„თუ ელიავას ბაზრობა იქ მცხოვრებლებს აწუხებს, თემქაზე გადატანის შემთხვევაში, ადამიანები არ შეწუხდებიან?“

„თუ ელიავას ბაზრობა იქ მცხოვრებლებს აწუხებს, თემქაზე გადატანის შემთხვევაში, ადამიანები არ შეწუხდებიან?“

ელიავას ბაზრობის ცალკეული ტერიტორიების დასაკუთრება 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. „სითი ინსტიტუტის“ რეკომენდაციით კი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ქვიშა, ღორღი, ხრეში, ცემენტი, საბურავები და მანქანების ნაწილები იყიდება, სასურველია, ცენტრალური დასვენების პარკი მოეწყოს. ამდენად, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნება და საზოგადებრივ სივრცედ ფორმირება მოხდება, რაც ელიავაზე მოვაჭრე ადამიანების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

რას ფიქრობენ ელიავას ბაზრობის გადატანის თაობაზე სპეციალისტები?

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასე ხელაღებით ძალიან ძნელია რაიმეს გადაჭრით თქმა, რადგან ელიავას ბაზრობა არის ძალზე მნიშვნელოვანი სავაჭრო სიმძლავრე ქალაქისთვის. ამდენად, თუ დაწვრილებით არ ვიცით, რის საფუძველზე გადაწყვიტეს იმ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობა, საკითხს ისე ვერ შევაფასებთ.

„მე ვხედავ ორივე მხარის მართლზომიერებას. ვხედავ იმის არგუმენტებსაც, რომ იქ დარჩეს სავაჭრო სიმძლავრეები და იმის არგუმენტებსაც, რომ იქ მოეწყოს სარეკრეაციო ზონა, რადგან ეს არის მტკვრის ნაპირას. თუმცა, თუ იქ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, ეს აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ავტომაგისტრალის გაუქმებას, რაც, ასევე, დასასაბუთებელია. ხოლო, თუ მაგისტრალს დატოვებ, იქ პარკის გაკეთებას ფასი მნიშვნელოვნად აკლდება, რადგან ეს გზა მაინც მოჭრის პარკს მდინარე მტკვრისგან და მაშინ დიდი აზრი აღარ ექნება მის მოწყობას. ამდენად, ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხს მოსდევს სატრანსპორტო თემა, ანუ შეიძლება თუ არა ავტომაგისტრალის გაუქმება“, - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე, რომლის აზრითაც, ეს საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს და სასწორის ერთ მხარეს უნდა დაიდოს ის დიდი ეკონომიკური სიმძლავრე, რომელიც ასეთ ბაზრობას მოაქვს ხოლმე და მეორე მხარეს უნდა დაიდოს რეკრეაციული ზონის სიკეთე, რაც ქალაქს ასე აკლია. ეს ყველაფერი ქალაქის მესვეურებმა უნდა აწონ-დაწონონ.

ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გააჩნია, ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს სად გამოუყოფენ სავაჭრო სივრცეს, რა პირობები შეექმნებათ ახალ ადგილზე, სადაც გადაიყვანენ, ტრანსპორტი, მეტრო როგორ მიუდგება ახალ ობიექტებს.

„თუ მოვაჭრეების უფლებებიც დაცული იქნება და მათ სავაჭრო პირობებს საფრთხე არ შეექმნება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ამხელა ტერიტორიის გამოთავისუფლება. ოღონდ აქ მთავარია, ეს ტერიტორია კიდევ ერთხელ არ გადაყიდონ, ისევ ახალი მფლობელი არ გამოუჩნდეს და არ მოხდეს გადათამაშება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გამოყოფენ ტერიტორიას, ისევ მაღლივ კორპუსებს ჩადგამენ და ისევ სულის ჩახუთვა იწყება. სუფთა რეკრეაციულ ზონას, მწვანე ნარგავებს არაფერი სჯობს. თუ ეს ტერიტორია მოხმარდება მცენარეული საფარის ზრდას, მისასალმებელია, მაგრამ გარანტირებული უნდა იყოს, რომ სავაჭროდ გამოსული ხალხი მოტყუებული არ დარჩება“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ ჯიბუტი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „სითი ინსტიტუტის“ პოზიციით, ელიავას ბაზრობა იქ, სადაც დღეს არის, ისეთი სახით აღარ უნდა არსებობდეს და უნდა გადავიდეს თემქაზე. თუმცა მიხეილ ჯიბუტის თვალსაზრისით, თუკი ეს ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარედ მცხოვრებ ხალხს აწუხებს, მაშინ თემქაზე მცხოვრებთ არ შეაწუხებს?!

„ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, ელიავას ბაზრობა თუ არ ვარგა იქ, სადაც დღეს არის, თემქაზე რატომ ივარგებს? თუ ელიავას ბაზრობის ტერიტორია აწუხებს ადამიანებს, თემქაზე ადამიანები არ ცხოვრობენ? როგორც ვიცი, ამ ბაზრობის ნაწილის გადატანას აპირებენ თემქაზე, ნაწილის - დიდუბეში. თანაც, ელიავას ბაზრობა ძალიან პირობითია, იწყება დიდუბის მეტროდან და მთავრდება მუშთაიდის ბაღამდე“, - აღნიშნა მიხეილ ჯიბუტმა.