"აქ აქცენტი იყო არა საბიბლიოთეკო მუშაობაზე, არამედ ფართებით დაინტერესებაზე"

რატომაა ჩვენი საზოგადეობის უმრავლესობა აგრესიული? ქვეყანა ღარიბი? ადამიანების უმეტესობა კი უბედური? - არსებობს აზრი, „განათლების გარეშე ადამიანები უხეშები, ღარიბები და უბედურები არიან“ და იქნებ ამიტომაც?

ვიღაცისთვის უმნიშვნელო, თუმცა ზოგისთვის უდიდეს პრობლემად ქცეული ბიბლიოთეკების დახურვის თემა კვლავაც აქტუალურია... ბიბლიოთეკებში მიზერულ ხელფასზე მომუშავე თანამშრომლებს შესაძლოა, ეს მიზერულიც სანატრელი გაუხდეთ.

თბილისში სულ 36 ბიბლიოთეკაა, სადაც 360 თანამშრომელი თითქმის ყოველდღე ცდილობს მკითხველის მოთხოვნები დააკმაყოფილოს - თითოეული ბიბლიოთეკა წელიწადში დაახლოებით 2000 -მდე მკითხველს ემსახურება და თანამშრომელთა ხელფასი მაქსიმუმ 250-300 ლარია.

ბიბლიოთეკის თანამშრომლების განცხადებით არსებობს საშიშროება, რომ 36 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 10 დარჩეს, შესაბამისად შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობაც.

თბილისის მე-3 ბიბლიოთეკის დირექტორი, თამარ ცხოვრებაძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიასთან, შეხვედრისას საუბარი იყო ინფრასტრუქტურულად გაუმართავ ბიბლიოთკებზე და თანამშრომელთა გადამზადებასა და ტესტირებაზე.

„საუბარი იყო ინფრასტრუქტურულად გაუმართავ 30 ბიბლიოთეკაზე, თუმცა რომელი დაიხურება ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენი ბიბლიოთეკა თუ გასარემონტებელი და პატარაა, ეს ჩვენი ბრალი არ არის, ჯერ 2009 წელს წაგვართვეს 120 კვ მეტრის შენობა, რომელიც ამ ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა და დაგვრჩა 80 კვადრატული, ახლა გაურკვეველია ამასაც რა ბედი ეწევა.
თუ დადგება საკითხი ამ ბიბლიოთეკის დახურვის, მაშინ დაგვიბრუნონ ძველი ფართი, გაარემონტონ და ის მუნიციპალიტეტი გადაიტანონ სხვაგან, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის ადგილზეა გახსნილი. პრობლემაა თანამშრომელთა გადამზადების საკითხშიც, რადგან თანამშრომელებმა უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და მოსამზადებელად დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამიტომ ვთხოვთ მერიას, რომ დრო გადაწიონ“, - ამბობს თამარ ცხოვრებაძე.

ქალბატონი თამარის თხოვანას მე-19 ბიბლიოთეკის გამგე, ქალბატონი ირინა კენჭაძეც უერთდება და ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საგანი, რომელშიც მათ გამოცდა უნდა ჩააბარონ მათთვის არ არის განკუთვნილი.
„საუბარია IFLA/UNESCO-ს (იფლა/იუნესკო-ს) სახელმძღვანელოს მითითებების შესახებ, სადაც წერია, როგორ უნდა მოეწყოს ბიბლიოთეკები და ა.შ. ეს მათი წასაკითხი უფროა ვიდრე ჩვენი. 20 წელია ვამბობ, რომ ბიბლიოთეკა უნდა გარემონტდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ რეფორმების და ეს უნდა მოხდეს, მაგრამ გეგმაზომიერად და მაქსიმალურად ბიბლიოთეკის თანამშრომლების ჩართულობით.

ამ სიტუაციამ თავიდანვე გააჩინა გონივრული ეჭვები, რომ აქ აქცენტი იყო არა საბიბლიოთეკო მუშაობაზე, არამედ ფართებით დაინტერესებაზე. 36 ბიბლიოთეკა ნამდვილად არ არის ბევრი იმ ქვეყნის დედაქალაქისთვის, სადაც მოსახლეობა 1 500 000-ია“, - აცხადებს ირინა კენჭაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ გამოცდის გადადების პრობლემა არ იქნება, თუმცა მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია ამბობს, რომ 2 თვე და ერთი კვირა სრულიად საკმარისია გამოცდისთვის მოსამზადებლად და უკვე ჩანიშნული 29 აპრილის გამოცდა აღარ გადაიდება.

„29 აპრილს ჩაუტარდებათ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გამოცდა და ვფიქრობ, არც არაფერი იქნება რთული, რადგან ისეთი არაფერია სახელმძღვანელოში რაც მათ არ იციან. რაც შეეხება ფართების მიმართ ინტერესს, პირდაპირ ორ ფაქტს მოგიყვანთ. პირველი – დადიანის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკით ორი ინვესტორია დაინტერესებული და ის არ იყიდება, არამედ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბიბლიოთეკად გაკეთდება და მეორე – ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლება კომერციულად ყველაზე საინტერესო შენობა იყოს, თუმცა არც ის იყიდება, ისევ ბიბლიოთეკა იარსებებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორ და ტოვსტონოგოვის ქუჩაზე არსებულ ბიბლიოთეკებზე შემიძლია გესაუბროთ. დანარჩენი, რომელი და რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება ჯერ არ ვიცით, რადგან კვლევას ველოდებით, რაც 10 რაიონში ჩატარდება და მოსახლეობის სურვილის მიხედვით დავიწყებთ მოქმედებას“, - აღნიშნავს ხუნწარია.

მოსახლეობის სურვილი კი ერთია: „არ დაგვიხუროთ ბიბლიოთეკები“!!!