რძის პროდუქტები – ფასები მაღლა, ხარისხი დაბლა

რძის პროდუქტები – ფასები მაღლა, ხარისხი დაბლა

[ეკა ბაქრაძე]
მსოფლიოშიც და საქართველოშიც რძის დეფიციტია. პროდუქციის გაძვირება უკვე რეალობად აღიქმება. მანამდე კი კომპანიებმა ხარისხი გააფუჭეს, თუმცა ყველაფერს მაღაზიებსა და მარკეტებს აბრალებენ.

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ეკო-ფუდში”აცხადებენ, რომ ამ დროისათვის საქართველოში რძის საკმარისი რაოდენობაა. “ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ოქტომბრის ბოლომდე არის იმისი შესაძლებლობა, რომ კომპანიის მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდეს და საწარმომ სათანადო რაოდენობის რძე მიიღოს. თუმცა მსოფლიო ბაზარზე კრიზისის გამო რძის ფხვნილის წარმოება მცირდება, რაც თავისთავად პროდუქციის ფასზეც აისახება”, - თქვა “ეკო-ფუდის” მარკეტინგის მენეჯერმა, შალვა ალავიძემ.

დედაქალაქში მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობისმიუხედავად, აჭარაში უკვე შეიქმნა რძის დეფიციტი, რაც არანაირად არ უკავშირდება ტურისტულ სეზონს. აჭარაში მდებარე საწამო “კახაბერში” აცხადებენ, რომ ნატურალურ რძეზე დეფიციტი უკვე შეიქმნა, რის გამოც კომპანიამ რძის ფხვნილის გამოყენება ნაადრევად დაიწყო.

“რძესა და რძისფხვნილზე კრიზისის გამო წარმოება 50%-ით შევამცირეთ. შექმნილიმდგომარეობის გამო ან ფასი უნდა გავეზარდა და, შესაბამისად, კლიენტებს ვკარგავდით, ან წარმოება უნდა შეგვემცირებინა. თუ კი პრობლემები გაგრძელდა, შესაძლია, კომპანიამ მუშაობა გააჩეროს კიდეც. დღეისათვის წარმოებაში 20%-ს რძის ფხვნილს ვიყენებთ და ზამთრის პერიოდში შესაბამისად რძის ფხვნილის მოხმარებაც უნდა გავზარდოთ. ჩვენს პროდუქციაზე არსებული ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ, ამ ეტაპზე არ ვიცით”, - აცხადებენ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ბაზარზე მშრალ რძეზე ფასი თითქმის 100%-ით გაიზარდა და თუ რამდენიმე ხნის წინ რძის ფხვნილი 4 ლარი ღირდა, დღეისათვის კომპანია მას 8 ლარად ყიდულობს.

უახლოეს მომავალში რძეზე ფასის 15%-ით ზრდას ვარაუდობენ კომპანია “ვიმ-ბილ-დან ჯორჯიაში”, რომელიც ბაზარზე “სოფლის ნობათის” სახელწოდებითაა ცნობილი.

“სოფლის ნობათს” დღეისათვის რძის მიღებაზე პრობლემა არ აქვს, თუმცა სექტემბრიდან აუცილებლად შეგვექმნება, რადგანაც, ჯერ ერთი, ზამთარი მოდის და რძის მიწოდებაც მცირდება, რასაც თანკრიზისის გამო გამოწვეული დეფიციტიც ერთვის. “ვვარაუდობთ, რომ სექტებრიდან რძის ფასი 15%-ით გაძვირდება, შესაბამისად, რამდენით მოიმატებს პროდუქციის ღირებულება ჯერ არ ვიცით. ამ ეტაპზე მთლიანად რძეზე ვართ დამოკიდებული და სექტემბრიდან რძის ფხვნილის გამოყენებასაც დავიწყებთ, რომელიც ძვირდება”, - აცხადებენ “ვიმ-ბილ-დან ჯორჯიას” მარკეტინგის სამსახურში.

კომპანიების მიერ გაკეთებულ პროგნოზს ექსპერტებიც ეთანხმებიან, თუმცა რძის პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვან მატებას ნოემბრიდან ვარაუდობენ.

ექსპერტი მეცხოველეობის საკითხებში გიორგი ხატიაშვილი ამბობს, რომ რძის ნაწარმის გაძვირება ნოემბრიდანაა მოსალოდნელი, რადგანაც რძე ნოემბრიდან გაძვირდება.

“დღეისათვის ადგილობრივ ბაზარზე რძის ფასი, უმნიშვნელოდ, 5-10 თეთრით გაიზარდა. მსხვილი კომპანიები ამ დროისათვის საღ რძეზე მუშაობენ და ზამთრის დადგომასთან ერთად რძის ფხვნილის გამოყენება მოუწევთ. რძის ფხვნილის იმპორტი დღეისათვის უკრაინიდან, აშშ-დან, ბელორუსიდან და ჰოლანდიიდან ხორციელდება. 15 დღის წინ მიწოდება და მოთხოვნა დაბალანსებული იყო, თუმცა დღეისათვის მოთხოვნა დიდია და მიწოდება თანდათან დეფიციტური ხდება”, - ამბობს ხატიაშვილი.

ამ ყველაფრის ბრალია თუ კიდევ უფრო დიდი პრობლემებია რძის პროდუქტების წარმოებაში, ცხადია, რომ კომპანიებმა ხარისხი ძალიან დააგდეს. ამა თუ იმ კომპანიის გაფუჭებული რძის პროდუქტი როგორც დიდ, ასევე მცირე ზომის სუპერმარკეტებშიც ჩვეულებრივად იყიდება და ამაზე პასუხს რატომღაც არც მწარმოებელი და არც ამ ობიექტის მფლობელი არ აგებს.

საქმე ეხება ქსელში გასაყიდად გამოტანილ რძის პროდუქტებს, რომელთა ვარგისიანობის ვადა დარღვეული არ არის, თუმცა პროდუქტი უვარგისია. პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სავაჭრო ქსელში შეძენილი “სანტეს” არაჟანი და “ეკო-ფუდის” იოგურტი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა. პროდუქტი ან ამჟავებული, ანაც ობმოკიდებული იყო. კომპანიებში გაფუჭებული პროდუქტის სარეალიზაციოდ გამოტანას კატეგორიულად უარყოფენ და თითს იმ ობიექტებისკენ იშვირენ, სადაც მათი ნაწარმი იყიდება. მაღაზიის მფლობელები კი, რასაკვირველია, თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ამ ლოგიკის მიხედვით, გამოდის, რომ დამნაშავე თავად მომხმარებელი ყოფილა.