თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც. კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექნება სრული სურათი.
მომხდარი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ და არ საჭიროებს არც ერთი მათგანი სამედიცინო დახმარებას.
„ყველა მათგანმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან არ უნდათ დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
გამომდინარე იქიდან, რომ კამათი სტადიონზე დაიწყო, თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს. შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.
„არავის მოეწონა ის, რაც იმ დღეს მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. ძალიან სამწუხაროა. თბილისი ყოველთვის ტოლერანტულად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტოლერანტული ქალაქია. ის რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები.
მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, ვინც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტში. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო შემწყნარებლობის და ტოლერანტობის მაგალითი და ეს ასეც დარჩება.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად განახორციელებს. მინდა მივესალმო თბილისის მერის, კახა კალაძის წინადადებას, რომ გაიმართოს საფეხბურთო მატჩი, რითაც ეს გაუგებრობა ამოიწურება“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტის პარალელურად, გარკვეული ძალების მხრიდან აქტიურად შეინიშნება ანტიდასავლური განწყობების წახალისება და ამასვე ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. სუს-ის ანგარიშიდან გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. ამავე ანგარიშის თანახმად, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.
სუს არ აკონკრეტებს რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, თუმცა, ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, რთული მისახვედრი არ არის, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და რომ რუსეთი საქართველოდან არ წასულა.
„ის რაც მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე, აქ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ, რადგან აქ არის ორი მხარე. ფაქტია, არსებობს ჯგუფი, რომელიც ცდილობს საქართველოს შეუქმნას არაუსაფრთხო ქვეყნის იმიჯი. ვიღაცა ცდილობს ეს ფაქტი გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ. თუმცაღა არის მეორე უკიდურესობა - ცდილობენ რასიზმის ელემენტები შემოიტანონ და რასიზმობა დაგვაბრალონ. ამიტომ, ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
რუსეთი როგორც იყო საქართველოში, ისე დარჩა, ეს სიახლე არავისთვის არ არის, ოღონდ შეიძლება, შეიცვალა ფორმა. აქ პრობლემა სხვაგვარად არის. ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა ებრძოლოს სახელმწიფომ. არა მარტო განცხადებები გააკეთოს, არამედ შეიმუშაოს მთელი რიგი ღონისძიებები. ხელისუფლებას შეუძლია ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, როგორ იბრძვის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ?“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისი თქმით, საქართველოში დიდი ხანია მიდის დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და როდესაც დასავლური ღირებულებები სექსუალურ უმცირესობებამდე დაჰყავთ, ამ პრობლემისადმი სერიოზული პროპაგანდა არ მიმდინარეობს.
„დასავლეთი მართლმადიდებლობას ებრძვის“ - ეს ნარატივი სულ ტრიალებს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რა ხდება ბულგარეთში, საბერძნეთში სადაც მართლმადიდებელი მოსახლეობა არის. თუ იქ არ მოხდა ამ ღირებულებების წარწყმენდა, რატომ მოხდება საქართველოში?! როდესაც დინებაზეა მიშვებული პროცესები, მოხდება ისეთი რამ, რომელსაც ის სახელმწიფო გამოიყენებს, რომელიც მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. ამ მუდმივობას უნდა დავუპირისპოროთ მუდმივი, გააზრებული და ჩამოყალიბებული პოზიცია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.