Freedom House -ის მორიგ ანგარიშში საქართველოს მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით გაუარესებულია. ანგარიშის თანახმად, საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაშია - აქცენტები დემოკრატიის, თავისუფალი მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაჩვენებლების გაუარესებაზეა გადატანილი.
საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს კრიტიკულად შეხვდნენ ქვეყნის პირველი პირები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომFreedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში არაობიექტურია.
როგორც პრემიერი თვლის, კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ, მაგრამ Freedom House-ის შეფასება აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი.
პარლამენტის თავმჯდომარე Freedom House-ს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს და ირაკლი კობახიძემ ამ თემას სპეციალური ბრიფინგიც კი მიუძღვნა.
პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში, ხოლო არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.
მისივე თქმით, ასევე ანგარიშის მიკერძოებულობაზე მეტყველებს მედიის კუთხით შეფასება, ხოლო ანგარიშის ავტორების შეფასება სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ღიმილის მომგვრელია.
კობახიძე ანგარიშის ამგვარ შინაარსს იმ „ფსევდო ლიბერალურ ძალებს“ აბრალებს, რომლებიც მისი შეფასებით, თანაბრად ებრძვიან საქართველოსა და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. კობახიძის აზრით, ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა.
მისივე თქმით, ანგარიშიდან იკითხება, რომ „ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ“.
კობახიძე თვლის, რომ Fredoom House-ის ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს. ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციის ანგარიშში გაპარულია ფაქტობრივი შეცდომები, მათ შორის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.
„ანგარიშის ავტორები სასამართლო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან საერთოდ არავითარი შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, შემაშფოთებელია ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან, მისივე თქმით, აღნიშნული ფრაზა ხელისუფლების გაკვირვებას იწვევს.
რაც შეეხება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენლის პოზიციას, პრეზიდენტი შენიშვნებს იზიარებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია Freedom house-ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლად, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი.
მისი განმარტებით, Freedom House-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს საქართველოს პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები თვითონ ქვეყნისთვისაც.
„ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და შემდეგ უკვე ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom House-ის ანგარიში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, დიდ ყურადღებას აქცევენ ანგარიშებს, სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას.
„არ ვიტყოდი, რომ Freedom House-ის შეშფოთებას ვიზიარებთ, თუმცა მედია და სასამართლო სისტემა ის სფეროა, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
როგორც უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია აღნიშნავს, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სისტემატურად აქვეყნებენ მსგავს ანგარიშებს, ითვლება, რომ კვალიფიციურები არიან. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, მუხაშავრიას განმარტებით, მათ აქვთ სპეციალური მეთოდოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც გროვდება ინფორმაცია, ხოლო ეს მეთოდოლოდია დღეს და გუშინ არ შექმნილა - ეს არის წლების მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელიც, მეტ-ნაკლებად ობიექტურია და სწორად ასახავს ხოლმე მიმდინარე მოვლენებს.
„ჩვენი პოლიტიკოსების ასე მტკივნეული რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლაც გაუარესებულა მდგომარეობა, რადგან როცა კარგი შეფასებები იყო, მაშინ ხომ ზეიმობდნენ! ასე არ შეიძლება, მსგავსი ანგარიშები მიღებული უნდა იყოს ცნობად და შესაბამისად გაანალიზდეს, რადგან ისინი ეხმარება სახელმწიფოებს, პოლიტიკურ ელიტებს, რომ თუ სადმე ჩავარდნაა, გააუმჯობესოს“,- განმარტავს ლია მუხაშავრია.
რა შეეხება მუხთარლის საქმეს, რომელიც ასევე მოხვდა ანგარიშში და პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა დაიმსახურა, როგორც მუხაშავრია განმარტავს, საუბარი სასამართლოზე კი არა, ზოგადად სამართალდამცავ სისტემაზეა, რადგან დღემდე არ არის პასუხი, როგორ გადაკვეთა საზღვარი ამ ადამიანმა და ასეთი გამოდავებით პარლამენტის თავმჯდომარე ვერ შეცვლის იმას, რაც უკვე წერია საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაში.
რაც შეეხება მედიას, როგორც მუხაშავრია აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც საკმაოდ კრიტიკული იყო Freedom House, უბრალოდ, მაშინ არ იყო ისეთი სკანდალური თემა, როგორიცაა „რუსთავი 2“-ის საქმე. უფლებადამცველი თვლის, რომ მაშინ მართალია, იყო მედიაზე წნეხი, მაგრამ ახლა იგრძნობა, რომ ერთნაირი გახდა მედია, ან ხელისუფლების მაქებარი - ან მაგინებელი - არადა მედია უნდა იყოს ობიექტური.
„გვაქვს ევროსასამართლო განჩინება, რომელმაც შეაჩერა ამ საქმის მსვლელობა, ეს საკმაოდ დიდი სკანდალია, რომელსაც გარკვეული გავლენის მოხდენა შეეძლო, მედიის მდგომარეობის ზოგად შეფასებაზე“, - აღნიშნავს მუხაშავრია.
რაც შეეხება გასული წლების ანგარიშებს, როგორც მუხაშავრია განმარტავს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ტელევიზიების შტურმით აღების ფაქტები და მოვლენები აღწერილი იყო ობიექტურად.
„არ ვფიქრობ, რომ Freedom House თეთრზე ამბობს შავიაო, მათი ანგარიშები წლების მანძილზე გამოცდილი მეთოდოლოგიით იქმნება და თუ ვინმეს არ უნდა აღიარება, მისი პრობლემაა, რომ ვერ ხედავს ცაკლეული მომართულებებით გაუარესებულ მდგომარეობას“ ,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
იურისტი, ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ კრიტიკა არავის სიამოვნებს და გამონაკლისი არც ჩვენი ხელისუფლებაა.
„შეგვიძლია, გავიხსენოთ გასული შეფასებები Freedom House-ისა, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებდა და მაშინდელ შეფასებებს ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ზოგჯერ ვენდობი, ზოგჯერ კი - არა, ასე არ გამოვა. როცა ხელისუფლებაში ხარ, კრიტიკა უნდა აღიქვა ადეკვატურად, რადგან პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს. იქნებ მართლაც გამოსასწორებელია რაღაც? - თუნდაც სასამართლო“!- აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციები კი არა, დღევანდელი მთავრობის მოქმედი წევრები ამბობენ, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმართავია.
„საკითხავია, რა წერია განსხვავებული Freedom House-ის შეფასებაში? - წყაროს ამ შემთხვევაში, სულაც, თავი რომ დავანებოთ, ამერიკის ელჩმაც აღნიშნა ამ პრობლემის შესახებ. ყველა თვლის, რომ სასამართლოში პრობლემაა და არ ღირს ამის გამო ასეთი კაკაფონიის ატეხვა“,- აცხადებს ალაფიშვილი.
რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, რომელსაც აკრიტიკებს პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ალაფიშვილი განმარტავს, თუ შენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის მიუღებელია ვიღაცის თუნდაც არასწორი კრიტიკა, იქ დამთავრებულია დემოკრატიაზე ლაპარაკი და შორი აღარ არის იქამდე, რომ შემდეგ ეს ადამიანები თუ ორგანიზაციები კეთროვანებად შერაცხო, მერე შავრაზმელები მიუსიო და დაამთავრო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
„ხელისუფლების მიღმა მყოფთ, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გვაქვს შეცდომის ან გადაჭარბებული კრიტიკის უფლება და ამაში ვერავინ ჩაერევა. ეს უნდა მიიღონ ფაქტად. ისიც ფაქტად უნდა მიიღონ, რომ ასეთი ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ დადებითსაც ხედავენ და უარყოფითსაც და ამას ამბობენ. როცა ყველაფერზე ტაშს უკრავდნენ ხელისუფლებას, ის დრო დამთავრდა - რუსეთი თავის ტერიტორიაზეც ვერ ახერხებს საბჭოთა კავშირის რეინკარნაციას და 21-ე საუკუნის საქართველოში ამგვარი რიტორიკა მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია“,- მიიჩნევს ლევან ალაფიშვილი.
ალაფიშვილი თვლის, რომ ამგვარ რიტორიკას „ქართული ოცნების“ უმეტესობაც არ მოიწონებს და თუ მოეწონებათ, დემოკრატიისგან ძალიან შორს ვყოფილვართ. ხელისუფლებას კი, ამ კრიტიკულად განწყობილი ოპონენტებისგან განსხვავებით, მოუწევს საერთაშორისო არენაზე უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
„შეიძლებოდა განცხადების გაკეთება, რომ გადაჭარბებულია ეს ანგარიში, მაგრამ ასეთი ისტერიკის ატეხვა ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მმართველ პოლიტიკურ ძალას“, - მიიჩნევს ლევან ალაფიშვილი.