„ლპობის პროცესის კატეგორიული ფორმა თუ არ ფიქსირდება, სიკვდილის მიზეზის დადგენა შესაძლებელია“

„ლპობის პროცესის კატეგორიული ფორმა თუ არ ფიქსირდება, სიკვდილის მიზეზის დადგენა შესაძლებელია“

გახდა თუ არა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის დადგომის მიზეზი გულის უკმარისობა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ქართველი ექსპერტებს 2 კვირა აქვთ. დე ფაქტო რეჟიმი ტატუნაშვილის სიკვდილის დადგომის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებდა. რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ამის მიზეზად კიბეზე დაგორებას ასახელებენ.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 22 თებერვალს დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა, ე.წ. სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მათი ინფორმაციით, ტატუნაშვილმა ერთ-ერთ ე.წ. სამართალდამცველს იარაღი წაართვა. დე ფაქტო მხარის ვერსიით, ე.წ. პოლიციის შენობაში სამართალდამცველებსა და ტატუნაშვილს შორის იარაღის წართმევის მიზნით შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც ტატუნაშვილი კიბიდან დაგორდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ცხედრის გადმოცემასთან ერთად, ქართულ მხარეს ექსპერტიზის დასკვნაც გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდიის მწვავე იშემიის დადგომის შემდეგ განუვითარდა. გარდა ამისა, ტატუნაშვილი ცეროზით და მწვავე ჰეპატიტით იყო დაავადებული.

თუმცა ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს და სახელმწიფოს. შესაბამისად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს რამდენიმე საათის განმავლობაში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდებოდა, რომლის დასკვნა დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც გვამის გამოკვლევაში ოჯახის თხოვნით ჩაერთო for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გვამს სხვადასხვა ხასიათის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„დაზიანებები უპირატესად იყო მკვრივი, ბლაგვი საგნით განვითარებული, რაც გამოიხატება სისხლჩაქცევების, ნაჭდევების სახით, ზოგან კანის მთლიანობის დარღვევით. დაზიანებები იყო მთელი სხეულის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოებში, ზურგის, თავის მიდამოში და სხეულის მთელ ზედაპირებზე. ამის მიუხედავად გარდაცვალების მიზეზებზე წინასწარი საუბარი მიზანშეუწონელია, თუმცა, რადგან ბევრი დაზიანებაა, შესაძლოა, წამებას ჰქონოდა ადგილი“, - აცხადებს ირაკლი თოიძე.

ექსპერტი არ აკონკრეტებს აქვს თუ ცხედარს შინაგანი ორგანოები. ამბობს, რომ ყველა კითხვაზე წინასწარ პასუხს ვერ გასცემს და ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნაში დაიწერება. მისი თქმით, გვამზე არსებული დაზიანებები არის სიცოცხლეში განვითარებული, მაგრამ იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება 26 დღიანი დაგვიანებით მოხდა, გამოკვლევისას ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

დამოუკიდებელი ექსპერეტის მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, თუ კონსერვაცია, ანუ ბალზამირება ძალიან მაღალი ხარისხით, ფორმალინით არის გაკეთებული, სადაც მიკროსკოპული კვლევისთვის ინახება შინაგანი ორგანოების ნაწილები, ასეთ შემთხვევაში იდეალური არა, მაგრამ რაღაცა სურათი შეიძლება შეიქმნას. მისივე თქმით, ეს შანსი მცირდება იმ შემთხვევში, თუკი გვამი სამაცივრო დანადგარში იყო.

„გააჩნია რა დონეზე იყო კონსერვაცია ჩატარებული. ანუ, თუ ბალზამირება ძალიან მაღალი ხარისხით, ფორმალინით არის გაკეთებული, მაშინ შეიძლება შინაგანი ორგანოები ნახო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ ნახავ. მაცივარში შენახვისთვისაც ცოტა დიდი დროა, მაგრამ გააჩნია რა ტემპერატურაზე იყო. სამაცივრო დანადგარში თუ კარგად იყო შენახული, ასეთ შემთხვევაშიც რაღაცეებს ნახავ.

თუმცა, ამ პერიოდში შინაგანი ორგანოები ლპობას განიცდის, მაგრამ ლპობა შეიძლება ნაწილობრივი იყოს და არა სრული. წესით ლპობაში უნდა იყოს შინაგანი ორგანოები, რაც მიკროსკოპული კვლევისას აძნელებს პროცესებს. მაგრამ შეიძლება იდეალური კონსერვაცია არის გაკეთებული, არ ვიცი, ამიტომ მიჭირს რაიმეს თქმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილი.

ექსპერტიზის დასკვნას ელოდება დამოუკიდებელი ექსპერტი ალეკო გეჯაძე, რომლის განცხადებით, ფოტომასალის თანახმად, რომელიც ვნახეთ, მაღალი ალბათობით, ლპობითი პროცესი ძალზედ შორს წასული არ უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, ლპობითი პროცესები, რომ შორს ყოფილიყო წასული, მაშინ მიცვალებულს სასახლეთი არ გადმოასვენებდნენ და ცინკში იქნებოდა დალუქული.

„ბუნებრივია, რომ ლპობითი პროცესები დაწყებული იქნება, მაგრამ მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ლპობით პროცესებს ხელი არ შეეშალა ექსპერტების მუშაობაში იმ მხრივ, რომ თუ კატეგორიულად ვერ იმსჯელებენ სიკვდილის მიზეზზე, მაღალი ალბათობით სავარუდო ფორმატში მაინც დადებენ სიკვილის მიზეზს.

ვიმეორებ, თუ არ ფიქსირდება ლპობის პროცესის კატეგორიული ფორმა, მაღალი ალბათობით სიკვდილის მიზეზის დადგენა შესაძლებელია. სიკვდილის მიზეზთან მიმართებაში იგულისხმება - სიკვდილის დადგომა ტრავმამ განაპირობა, თუ მართლა დაავადებით გარდაიცვალა, რასაც ამ შემთხვევაში ოსური მხარე აჟღერებს. ის დაზიანებები, რაც სხეულზე და კიდურებზე ჰქონდა, შესაძლოა თუ არა მიეღო კიბეებზე დაგორების შედეგად, ესეც საექსპერტო კვლევის ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს. გვამის გამოკვლევიდან გამომდინარე ამ საკითხებზეც ექნებათ ექსპერტებს მსჯელობის რესურსი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალეკო გეჯაძემ.