მსოფლიო ლიდერები ცდილობენ, ფეთქებადსაშიში სიტუაცია მოლაპარაკებებით განიმუხტოს - გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით „დიდი ქვეყნები დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ და პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. გერმანიის პრეზიდენტი თვლის, რომ თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლფასი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიაში პირველად შვიდი წლის განმავლობაში აშშ და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე გაჩნდა.
„მიუხედავად პუტინისა, ჩვენ არ უნდა გამოვაცხადოთ მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრებად. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ რუსეთთან დიალოგი და ამავდროულად პირადი კონტაქტებისას კრემლს უნდა გავაგებინოთ, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს რუსეთ-ევროპის ურთიერთობებისთვის“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
იქონიებს თუ არა გავლენას მსოფლიოში მიმდინარე პროცესები კავკასიასა და საქართველოზე, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ვაჟა ბერიძე: ის რაც დღეს ხდება, უკვე აღარ არის მსოფლიო წესრიგი, გაეროც ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და მოქმედებს პრონციპი - ვინც ძლიერია, ის მართალია. სწორედ ძლიერებს შორის ხდება ურთიერთობის გარკვევა. ეს მხოლოდ დასავლეთის ბრალი არ არის და რაკი რუსეთთან საუბარი არც ისე ადვილია, ფეთქებადსაშიში სიტუაცია ყოველთვის არის რეგიონში.
არც მოველოდი, რომ აშშ სირიას, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთს დაბომბავდა, რადგან პასუხის პასუხი არის საშიში და არაპროგნოზირებად სიტუაციას ქმნის.
ქართველი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ამ სიტუაციაში დიდი ყურადღება მართებს. ეს არის ის სიტუაცია, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა რაღაცას ცვლის ჩვენთვის?
- ბუნებრივია, საქართველო ფრთხილი უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისას, მაგრამ რაკი ევროპისა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და ჩრდილო ატლანტიკური კურსის მიმდევარია, მის პოზიციას სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს და მანევრისთვის საქართველოს ხელისუფლებას დიდი სივრცე არ აქვს.
ეს ჩანდა პრემიერის წერილიდან, ჟენევის ბოლო მოლაპარაკებიდან. გადაიდგა ისეთი ნაბიჯებიც, რომელმაც დასავლეთის მხარდაჭერა დაიმსახურა, რუსეთის ელჩის თემა და ა.შ.
იმან, რაც ხდება მსოფლიოში, საგრძნობლად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირები კვლავ გაჩნდა, რამდენად საგრძნობი იქნება ქართული ეკონომიკისთვის შექმნილი სიტუაცია?
- რუსეთი ცდილობს სანქციების შედეგებთან გამკლავებას, მაგრამ თუ არ მოწესრიგდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, სანქციები თავის უარყოფით შედეგს თვალნათელს გახდის. ჩვენთვისაც შესამჩნევი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რა რაოდენობის ფულადი გზავნილები შემოდის.
რუსეთის ეკონომიკა ერთ დღეში არ ჩამოიშლება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, საკმაოდ უარყოფითი ეფექტი მოიტანოს, განსაკუთრებით უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთი ბოლომდე მიდის სიტუაციის გამწვავებაზე.
იმან რაც მოხდა სირიასთან მიმართებაში, შედეგად გამოიღო ის, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება. საერთოდ, რუსული პროპაგანდა მხარს უჭერს ბირთვული „მუსკულების“ დემონსტრირებას - თვლიან, რომ ასე უფრო ადვილად წამოვა დასავლეთი დათმობაზე.
თუმცა, ამას სხვა მიზეზიც აქვს, დასავლეთს თუ შეუძლია, არ აჩქარდეს თავის გადაწყვეტილებებში, რუსეთს ეს დრო არ აქვს, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე მთელი მსოფლიო აქტიურად საუბრობს, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაინაცვლოს პრობლემის მთელმა სიმწვავემ?
- სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნებისმიერ გამწვავებას მოჰყვება დათბობის პერიოდი. თუმცა ის, რომ დასავლეთმა თანაბარუფლებიან პარტნიორად აღიაროს რუსეთი და მასთან მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს, ახლო მომავალში ვერ წარმომიდგენია. შესაძლოა, იყოს ლაპარაკი გარკვეულ კომპრომისებზე ორივე მხრიდან, მაგრამ ეს იქნება უმნიშვნელო, რადგან რუსეთს სურს იყოს მსოფლიო დონის მოთამაშე. ბოლო პერიოდში ისეევ დაიწყეს ლაპარაკი ორპოლუსიან მსოფლიოზე, რომ გაცილებით მარტივად გვარდებოდა პრობლემები, თუმცა აქტიურად ლაპარაკობენ მრავალპოლუსიან წესრიგზეც და ერთ-ერთ პოლუსად რუსეთი საკუთარ თავს მოიაზრებს - მისი ევრაზიული კავშირი სწორედ ამას გულისხმობს.
თუმცა, ის რა სიტუაციაც შეიქმნა უფრო ცუგცვანგის პოზიციას მაგონებს, როდესაც მხარეებს დიდი არჩევანი აღარ აქვთ დარჩენილი, რა მიმართულებით იმოძრონ. შესაძლოა, ასეთი პოზიცია გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ ძალიან დიდხანსაც ვერ შენარჩუნდება, რადგან დღეს სირიაში იმდენი ინტერესია, რომ მულტინაციონალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე არსებობს.
რამდენად მოსალოდნელია, რუსეთის პასუხი სირიის თემაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიხილოთ?
- სირიის გარდა, რუსეთს რეზერვში აქვს შემონახული უკრაინის და სხვა, ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემაც - მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ შემთხვევაში კავკასიას ყველა მხარე განიხილავს გაყინულ კონფლიქტად, რომლის გალღობასაც არავინ ჩქარობს.
ეს იმ მხრივ არის კარგი, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად დრო გვაქვს, ანუ შედარებით მომზადებულები შეგვიძლია შევხვდეთ იმ დროს, თუკი კონფლიქტი გააქტიურდება. ადრე თუ გვიან კავკასიაშიც გამწვავდება ვითარება, რადგან ამის გარეშე პრობლემების საბოლოო გადაჭრა შეუძლებელი ჩანს, თუკი დასავლეთი მკვეთრად აქტიური არ გახდება ამ რეგიონში.
თუმცა ისიც არ გვაწყობს, რომ როგორც ავღანეთიდან მაროკომდეა გაჩაღებული სისხლისღვრა, ჩვენც ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, მაგრამ არც ამერიკისა და რუსეთის თვალებში ერთმანეთის ყურებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, როდის დაუშვებენ შეცდომას, სიტუაცია რომ გამოვიყენოთ.
არც თურქეთის მიმართულებით უნდა ვიყოთ გულდამშვიდებული და არც ირანული დემოკრატიის იმედი უნდა გვქონდეს და სწორედ ამიტომ გვჭირდება ხელისუფლების მოქნილი, პერსპექტივებსა და უსაფრთხოებაზე გათვილი პოლიტიკა. შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების საქართველოს სასარგებლოდ გამოყენება, თუმცა დიდად შორსმჭვრეტელურ დიპლომატიურ სვლებს ამჟამად ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.