას რომ ჩავხედოთ, ვნახავთ, რამდენად დიდი უპირატესობა აქვს დასავლეთს, კონკრეტულად კი, შეერთებულ შტატებს. ცხადია, შეტაკება და ომი არ მოხდება, მაგრამ ამგვარ პროგნოზს აკეთებენ რუსები და ამგვარი იდეოლოგიური სატყუარებით რუსეთი ცდილობს, უძლეველობის მითი შექმნას.
თუ ჩვენ არ ვენდობით საკუთარ მოსახლეობას, რომ ისინი პრორუსულ პოზიციაზე გადავლენ, მაშინ რა ფასი აქვს ასეთი არაკონსოლიდირებული სახელმწიფოს არსებობას?
- ჩვენმა მოსახლეობამ ნდობა დაიმსახურა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის 2019 წლამდე რუსეთს იმდენჯერ შემოუტევია ჩვენთვის, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს არსებობა საოცრებაა. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვენდოთ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ, ამავდროულად, უნდა ვიყოთ ფხიზლად.