„ჩვენ გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“

„ჩვენ გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“

„ჩვენი მოსახლეობის მერყევი ნაწილი პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა“, - მესამე სექტორი რუსული პროპაგანდისტული მედიის ქართულ ბაზარზე შემოსვლით შეშფოთებულია.

გაძლიერებული ანტიდასავლური ნარატივის ფონზე ვითარებას ართულებს ისიც, რომ „ნტვ პლუსი“ უმსხვილესი მედიაჰოლდინგის „გაზპრომმედიას“ შვილობილი კომპანიაა და წლის ბოლომდე 30 ათასი აბონენტის მიზიდვას აპირებს.

„ნტვ პლუსს“ საქართველოში ჯეროვნად დაუხვდნენ. მანიფესტიც შეიქმნა ამის გამო, რომელზეც ხელმომწერნი საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „ნტვ პლუსისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას სთხოვენ.

შედარებით ოპტიმისტები აპოკალიფსურ სიტუაციას არ ხატავენ და ლოგიკურ გამოსავალს სთავაზობენ მთავრობას, რომ საჭიროა მძლავრი რუსულენოვანი არხის შექმნა, რომელიც „ნტვ პლუსის“ ალტერნატივა გახდება. სწორედ ამაზე მსჯელობენ ევროპელებიც რუსეთისგან მომავალი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ მოლდოვამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი კანონი აამოქმედა და რუსული სამაუწყებლო კონტენტი აკრძალა.

რას მოიტანს ალტერნატიული რუსული არხის შექმნა და გადაფარავს თუ არა „ნტვ პლუსის“ პროპაგანდისტულ ზრახვებს?! ქართველებს ამის გამოცდილება ნამდვილად აქვთ. სააკაშვილის პერიოდში არსებობდა „პირველი კავკასიური“ რუსულენოვანი არხი, რომელსაც საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აფინანსებდა. მისი სიგნალი ფარავდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, უკრაინას, ბელორუსიას, აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს, თურქეთს, ირანის ტერიტორიას. სხვათა შორის, 2011 წლის 25 იანვარს ახლაგახსნილი არხის პირველი სტუმარი მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ეს რუსულენოვანი კავკასიური არხი სერიოზულად აპირებდა რუსულ პროპაგანდასთან გამალებულ ბრძოლას. თუმცა რამდენად გაამართლა „პირველმა კავკასიურმა“, ამაზე სპეციალისტებს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

დღესდღეობით საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხი - „ტოკ ტვ“ ფუნქციონირებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობს, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სომეხია და დაახლოებით 80%-მა ქართული ენა არ იცის.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის გენერალური დირექტორი დოდო შონავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნტვ პლუსის“ საქართველოში შემოსვლა საფრთხის შემცველია, რადგან იგი ფინანსურად ძალზე მძლავრი ჰოლდინგია. მართალია, გასართობი კონტენტი აქვს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რუსული პროპაგანდა სწორედ გასართობ კონტენტში გულისხმობს ისეთი შინაარსის ჩადებას, რომელიც ტელემაყურებლის ქვეცნობიერზე მოქმედებს.

„ძალიან რთულია, ინტერნეტის ეპოქაში ვინმეს დავუშალოთ ამ არხის ყურება, რადგან, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ინტერნეტითაც შეუძლია, „ნტვ პლუსის“ გადაცემები ნახოს. თუმცა მე ვისურვებდი, ქართული ტელევიზიები ისე მომძლავრდნენ, რომ საკუთარი მედიაპროდუქტის ხარისხით აჯობონ იმ რუსულ არხებს, რომლებიც დღეს საკაბელო ტელევიზიების თითქმის ყველა პაკეტშია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ის მაყურებელიც, რომლისთვისაც რუსულენოვანი გადაცემები უფრო მისაღებია, აუცილებელია, ქართულ ტელესივრცეშიც გაჩნდეს ასეთი ტიპის არხები. რამდენადაც ვიცი, არის ამის მცდელობა, „ტოკ ტვ“ რუსულენოვანი არხია და ევროპულმა სტრუქტურებმა ყველანაირად უნდა შეუწყონ ხელი, ფინანსურადაც, გრანტების თვალსაზრისითაც, რომ ასეთი ტიპის არხი გაჩნდეს საქართველოში. ეს იქნება ღირსეული პასუხი იმ პროპაგანდაზე, რომელიც ჩრდილოეთიდან ნამდვილად ვრცელდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა დოდო შონავამ.

რუსული არხის საქართველოში შემოსვლას საშიშ ფაქტად მიიჩნევს მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ რუსებმა ძალიან კარგად იციან, როგორ აკეთონ ტელეპროდუქცია და მართლაც მაღალი ხარისხით აწვდიან პროდუქციას მაყურებელს. სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზიები ვერაფერს შესთავაზებენ მოსახლეობას. ამიტომ, თუკი ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა პლატფორმები, მიდგომები, თუ როგორ უნდა გაფილტრონ რუსული პროპაგანდა და რა უნდა დაუპირისპირდეს ამას, მაშინ საფრთხე ნამდვილად არსებობს.

„ჩვენი ტელევიზიები ისე მიშვებულია, მე არც ვუყურებ ჩვენს არხებს. რუსებმა კარგად იციან, როგორც გასართობი, ისე საინფორმაციო და ინტელექტუალური პროდუქციის დადება, რასაც ჩვენ რთულად გავუწევთ წინააღმდეგობას ჩვენივე ტელევიზიების ინტელექტუალური, ტექნიკური და სხვა ტიპის რესურსებით. აქედან გამომდინარე, საფრთხე არსებობს, მით უმეტეს, რომ ვიცით, გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ვერც ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“, -აღნიშნა ლელა კურდღელაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, თუ რას აკეთებს ფინანსურად მძლავრი დასავლეთი რუსული პროპაგანდის შესამცირებლად საქართველოში, განმარტა, „დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს? დასავლეთი ათასგვარი პროგრამით გვეხმარება, ევროპა არ არის ის ფენომენი, რომ მოვიდეს და რამე გაიძულოს. ჩვენ თვითონ ვეუბნებით, მიგვიღე ევროკავშირში, გვინდა ვიყოთ შენი წევრი და ისიც გვეხმარება, რომ მეტ-ნაკლებად აგვწიოს თავის დონეზე“.

ლელა კურდღელაშვილის აზრით, ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი, რომელიც ყურებადი გახდება. თორემ მიშას დროსაც იყო „პირველი კავკასიური“, რომელსაც არავინ უყურებდა. ამიტომ ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ ეს გამოწვევა რუსულენოვანი მოსახლეობის დასახმარებლად.

„ნინოწმინდა და მისი მახლობელი სოფლები ჩემი ფეხით მაქვს მოვლილი და პირადად მოვისმინე, იქაური ხალხი როგორ იხვეწებოდა, ქართულის შესწავლა გვინდაო. ინტეგრაციის პროექტები გასაძლიერებელია. მათ სჭირდებათ კარგი ქართული არხი, რომელიც უშუალოდ იმ სეგმენტზე იმუშავებს. ის ხალხი ფულს იხდის იმაში, რომ ქართული ისწავლოს. ორი წლის წინ ნინოწმინდაში რომ ვიყავი, გამიჩნდა იდეა, იქნებ, საერთოდ გაკვეთილები გავაკეთოთ ამ ხალხისთვის ტელევიზიებმა-მეთქი, მაგრამ არ მოხერხდა. თუ ძალიან გვინდა, პირველ ეტაპზე იმ ხალხს ნაწილობრივ რუსული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ნელ-ნელა გადავიყვანოთ იქითკენ, რომ ქართული ისწავლონ. იმ ხალხს საქართველოში დარჩენა და მუშაობა სურს და არა სადღაც გაქცევა“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც ქვეყანაში გყავს მერყევი საზოგადოება, ამ საზოგადოების სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მსოფლმხედველობის განმტკიცებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და არა იმაზე, საქართველოში არც ერთი არხი არ შემოუშვას. ეს იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა და, რასაც რადიოგადაცემების ჩახშობას ვუწოდებდით. სულ ბოლოს „ამერიკის ხმა“ და „თავისუფალი ევროპა“ ჩაახშეს.

„იმ პერიოდში გავიზარდე და დილიდან საღამომდე ვცდილობდით, ამ ჩახშობის ფონზე ორიოდე სიტყვა დაგვეჭირა და ორი ფრაზა გაგვეგო. თუ პროპარაგანდაა, შენც კონტრპროპაგანდა უნდა აამუშაო, მაგრამ პროპაგანდა კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც ეს თესლი ნოყიერ ადგილას ეცემა. თუ ჩამოვიდა რუსი და თქვა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ფასები მატულობს, უმუშევრობაა, ცხადია, ამას ყველა დაიჯერებს, რადგან ხალხი თვითონვე ხედავს, რომ ცხოვრება რთულდება. ახლა ვის დაუჯერებენ, ჩვენს ეკონომიკის მინისტრს, რომ თურმე ლამის 20%-ით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა და ყველა მაძღარია, თუ იმას, რასაც ყოველდღიურად ხედავენ ბაზარში?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე და მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ნტვ პლუსი“ ვისი დაფინანსებულია.

მთავარი ის არის, რომ შენი ცხოვრების დონით მიაღწიო ნორმალურ პირობებს. როდესაც ადამიანი კარგად ცხოვრობს, ვერანაირი პროპაგანდა ვერ დააჯერებს, რომ ცუდად ცხოვრობს და, პირიქით, თუ ხალხი ცუდად ცხოვრობს, იმას ვერავინ დააჯერებს, რომ თურმე კარგად ცხოვრობს. თორემ ასე სააკაშვილის დროსაც იყო რუსული არხი, -„პირველი კავკასიური“, მაგრამ მან არანაირი ეფექტი არ მოგვცა.