არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედრის დაბრუნების შემდეგ ჩვენი მოქალაქეები საგონებელში ჩაცვივდნენ. შელახული ეროვნული თავმოყვარეობის აღდგენას ზოგიერთები მდუმარე აქციით ფიქრობენ, ზოგიერთები კი მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებით.
საკუთარი ინიციატივით გამოდის კახა კალაძე. ის ფიქრობს, რომ თბილისში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ და ოკუპაციას შეწირულ ადამიანთა სახელობის პარკი უნდა გაშენდეს. ამ ინიციატივების პარალელურად, საქართველოში სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებაზეც მსჯელობენ. საუბარია რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანაზე.
რამდენად ადეკვატურია ქართული სახელმწიფოს ქმედება არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან მიმართებით, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უკვე მერამდენედ შელახული ეროვნული თავმოყვარეობის აღსადგენად ბრძოლას ვუცხადებთ რუსულ დასახელებებს. რამდენად შეუთავსებელია, რომ საქართველოს დედაქალაქში გვქონდეს მოსკოვის გამზირი მაშინ, როცა რუსეთისგან მიღებულ არაერთ უბედურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, 26-დღიანი დაგვიანებით გადმოგვცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელსაც სხეულის არც ერთი ნაწილი არ დარჩა, ბლაგვი საგნით არ მიეყენებინოთ დაზიანება?
- ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, წამებით მოკლეს ადამიანი. ასეთი რამ ადრეც მომხდარა და ეს პირველი არ არის. 2008 წლის ომის შემდეგაც იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ახლანდელ ტრაგედიას დრამატიზება შემატა ცხედრის გადმოუცემლობამ. ეს იყო ველური აქტი. მონღოლებიც და სპარსელებიც სცემდნენ პატივს მიცვალებული მოწინააღმდეგის ცხედარს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არ იყო კაცური, ვაჟკაცური საქციელი. ეს წვრილმანი, პატარა ადამიანების შურისძიება იყო ცხედარზე, რომ უფრო გაემწარებინათ მშობლები, ახლობლები. ეს არ იყო ცივილიზებული ადამიანის ქცევა, ეს უფრო გამოქვაბულის დონის ადამიანების ქმედებას ჰგავდა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რასაკვირველია, რუსეთის როლი აქ შეიძლება გადამწყვეტიც იყოს, მაგრამ არა მგონია, პუტინს ეთქვა, არჩილ ტატუნაშვილი ჯერ მოკალით და შემდეგ არ გადასცეთ მშობლებსო.
ნაწამები რომ იყო, ზუსტად ამიტომაც არ ჩქარობდნენ ცხედრის გადმოცემას კვალის დაფარვის მიზნით.
- რასაკვირველია, მაგრამ, ამავე დროს, ექსპერტიზის შესახებ იმ ძუნწი ცნობებითაც კი, რომელიც ცხედარს მოაყოლეს, ნათქვამია, რომ წამების კვალი არის, ოღონდ თურმე ეს არ იყო სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. ეს იყო რუსი ექსპერტების დოკუმენტი, რომლითაც რუსები შეეცადნენ, პროფესიონალი ექსპერტების სახე შეენარჩუნებინათ. ცხადია, ვერც ერთი პროფესიონალი ვერ დაწერდა მამალ ტყუილს, რომ თურმე ტატუნაშვილისთვის ხელი არავის უხლია, ნაკაწრიც არ ჰქონია, რა წამება, რის წამება. თუმცა ამ დოკუმენტმა საბაბი მისცა ოსებს, თავი იმართლონ, კი, ტატუნაშვილი ნაცემი იყო, რადგან დაპატიმრების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, მაგრამ სიკვდილის მიზეზი თურმე ეს არ ყოფილა. გარდაცვალება თურმე გულის იშემიურ დაავადებას გამოუწვევია. ოსები იმასაც იტყვიან, განა ასეთი ფაქტები თქვენთან, თბილისში არ ხდება? როცა აპატიმრებენ, ნაცემი არ არის ზოგიერთი ადამიანი? ამოცანაც სწორედ ეს იყო, რომ საბაბი ჰქონოდათ, თითქოს გარდაცვალება გულის დაავადებამ გამოიწვია.
საინტერესოა, თბილისში მცხოვრები ოსები რატომ არ იღებენ ხმას და მომხდარს არ გმობენ? ეს არ არის მათი პრობლემა? არ უნდა ჰქონდეთ ინტერესი ასეთ ვანდალურ ფაქტთა მიმართ, რაც უფრო დიდ უფსკრულს აჩენს ქართველებსა და ოსებს შორის?
- 2008 წლის ომის წინა პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც ქართული სოფლები ღიად იბომბებოდა. მაშინ რა, ჩვენთან მცხოვრები ოსები პროტესტს აცხადებდნენ? პირიქით, შემთხვევები იყო, ფულსაც აგროვებდნენ და იარაღს ყიდულობდნენ იმ ფულით. ჩვენი ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურად ქართველები ვერ გავხადეთ. ეს ეხებათ ოსებსაც, სომხებსაც, აზერბაიჯანელებსაც. თუკი ამერიკაში მცხოვრები მექსიკელი, იტალიელი, დანიელი, შვედი პოლიტიკურად უკვე ამერიკელია, სისხლითა და ხორცით ამერიკის მოქალაქეა, ჩვენ ასეთებად ჩვენი უმცირესობები ვერ ვაქციეთ და ეს ჩვენი ბრალია. ამას ნურავის დავაბრალებთ. ის, რომ თუნდაც აზერბაიჯანელები და სომხები საუკუნეებია ცხოვრობენ საქართველოში და ქართული არ იციან, ესეც ჩვენი ბედოვლათობაა. ვერ მოვახერხეთ მათი ჩართულობა, როგორც ეს ამერიკაშია, სადაც ნებისმიერ თანამდებობაზე ნახავთ მექსიკელიდან დაწყებულს, იტალიელით დამთავრებულს. არ სჭირდება ქართული და რატომ ისწავლის ამ ენას ახალქალაქელი სომეხი? იმავე ჩახალიანმა მხოლოდ ორი სიტყვა იცოდა, „მიშა, წადი თურქეთში“. რამდენ აზერბაიჯანელს ან სომეხს ეცოდინება ლიტერატურული ქართული? ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელს.
„მოსკოვის გამზირის“ დასახელებას უკვე მერამდენედ გამოუცხადეს ბრძოლა. ასევე, აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. იმ ფონზე, როცა პრემიერის ინიციატივა რუსებთან საუბარს გულისხმობს, ასეთი ქმედებებით კიდევ უფრო ხომ არ გავაღიზიანებთ რუსებს?
- რუსებს ამით არ გავაღიზიანებთ, რადგან რუსებს, ბოდიში თქვენთან, დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდიათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, აქ მთავარია, ჩვენ თვითონ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. სახელმწიფოთაშორისი სარჩელი უნდა შევიტანოთ მაშინ, როცა, მინიმუმ, 70%-იანი მოგება გარანტირებული გვაქვს, როცა გვაქვს მყარი მტკიცებულებები. მაშინ საერთაშორისო ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ, რომლებიც იტყვიან, რომ ტატუნაშვილი სწორედ წამებით მოკლეს. ახლახანს ჩვენებმა განაცხადეს, რომ თავში საკონტროლო გასროლის კვალი არ ჩანს. ნასროლი რომ იყოს, მაშინ ცხადი იქნებოდა ყველაფერი, რომ სცემეს, აწამეს და ბოლოს მოკლეს. ეს ჩვენთვის კი ცხადია, მაგრამ შევძლებთ ჩვენი პოზიციების დამტკიცებას? ჯერჯერობით საერთაშორისო სასამართლოებში დავების ცუდი გამოცდილება გვაქვს, რადგან დავების უმეტესობა წაგებული გვაქვს. ამის მაგალითია კეზერაშვილის საქმე და კიდევ სხვა საქმეები.
ახლა არავინ იცის, „სითი-პარკთან“ დაკავშირებით საქმე როგორ დამთავრდება. ღმერთმა ქნას, პატარა დანაკლისით გამოვიდეთ. რაც შეეხება მოსკოვის გამზირს, მე საერთოდ დასახელებებთან ბრძოლის და დასახელებებთან ომის წინააღმდეგი ვარ. ამერიკაში 30 ქალაქს ჰქვია მოსკოვი.
სანქციების მიუხედავადაც არ შეუცვლიათ ეს დასახელება?
- არ შეუცვლიათ. სანქციებმაც არ იმოქმედა ამაზე. მოსკოვი დაერქვა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ და უფრო ადრეც. იმის მერე იყო ცივი ომი, მაგრამ ეს დასახელება არ შეუცვლიათ. სხვათა შორის, პუშკინის ინსტიტუტის დასახელების გადაკეთების წინააღმდეგიც გახლდით. პუშკინმა რა დააშავა? როგორც ვიცი, პუშკინის სკვერსაც უნდათ გადაარქვან სახელი. ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, თუ გაშენდება ცალკე ბაღი, ცალკე სკვერი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის, კარგი იქნება. ჩემი ასაკის ადამიანმა დღეს საერთოდ არ იცის თბილისის ქუჩები. თბილისში გავიზარდე და მაშინდელი სახელები არც ერთ ქუჩას აღარ ჰქვია, ჩემთვის პლეხანოვი კი ისევ პლეხანოვია. თუმცა უფრო მალე ამასაც დაერქმევა სტამბოლის მოედანი და სტამბოლის ქუჩა, ვიდრე აღმაშენებელის გამზირი. თურქმა ტურისტებმა უკვე იციან სტამბოლის მოედანი, ევროპელი ტურისტებიც ამ ადგილს სტამბოლის მოედანს ეძახიან.
არჩილ ტატუნაშვილის საქმიდან გამომდინარე, როგორ გესახებათ შერიგების პროცესი და პრემიერის წერილის შემდეგ რუსეთიდან წამოსული გაურკვეველი იმპულსები? აქვს კი ამ ურთიერთობას პერსპექტივა, როცა ოკუპირებულ ზონაში დღესაც გაიტაცეს ორი ქართველი?
- არასოდეს დამიმალავს ჩემი პოზიცია, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ასეთი, როგორც დღეს არის, ანუ ერთი ნაბიჯით წინ, ერთი ნაბიჯით უკან. პრემიერი წერილს წერს, ეგებ, შევრიგდეთ, ლანძღვა-გინებას თავი დავანებოთ, კონფრონტაციას შევეშვათ და ამ დროს ორიოდე დღის შემდეგ სკრიპალთან დაკავშირებით მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აცხადებს, რომ გმობს რუსეთის ამ საქციელს და ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე სკრიპალების მოწამვლაში. ეს მაშინ, როცა არანაირი მტკიცებულება სკრიპალთან დაკავშირებით ჯერ არ ჩანს. აგერ, ახლა ქვეყნდება ცნობები, რომ თურმე ევროპის რვა ქვეყანაც აწარმოებს გაზს - „ნოვიჩიკს“. რასაკვირველია, დიდი ალბათობით, მეც მჯერა, რომ რუსეთმა ჩაიდინა ეს საქციელი, მაგრამ, რადგან მე მჯერა, ეს ხომ არ არის იურიდიული არგუმენტი?! რუსეთის საქციელიდან გამომდინარე, რუსეთის დადანაშაულება სკრიპალების საქმეში ლოგიკურია; თავის მხრივ, ლოგიკური დასკვნა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელადაც კარგია, მით უმეტეს, ევროპულ სასამართლოში, სადაც ჩვენი მოსამართლეები ჯერჯერობით ძალზე ცოტანი არიან. მადლობა ღმერთს, ერთია მხოლოდ ჯერჯერობით ნორმალური ადამიანი, მაგრამ ეს ყველაფერი რამეს უშველის? ამიტომ ემოციურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევა. თორემ პარკს ან სკოლას დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. ეს ბევრად უკეთესია, რადგან სკოლაში ბავშვები იზრდებიან და ახალგაზრდა თაობას მუდამ ეხსომება, ვისი სახელიც ჰქვია მათ სკოლას.