„პრეზიდენტს ჩამოერთვას ან შეეზღუდოს შეწყალების უფლება და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფესიული ექსპერტული კომპონენტი“

„პრეზიდენტს ჩამოერთვას ან შეეზღუდოს შეწყალების უფლება და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფესიული ექსპერტული კომპონენტი“

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას შეწყალების უფლება და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფესიული ექსპერტული კომპონენტი. მისი თქმით, ალოგიკურია, ადამიანს სასჯელის ვადას უმცირებდეს ან ათავისუფლებდეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ვინ არის პასუხისმგებელი და რა მექანიზმით იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ვეფხია ბაქრაძეს .. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა. ასევე, შეწყალების კომისიის 11 წევრიდან ყველა წინააღმდეგ იყო მისი შეწყალების. ამის მიუხედავად, მან 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა საპატიმრო. სწორედ შეწყალება არის ის საკითხი, რამაც მარგველაშვილის მიმართ სერიოზული კითხვები წარმოშვა. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ძირითადად იწყალებს ცოლის ნათესავებს, რომლებიც ან მკვლელობაში არიან ბრალდებულები, ან წამლის რეალიზაციაში და ამას ადასტურებს ირაკლი ქორიძის საქმეც. ამჯერად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მკვლელობით დასრულად. ვინ არის პასუხისმეგებლი 25 წლის გოგოს მკვლელობაზე?

რამაზ საყვარელიძე: შეწყალების მექანიზმი არ ვიცი, ჩემთვის უცნობია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, კანონში არის ასეთი დაშვება - პრეზიდენტს შეუძლია პირი შეიწყალოს თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე. პრობლემები და კითხვები, რაც შეწყალების კომისიის გარშემო დაგროვდა, ჩემი აზრით უნდა დააფიქროს არა მარტო პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, არამედ საკანონმდებლო ორგანოც.

ფაქტია, რომ წლიდან-წლამდე შეწყალების თემა ხდება პრობლემური. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილის პერიოდში ძალიან მკაფიო, ახლა ისეთი მკაფიო და მკვეთრი არა, მაგრამ მაინც გვაქვს ფაქტები, როდესაც პრეზიდენტის შეხედულებით შეწყალებული ადამიანები მერე შეესიენ საქართველოს და ამ შეწყალებამ მათ მხოლოდ ხელი გაუხსნა დანაშაულისკენ.

ანუ, ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობის საკითხი იწევს წინა პლანზე?

- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს სიკეთეზე სიკეთით პასუხზე არც უფიქრიათ. ე.ი. კანონია შესაცვლელი. ე.ი. შეწყალების საკითხიც არ არის დასატოვებელი პრეზიდენტისთვის. გამოცდილება გვკარნახობს, რომ ჩვენი პრეზიდენტები ამ მხრივ რბილად რომ ვთქვათ, უშვებენ შეცდომას. ე.ი. რაღაცა ჩამკეტი მექანიზმი უნდა შექმნას საკანონმდებლო ორგანომ. არ შეიძლება ამ საკითხის დატოვება პრეზიდენტების პირად მოსაზრებად და პოზიციად. არ ვარგიან ჩვენი პრეზიდენტები ამ საკითხის მოგვარებისთვის.

როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტამდე რა მექანიზმით მიდის იმ ადამიანების სია, რომელზეც კომისია ამბობს უარს? ამ შემთხვევაში ადგილი გვაქვს კორუფციასთან? ვერც იმას ვიტყვით, რომ პრეზიდენტი ყველა საქმეს უნდა ეცნობობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტთან შედის სხვა სიაც. როგორც ფსიქოლოგმა, ყველაზე კარგად იცით რა მდგომარეობაში არიან მოკლულის 2 მცირეწლოვანი შვილები, რომელთა თვალწინ მოკლეს დედა და რამდენადაც ირკვევა, ამ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარება არის მძიმე. ანუ, ორმაგი დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვინ არის პასუხისმგებელი?

- რა თქმა უნდა, კორუფციის ეჭვის საფუძველი არსებობს. ასეთი სიების წყაროც რამდენიმეა - უდოს კომისია, გარკვეული სია მოდის საპატრიარქოდან, ყველგან კორუფციის არსებობაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ თუკი კორუფციის ეჭვია, ყურადღება უნდა მიაქციოს მთავარმა პროკურატურამ და ჩვენ, მოქალაქეებს არ უნდა გვათქმევინოს, რომ კორუფცია არის, ამის მტკიცების უფლება მარტო მას აქვს. მაგრამ, ის, რომ ძალიან ხშირია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლიც შემდეგ ძვირად უჯდებათ ადამიანებს, ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ეს უწყება.

ბრალდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი და ორივეჯერ ძალადობაზე. ქვით მიაყენა მეუღლეს ჭრილობა თავის არეში და ამ ბრალდებით იყო ბოლოს დაკავებული. აშკარაა, რომ ადამიანი იყო მოძალადე და სწორედ ამიტომ ჩნდებდა კითხვა - რის საფუძველზე ხდება ძალადობაზე ბრალდებულის შეწყალება?

- ერთ მომენტს გავუსვამდი ხაზს, თქვენ შემახსენეთ, რომ მე ფსიქოლოგი ვარ. როდესაც ასეთ ადამიანს გამოუშვებ, ხომ შეიძლება მეორე დღეს ქვის მაგივრად დანა აიღოს?! ანუ, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს შეწყალების კომისია ესეც გაუგებარია. სასამართლო რომ სასამართლოა, იქ არის სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. წესით, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს ამ კომისიის მუშაობაში. პროგნოზი იმისა, რომ ესა თუ ის ადამიანი მომავალში ჩაიდენს თუ არა დანაშაულს, მარტო არასპეციალისტების გადასაწყვეტი არ არის.

არის ამის რესურსი ქვეყანაში?

- რა თქმა უნდა, არის ამის რესურსი ქვეყანაში და რატომ არ იყენებენ? - არ იყენებენ უცოდინრობის გამო, ყველაფერში რომ არაპროფესიონალები არიან, ამაშიც არაპროფესიონალები არიან. ეს კაცი ბინაში უფრო ადრე მივიდა, ვიდრე მისი მსხვერპლი. როგორც მეზობლები ყვებიან, დაიწყო ბავშვების ტანსაცმლის დანაკუწებაო, ეს არ არის ნორმალური ადამიანის საქციელი და ეს ანომალია მარტო ამ საქმეში არ გამოჩნდებოდა. მას რომ გაევლო ექსპერტიზა, უფრო ადრე გამოჩნდებოდა როგორი პიროვნება იყო. ეს არ არის ამ კომისიის პრობლემა, ეს ზოგადად ჩვენი დაუდევრობის და ფსიქოლოგიური უკულტურობის ბრალია. საკითხებს რომ იმისდა მიხედვით ვწყვეტთ, რას ფიქრობენ საზოგადოების საპატიო წევრები, აი, ამის ბრალია.

რა შუაშია საზოგადოებისთვის საპატივცემულო წევრები, პროფესიულად გადაწყვიტე საქმე. რომელი პროფესიის ხალხი შეიძლება იყოს კომპეტენტური იმაში, რას გააკეთებს ეს ადამიანი ხვალ, თუ არა ფსიქოლოგი, იურისტი და ფსიქიატრი. არც ერთი ამ პროფესიის ადამიანი არ არის კომისიაში. არც კომისიაში ყოფნა არ არის საჭირო. საჭიროა ცალკე პარალელური პროფესიული კომისიის შექმნა. მაგრამ ჩვენ ხომ პროფესიულად საქმის გადაწყვეტა არ გვჩვევია და ყველაზე ნაკლებ პატივს სწორედ პროფესიულ ცოდნას ვცემთ. შედეგებიც სახეზეა.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას შეწყალების უფლება?

- რა თქმა უნდა. პირველი - პრეზიდენტს ან ჩამოერთვას, ან შეეზღუდოს შეწყალების უფლება. მეორე - კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფესიული ექსპერტული კომპონენტი. არალოგიკურია, ადამიანს უმცირებ სასჯელის ვადას თავისუფლად, ისე, რომ არავინ არ დგება იმის გარანტად, რომ ეს ადამიანი დანაშაულს აღარ ჩაიდენს. ამის გარანტად ვერ დადგება იმ კომისიის არაპროფესიული წევრები. მაგალითად, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ჟურნალისტმა რა უნდა აიღოს თავის თავზე? რის საფუძველზე უნდა თქვას, რომ ეს ადამიანი ჩაიდენს თუ არა დანაშაულს?! აუცილებელია პროფესიული შესწავლა და პროფესიული პროგნოზის დადება იმაზე, ჩაიდენს თუ არა ეს ადამიანი დანაშაულს. ვფიქრობ, რომ ეს არის გასაკეთებელი.