არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოფელ წილკანში, სადაც ტატუნაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. უწმინდესმა ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.
ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. ტატუნაშვილის სახლთან იმყოფება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. სახლთან ასევე აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
„ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პანაშვიდის დასრულების შემდეგ.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის საკითხი და რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ეს იყო მთავარი საკითხი რაზეც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს.
ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ევროსაბჭოს ელჩებს მკაცრი დ მტკიცე შეფასების გაკეთებისაკენ მოუწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებში მუდმივად ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დამნაშავეების დასასჯელად.
„არჩილ ტატუნაშვილი ღირსეულად უნდა მივაბაროთ მიწას, შემდეგ უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რათა დამნაშავე თუ დამნაშავეები დაისაჯონ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, უკვე მოჰყვა გამოხმაურება რუსეთში. დსთ-ს საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა განუცხადა, რომ რუსულ-ქართული პარლამენტთაშორისი ჯგუფის მუშაობა საქართველოში დამოკიდებული იქნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღებაზე.
„ჩვენ მესამე შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ სიტუაციას ამძიმებს ის, რომ საქართველოში გადაწყვიტეს მიიღონ სანქციების სია. „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები გვთხოვდნენ ხელი შეგვეწყო ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის საფლავების მონახულების პროცედურების გამარტივებისთვის, ახლა კი ამის ნაცვლად სანქციების სიის მიღებას აპირებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, რის მიხედვითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას ვადებისა და დროის საკითხზე“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
„ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ უნდა მოხვდნენ არამარტო დანაშაულის ჩამდენი პირები, არამედ ისინიც, ვინც მათ ხელს აფარებდა. დეპუტატის თქმით, როცა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ პარლამენტში მივა, მთავრობას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რას ელიან მისგან.
„განხილვებისას კონკრეტული მაგალითები მოვიყვანეთ, რომ ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რა არის ხელის დაფარება - მაგალითად, ოთხოზორიას შემთხვევაში სიაში უნდა მოხვდნენ არა მხოლოდ კანჯი-ოღლი და მისი თანმხლები პირები, არამედ მარიონეტული და საოკუპაციო სტრუქტურების ის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელნი იყვნენ ამ დანაშაულის დაუშვებლობაზე, ხოლო შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამყარებული, არალეგიტიმური რეჟიმის ფარგლებში ამ პირების დასჯაზე.
მათ შორის, „პროკურორი“, რომელმაც ხელი დააფარა კანჯი-ოღლის, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო სტრუქტურების ხელმძღვანელი, როცა ოთხოზორიას მკვლელობა მოხდა. ყველა ამ პირს უნდა წაეყენოს ბრალი და ამის გაკეთება ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ისინი არ თანამშრომლობენ ქართულ გამოძიებასთან და ამის შემდეგ ისინი ავტომატურად მოხვდებიან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.