„ტრამპის ტონალობის შეცვლა, ისევე როგორც რუსეთის, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა მოლაპარაკება შედგა“

„ტრამპის ტონალობის შეცვლა, ისევე როგორც რუსეთის, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა მოლაპარაკება შედგა“

დონალდ ტრამპი სირიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა, რომ ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის ქმედებაზე გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. ტრამპმა რუსეთი უკვე გააფრთხილა, მოემზადოს აშშ-ის მხრიდან სირიაზე სარაკეტო დარტყმებისთვის. მსოფლიო ახლა იმის მოლოდინშია, როგორ განვითარდება პროცესები სირიის ფრონტზე. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ ტრამპს თავისი სიტყვის შესრულება მოუწიოს და სიმბოლური დაბომბვა მაინც განახორციელოს.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

მოემზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოდიან, სასიამოვნოები, ახლები და ჭკვიანები! თქვენ არ უნდა იყოთ პარტნიორები მკვლელი ცხოველის, ვინც კლავს თავის ხალხს და ამით სიამოვნებას იღებს“, - დონალდ ტრამპის ამ სტატუსის შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთის ტონალობა შეიცავალა. როგორ ფიქრობთ, გამწვავებული სანქციების ფონზე როგორი იქნება პუტინის მმართველობა და რუსეთის მომავალი, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს?

ხათუნა ლაგაზიძე: დონალდ ტრმაპს ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ტვიტერის საკუთარ გვერდზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აქვს გაკეთებული. ჯერ გააკეთა ის ცნობილი განცხადება - „რუსებო მოფრინავენ ჩვენი ჭკვიანი, თანამედროვე და მშვენიერი რაკეტები“; ამას მოჰყვა საინტერესო დიალოგი - ტვიტერული გადაძახილ-გადმოძახილი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება: „ჩვენ ტვიტერის დიპლომატიას არ ვცნობთო“, რუსეთისთვის უჩვეულოდ ჩამცხრალი ტონი იყო. შემდეგ იყო კიდევ ერთი სტატუსი ტრამპის მხრიდან, სადაც ის წერს: „მსოფლიო ძალიან მძიმე ფაზაში შედის და ხომ არ გვეფიქრა გამალებული შეიარაღების შეჩერებაზე“.

ორი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი სტატუსი იყო დროის ძალიან მოკლე პერიოდში. ამას წინ უძღოდა პუტინის ასევე მშვიდობიანი განცხადება, რაც მისი ბოლოდროინდელი რიტორიკისთვის სრულიად უჩვეულოა. პუტინი ამბობს: „მსოფლიო ისეთ ფაზაში შედის, საიდანაც გამოსვლის გამოსავალი არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ პროცესები დაუბრუნდება მშვიდობიან კალაპოტს და დამყარდება მსოფლიო სტაბილურობა“.

ძალიან რთულია რამის ვარაუდი, მაგრამ ტრამპის ტონალობის შეცვლა, ისევე როგორც რუსეთის, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა მოლაპარაკება შედგა, რადგან დაძაბულობამ პიკს მიაღწია. იმის იქეთ უკვე ფართომასშტაბიანი ომის სუნი იდგა ჰაერში. თუმცა, არ არის გამორცხული, რომ ტრამპს თავისი სიტყვის შესრულება მოუწიოს და სიმბოლური დაბომბვა მაინც განახორციელოს. თითქოსდა რჩება შთაბეჭდილება, რომ მხარეები მზად არიან ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან.

ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან ეს შემხვედრი ნაბიჯი?

- ალბათ, ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, სირიის გაყოფა. თუმცა, დღეს ამაზე საუბარი ძალიან ბევრ „თუ“-სთან არის დაკავშირებული. ძალიან ცხელია ეს ყველაფრი. ახლა რომც მოხდეს დეესკალაცია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი 6 წელი არ იქნება ძალიან მძიმე და ასეთი კრიზისებით დატვირთული, ვინაიდან პუტინის ბოლო საპრეზიდენტო ვადაა. უკვე მიდის მუშაობა რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებაზე. ეძებენ გზებს, რომ ფორმალურად მაინც შეინარჩუნონ მართული დემოკრატიის კონტურები და ვლადიმერ პუტინს შიგნით ხელისუფლებაში მოუნახონ სიმბოლურად დარჩენის ფორმატი. ეს ჯერ პროცესია. რეალურად პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი 6 წლის განმავლობაში შეძლოს საკუთარი გარემოცვის შენარჩუნება და ისე გაძლიერება, რომ 2024 წლიდან ქვეყანა საკუთარ გარემოცვას დაუტოვოს, ეს არის მისი ამოცანა.

რადიკალურად განსხვავებულია აშშ-ის ამოცანა, თორემ ევროპა რუსეთთან ენერგეტიკული ინტერესებით არის მიბმული, რაც რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ელემენეტია. აშშ-ს კი, საერთოდ, სხვა ამოცანა აქვს, ცდილობს დაასუსტოს პუტინი და რაც მთავარია - მისი გარემოცვა უახლოესი 6 წლის განმავლობაში, პარალელურად, ახალი სეგმენტები გააჩინოს რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრში, რომელსაც დაეყრდნობა. აშშ შეეცდება ჩამოაყალიბოს ოპოზიცია, რომელიც 2024 წელს ჩაანაცვლებს პუტინის გუნდს და რომელიც იქნება უფრო ლოიალური.

მოგეხსენებთან, გერმანია და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ და მხარს დაუჭერენ რუსეთის მიმართ სანქციებს. რუსეთის წინააღმდეგ გაძლიერებული სანქციები გამოღებს იმ შედეგს, რომ თვითონ რუსული ელიტა დაუპირისპირდეს პუტინს და პუტინის მმართველობას მთლიანად?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. სხვათა შორის, ბევრი ასე სვამს საკითხს - კი ბატონო, დაკარგეს რაღაცა მილიარდები, მაგრამ პუტინი გაცილებით უფრო საშიშია მათთვის, ვიდრე დაკარგული მილიარდები. რეალურად, ამ სანქციების სამიზნე ხომ 2024 წელია. ანუ, 2024 წლისთვის სიტუაცია იმგვარად უნდა შეამზადონ, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს პუტინის ჩანაცვლებას. ამ მხრივ კი, ეს სანქციები არის ზედგამოჭრილი, ვინაიდნ ვინ თუ არა ამ რუსმა ოლიგარქატმა დააფინანსოს, წაახალისოს, ხელი შეუწყოს და ჩამოაყალიბოს ახალი ოპოზიცია. სწორედ მათი ხელით უნდა ამერიკას ამ საქმის გაკეთება.

პუტინი ნამდვილად არ არის ბრიყვი. ამას ყველაფერს გადასარევად ხვდება, მაგრამ ისევ რომ სირიის საკითხს დავუბრუნდეთ, თეორიულად, რა გარიგებსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ეს იქნება ლოკალური გარიგება სირიის თემაზე და ამ გარიგების ობიექტი არ იქნება არც უკრაინა და მით უმეტეს საქართველო. არ იქნება არც იმის გარანტიები, რომ პუტინი მომავალი 6 წლის განმავლობაში მშვიდად შეძლებს საკუთარი პოზიცების გამყარებას. მე ამას გამოვრიცხავ.

ანუ, თუ საბოლოოდ მაინც შეთანხმდნენ მშვიდობიან სცენარზე, ასეთ შემთხვევაში, პუტინი იძულებული გახდებოდა წასულიყო დათმობაზე?

- რა თქმა უნდა, და ეს ბოლო ფრაგმენტული გადაძახილ-გადმოძახილი თითქოს ამ მშვიდობიანობის იმედს სახავს. თორემ, სხვაგვარად ეს ფართომასშტაბიანი ომი საქართველოსთვის შეიძლებოდა კატასტროფით შემოტრიალებულიყო. იმიტომ, რომ ერთი მხრივ თურქეთის გაუცხოების ფონზე აშშ-ისთვის საქართველო სულ უფრო წონიანი პარტნიორი ხდება. მეორე მხრივ საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა რუსეთის გარემოცვაში, რომელსაც შეუძლია დაარტყას სირიაში წაგების საპასუხოდ. პუტინს სახის გადასარჩენად რაღაცა შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად მოუწევდა და ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად, იოლად ხელწამოსაკრავი შეიძლება გამხდარიყო საქართველო.

თუმცა, არც ის გამოვრიცხოთ, რომ თუნდაც ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთს უკვე ვეღარ მოეცალა საქართველოსთვის. მე აპოკალიფსური სცენარის მომხრე ნაკლებად ვარ, თუმცა, ყველა შესაძლო ვერსია ქვეყნის შესაბამის სამასახურებს უნდა ჰქონდეთ გათვლილი. ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ქვეყანას უნდა ჰქონდეს სიტუაციიდან გამოსვლის სცენარები. ვნახოთ, დღევანდელი და ხვალინდელი დღე გასცემს პასუხს, გადავრჩით თუ არა ფართომასშტაბიან ესკალაციას.

ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის პარალელურად, ომის წინაპირობებზე მიდის ლაპარაკი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რუსეთი 100 მილიონი დოლარის შეიარაღებას აძლევს სომხეთს, ამავე დროს, რუსეთი აზერბაიჯანის პარტნიორი ქვეყანაა. თუ რუსეთი სომხეთს დაუჭერს მხარს და აზერბიჯანთან გაამწვავებს ურთიერთობას, მაშინ თურქეთის პოზიცია როგორი იქნება? აზერბაიჯანს და თურქეთს ერთი ინტერესი აქვთ?

- რა თქმა უნდა. დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, რომ ცალკე აღებული ვერც ერთ კონფლიქტს ვერ განვიხილავთ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს. თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ აქ რეგიონის უმსხვილესი სახელმწიფოს ინტერესებია ჩარეული. სომხეთის უკან პირდაპირ რუსეთი დგას, აზერბაიჯანის უკან თურქეთი. თუმცა, რუსეთი ლამის, თანაბრად აიარაღებს სომხეთს და აზერბაიჯანს. ბოლო პერიოდში რუსეთმა აქტიურად დაიწყო აზერბაიჯანის შეიარაღება, რამაც სომხეთის გაღიზიანება გამოიწვია და ოფიციალური პირების დონეზე განცხადებებიც კეთდებოდა, ვგულისხმობ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ჩვენ ნატოსკენ უნდა გავიხედოთო. ბრიუსელში შეხვედრებს აწყობდა და ამბობდა, რომ დროა, ჩვენ რუსული სივრციდან გამოვიდეთო. აშკარად გაღიზიანებული იყო სომხეთი ამით.

რეალურად, თურქეთ-რუსეთის დაახლოების ფონზე ძნელად წარმოსადგენია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს თურქეთის კონფრონტაციას, ამისთვის დღეს არც ერთი მხარე მზად არ არის. რუსეთი არ დართავს ნებას სომხეთს ჩაერიოს ფართომასშტაბიან კონფლიქტში, ისევე როგორც აზერბაიჯანს. დღეს აზერბაიჯანი თანაბრად არის მიბმული რუსეთზე. წლების წინ ალიევმა ამერიკელები დაადანაშაულა იმაში, რომ ამერიკელები ამზადებნენ ოპოზიციას ალიევის ჩასანაცვლებად. ამის შემდეგ ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთოები და დღეს მივიღეთ რეალობა, როცა აზერბაიჯანი წმინდა წყლის აღმოსავლურ დიპლომატიას ეწევა, მისთვის არც ერთი მხარე არ არის მიუღებელი, არც ამერიკა, არც რუსეთი და ცდილობს ორივე კარში მომგებიანად ითამაშოს.

აქიდან გამომდინარე დღევანდელი სტატუს-კვოს გათვალისწინებით, არც რუსეთი და არც თურქეთი თავის პატრონაჟის ქვეშ მყოფ ქვეყნებს - აზერბაიჯანს და სომხეთს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღების უფლებას არ დართავს. მაგრამ, თუკი გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ და ეს არის სირიის ომი, ამ დროს რა მოხდება და ვინ რითი ისარგებლებს, ვინ რა პროვოკაციაზე წავა, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მასშტაბურ კონფლიქტში ჩაერთო, შეიძლება აზერბაიჯანმა იფიქროს, რომ რუსეთს ახლა ჩვენთვის არ ცხელა და მოდი დავიბრუნოთ წართმეული ტერიტორებიო, მაგრამ დღევანდელი სტატუს-კვოს გათვალისწინებით ფართომასშტაბიან კონფლიქტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამოვრიცხავ.

როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი შეაჩეროს და უკან დაახევინოს რუსეთს?

- თუ ეს გადაძახილ-გადმოძახილი რასაც თვალს ვადევნებთ მართლაც იმის შედეგია, რომ რაღაცაზე მოილაპარაკეს (პუტინის ისეთი დამშვიდებული და აგრესიაგამოცლილი ტონი სწორედ იმას მოწმობს, რომ რაღაცა შეთანხმება შედგა), ასეთ შემთხვევაში ამერიკა არ დაიხევდა უკან. იმიტომ, რომ ამერიკა დღეს არ არის წამგებიან სიტუაციაში და თუ ვინმეა წამგებიან სიტუაციაში, მხოლოდ რუსეთი. შეიძლება რაღაცა ისეთი ტიპის გარიგება შედგა, რამაც რუსეთს უკან დაახევინა სირიის საკითხში. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშე, ეს გარიგება არ იქნებოდა მასშტაბური, იმიტომ, რომ ამერიკა დამარცხებულებთან კაპიტიულაციას არ ეწევა. რუსეთი გამარჯვებული არ არის იმ სანქციების ფონზე, რაც განხორციელდა. რუსეთი მორალურად და ფსიქოლოგიურად წელშია გატეხილი. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სირიასთან დაკავშირებით რაღაცა მოლაპარაკება შედგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დანარჩენ ფრონტზე დასავლეთი არ ეცდება რუსეთი ჩოქბჯენში ჩააყეონს.