[ნინო მიქიაშვილი]
საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე, ცემა-წამების კონკრეტულ ფაქტებზე, არასათანადო სამედიცინო მკურნალობაზე, დაშინებულ პატიმრებზე და სამართალდამცველი უწყებების მხრიდან არაადეკვატურ ქმედებაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში საუბრობდნენ სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“ შეკრებილი სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი. ამ ღონისძიებას „ობიექტივიც“ ესწრებოდა.
წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ყოველ 26 ივნისს სახალხო დამცველი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ კონფერენციას ერთად მართავენ ხოლმე, მაგრამ რადგან წელს 26 ივნისი კვირა დღე იყო, კონფერენცია სახელწოდებით „მსოფლიო წამების გარეშე“ 1 ივლისს ჩატარდა.
საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე რეაგირება, რომ არ ხდება, მწამებლები დაუსჯელობის სინდრომით, რომ არიან გათამამებულები და ნაცემ-ნაწამებ ხალხს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზებს დაგვიანებით, რომ უტარებენ, ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა, ჩვენი აზრით, დიპლომატებისთვის დამახასიათებელ ენაზე ისაუბრა:
„უაღრესად მნიშვენელოვანია არსებობდეს ქმედითი გამოძიება და დაუყოვნებელი რეაგირება, არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტებზე. ეს უნდა განხორციელდეს დროულად და ასეთი გამოძიებები არსებული სტანდარტების დაცვით უნდა მიდიოდეს. ეს არის ერთადერთი გზა, რაც საშუალებას მოგვცემს მართლმსაჯულება სათანადო დონეზე იყოს და წამების მსხვერპლსაც ჰქონდეს კომპენსაციის მიღების საშუალება, მორალური იქნება ეს, თუ მატერიალური, იმის გამო, რასაც ის დაექვემდებარა. მთავარია არსებობდეს ის განცდა, რომ არავინ რჩება კონტროლის და ანგარიშგების ფარგლებს მიღმა და წესები და სტანდარტები, რომლებიც ქვეყანაში კანონითაა დამკვიდრებული, უნდა იყოს დაცული.
ამის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, გამოძიებების ჩატარება, როდესაც არსებობს გარკვეული სიგნალები. გარდა ამისა, დროულად და სათანადოდ უნდა ტარდებოდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, როდესაც არსებობს გარკვეული მტკიცებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუტები იყოს ღია და თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან“.
როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გვითხრა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შექმნის შემდეგ ციხეთა სისტემა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაიხურა, რასაც იგი უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„იქიდან ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალებაა სახალხო დამცველი და ეროვნული პრევენციული ჯგუფი, რაც არასაკმარისია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იძლევა იმ რეკომენდაციას, რომ მონიტორინგის სისტემა გაფართოვდეს, შიგნით სამოქალაქო პროგრამები შევიდეს. ამ უწყების ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ასეთია - „ამ უწყებას ჩვენ ვხელმძღვანელობთ და შესაბამისად, ყველა პროგრამა ჩვენთან უნდა იყოს შეთანხმებული“. ანუ, იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გრანტს სახელმწიფოს თანხმობაში არ იძლევიან. მისასალმებელია რაღაც სოციალური გეგმები, მშენებლობები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას, ექიმის დამოუკიდებლობის სტატუსის ამაღლებას, ადვოკატის უფლებების პატივისცემას. ამ მიმართულებით გაუგებარი მდგომარეობა გვაქვს.
არასათანადო მოპყრობის, წამების და არაადამანური მოპყრობის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ უამრავ ანგარიშშია ასახული, ისევე, როგორც სახალხო დამცველის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშებში. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აღიქვამს, რომ ეს ანგარიშები დადებითია, მაგრამ რა არის იქ დადებითი, მე ობიექტურად ვერანაირად ვერ აღვიქვამ“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
მისივე თქმით, დღეს ციხეებიდან ობიექტური ინფორმაციის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, ისევე, როგორც პატიმრების ხელმისაწვდომობა სამოქალაქო ექიმის, ადვოკატის მიმართ, პატიმრები წამების ფაქტებთან დაკავშირებით არ ჩივიან - სამართლებრივ განცხადებებს არ აკეთებენ, პროკურატურას არ მიმართავენ, ვინაიდან ხედავენ, რომ დაუცველები არიან, იმიტომ რომ იქ დიდი ინტენსივობით ვერავინ შედის.
„ემპათიას“ ხელმძღვანელის განმარტებით, გასაჩივრების მექანიზმიც კი დარღვეულია - „ადამიანს, რომელსაც ეშინია, გასაგებია, რომ იმ სისტემაში ვერ იჩივლებს. ეს არის სახელმწიფო დანაშაუალი. დღეს 21-ე საუკუნეა და უკან ვერანაირად დავბრუნდებით. მოიძებნება ის მექანიზმებიც, რომელიც ამ კედელს გაარღვევს, რადგან დღეს საქართველო არ არის რკინის ფარდის ქვეშ, იზოლირებული ქვეყანა. შესაბამისად, ამის უკუშედეგი ის იქნება, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სულ უფრო მეტი საჩივარი შევა, მესამე მუხლით, სახელმწიფო სულ უფრო მეტ და მეტ საქმეს წააგებს და პირიქით, ისევ საქართველოს ბიუჯეტი დაზარალდება“.
მარიამ ჯიშკარიანი, როგორც სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“ გამართული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, განმარტავს, 1 ივლისს გამართული კონფერენცია იმას მიეძღვნა, რომ აიკრძალოს საქართველოში არასათანადო მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება და ამ თემის კრიმინალიზაცია მოხდეს - „რაც იმას ნიშნავს, რომ წამება ჩვეულებრივი კრიმინალია და თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ კრიმინალური ქმედებების (და არა ადამიანების) მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს, ასეთ შემთხვევაში არჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს - წამება და არასათანადო მოპყრობა კრიმინალია, რომელსაც ეფექტური, მიუკერძოებელი და სწრაფი გამოძიება სჭირდება, რისი ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს“.
სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუშიც ამბობს, რომ სახელმწიფოს არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური და სწრაფი გამოძიების ვალდებულება აკისრია, რომელიც სამწუხაროდ, არ სრულდება.
გიორგი ტუღუშის თქმით, პროკურატურა ზერელედ ეკიდება დაკავებული და თავისუფლებაშეზღუდული პირების ცემისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს; ხშირ შემთხვევაში, ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებს არა, როგორც წამებისა და დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებებად, არამედ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ან ცემად.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ გამოძიება თითქმის ყოველთვის წყდება პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით და როგორც წესი, დაზარალებული უარყოფს სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებას და ჩვენებას სამართალდამცველთა სასარგებლოდ იძლევა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა კი ისეთ დროს ინიშნება, როცა დაზარალებულს დაზიანებები აღარ აღენიშნება.
გიორგი ტუღუშმა, კონკრეტულ საპატიმროებში ცემა-წამების ფაქტებზეც ისაუბრა:
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო 2010 წლის დასაწყისში, გეგუთის №13 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალებას, რაც მსჯავრდებულთა აზრით, მის მიმართ არასათანადო მოპყრობამ გამოიწვია, პატიმრების მასობრივი შიმშილობა მოჰყვა. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციამ დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმის მიყვანა მიიჩნია საჭიროდ, რომელიც პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში პატიმრებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ საკვების მიღებას აიძულებდა.
„განსაკუთრებით დაუმორჩილებლები“, რომელთაც შიმშილობის ორგანიზება „ედებოდათ ბრალად“, ან რომლებმაც საკვების მიღებაზე უარი განაცხადეს, სცემეს და სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. აქვე აღსანიშნავია 2010 წლის 19 აგვისტოს ქსნის №15 დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში მომხდარი ინცინდენტი, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმმა არაერთი მსჯავრდებული სცემა.
გლდანის საპყრობილეში პატიმრებს სცემენ: „კარცერებში“ და საშხაპეებში საკნის კარზე დაკაკუნებისთვის, ხმამაღლა ლაპარაკისთვის, სხვა საკანში განთავსებულ პატიმართან კონტაქტის დამყარებისთვის“.
ამავე საპყრობილეში მომხდარი წამების ერთ-ერთ უკანასკნელ ფაქტზე სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“ ხმამაღლა არავის უსაუბრია, მაგრამ ხმადაბლა ბევრი ისაუბრეს. პატიმრის მეუღლემ, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ახსნა-განმარტება იქ მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავისი ხელით დაურიგა. არქანიას წამების ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი, რომელმაც ექსვგვერდიანი ახსნა-განმარტება კონფერენციაზე ყოფნისას წაიკითხა.
მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე „ობიექტივმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, 3 ივლისს, ამავე თემაზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავა, სტუდია „ჯიენესის“ ჟურნალისტის, ანა გოჩაშვილის მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მალხაზ არქანია პატიმრებს შორის ერთადერთია, ვინც მასთან მიმართებაში განხორციელებული წამების ირგვლივ, 22 ივნისს დეტალური ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის წარმომადგენელს. 24 ივნისს, პატიმრის დის, ნინო არქანიას თხოვნით, „ობიექტივმა“ მასალაში სათაურით - პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან, ეს ახსნა-განმარტება სრულად დაიბეჭდა.