აფხაზებს „ემბარგო“ გაუუქმეს, ქართული პროდუქტი კი ისევ აკრძალულია

აფხაზებს „ემბარგო“ გაუუქმეს, ქართული პროდუქტი კი ისევ აკრძალულია

რუსეთის ბაზარი აფხაზებისათვის 10 აპრილიდან ისევ გაიხსნება, თუმცა „როსსელხოზნადზორის“ კონტროლის ქვეშ. სამაგიეროდ, ქართული პროდუქციისთვის ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტები კვლავ ჩაკეტილი დარჩება. ამის გამო ოკუპირებულ რეგიონში სურსათი უკვე ძვირდება.

სეპარატისტული რეგიონისთვის დაწესებულმა ემბარგომ 1 კვირაც ვერ გასტანა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი აფაზეთში გამოწვეული დიდი უკმაყოფილება გახდა.

2 აპრილიდან ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შეტანა აეკრძალა. გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო, მიზეზად კი აფხაზეთში ფაროსანას გავრცელების კრიტიკული მასშტაბი დაასახელა.

რუსეთის ამ ნაბიჯის გამო აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება უკმაყოფილებას არ მალავდა. განსაკუთრებით იმის გამო, ფაროსანა მდინარე ენგურის ორივე მხარესაა გავრცელებული, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთს საქართველოსათვის მსგავსი შეზღუდვები არ დაუწესებია. შესაბამისად, „როსსელხოდნადზორის“ ეს გადაწყვეტილება სოხუმში აღიქვეს, როგორც რუსეთის მხრიდან აფხაზეთისათვის ემბარგოს დაწესება და აფხაზეთის დასჯა.

სეპარატისტული მთავრობა პირობას იძლევა, რომ მავნებელთან ბრძოლას გააძლიერებს. ამასთან დაკავშირებით, დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ აღნიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლა აფხაზეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება.

ჯერჯერობით ძალაში რჩება სეპარატისტების შეზღუდვა ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით. ეს პროცესი ოკუპირებულ რეგიონში დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო და აქაც მთავარი მიზეზი ფაროსანაა. დე ფაქტო მთავრობა მავნებელი მწერის ფაქტორს სავაჭრო წნეხისთვის იყენებს.

აფხაზეთში ქართული პროდუქტის აკრძალვამ სურსათი უკვე გააძვირა, ფასებს უკვე საგრძნობლად დაეტყო. გალელების ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში რამდენიმე თეთრით გაძვირდა თითქმის ყველაფერი.

ექსპერტთა კლუბის წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, გალის მოსახლეობას არ აქვს შემოსავალი და სურსათზე დაწესებული აკრძალვა მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„არის მცდელობა, რომ რეგიონში ფაროსანას გავრცელება საქართველოს დააბრალონ. ეს პროცესი დაახლოებით 2-3 კვირაა, გრძელდება და მას წინ უძღოდა გარკვეული პროპაგანდა. ბოლოს, როგორც იქნა, ფაროსანასთან დაკავშირებული სიტუაცია დაგვაბრალეს ჩვენ და ქართულ პროდუქტზე უარი თქვეს. ეს მაშინ, როცა ცნობილია, რომ მავნებელი პირველად სწორედ აფხაზეთში გავრცელდა. დაველოდოთ, რამდენ ხანს იმუშავებს ე.წ. ემბარგო, არა მგონია, დიდხანს გასტანოს. ყველაფერი გაძვირდება და ეს ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ცხადია, ოკუპირებული რეგიონი მთლიანდ დამოკიდებული ხდება რუსეთზე. თუკი ამდენ ხანს რუსულ ძვირ სურსათს ზუგდიდან შეტანილი იაფი ქართული სურსათი აბალანსებდა, ახლა ეს საშუალებაც ისპობა. თურქეთულ და რუსულ საქონელს ასევე დაემატება ჩინური თუ ირანული ნაწარმი, რომელიც აფხაზეთში ისევ და ისევ ჩრდილოეთიდენ შედის და საკმაოდ ძვირია.