„ბრიტანეთმა უკვე მეორედ შეარჩინა რუსეთს ასეთი თავხედობა“

„ბრიტანეთმა უკვე მეორედ შეარჩინა რუსეთს ასეთი თავხედობა“

სკრიპალის შემთხვევამ ყველას გაახსენა ლიტვინენკოს გახმაურებული საქმე. ლიტვინენკო ბრიტანეთს 2006-ში ჩაბარდა, თუმცა მალე ის პოლონიუმის იზოტოპით მოწამლეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პუტინ-ლიტვინენკოს შორის პირადი ანტაგონიზმი არსებობდა და პუტინის ადმინისტრაციის წევრებს მისი მოკვლის მოტივი ჰქონდათ. მით უმეტეს, რომ ლიტვინენკო ხმამაღლა აკრიტიკებდა პუტინს და სასიკვდილო სარეცელზეც ადასტურებდა, რომ მისი მკვლელობა სწორედ პუტინმა შეუკვეთა.

რაც შეეხება სკრიპალის შემთხვევას, კრემლი ამ ბრალდებას რუსოფობიურ ველზე უსირცხვილო თამაშად მიიჩნევს. რეალურად, რას უკავშირდება 2005 წლიდან დღემდე მხოლოდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტების საეჭვო ვითარებაში დაღუპვის 14 ფაქტი? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

ფაქტია, ლიტვინენკოს მკვლელობას ბრიტანეთმა წაუყრუა და დასავლეთში ფიქრობენ, ამიტომაც გაბედა რუსეთმა ამავე სცენარით მოქმედება. წაყრუების ასანაზღაურებლად ბრიტანელები ახლა ბადრი პატარკაციშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტის შესწავლასაც იწყებენ. თუმცა საინტერესოა, თუკი ბრიტანეთი რუსეთის ინტერესებს შეეხება, რა შეიცვლება მსოფლიო წესრიგში?

- ბრიტანეთის ბირთვული პოტენციალი რუსეთთან მიმართებით შეუდარებლად მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ბირთვული კლუბის წევრი და მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელიცაა, მაინც ბრიტანეთისთვის რუსეთთან დაპირისპირება სამხედრო კუთხით შეიძლება პრობლემური იყოს. ბუნებრივია, ბრიტანეთი გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა ფინანსური, ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი თავიდან აპირებდა ელჩის გამოწვევას და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას რუსეთთან, ეს არ გააკეთა და მხოლოდ საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი გააძევა. თავის მხრივ, რუსებიც იმუქრებიან, რომ მოსკოვიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ და შესაძლოა, ასეთი სიტუაცია რუსეთ-ბრიტანეთს შორის შენარჩუნდეს.

ანუ ბრიტანეთმა უკვე მეორედ შეარჩინა რუსეთს ასეთი თავხედობა. პირველად ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლის ფაქტი იყო პირდაპირი დემონსტრაციული ქმედება, რაც განახორციელა რუსეთმა, ახლა უკვე მეორედ დემონსტრაციულად დაარტყა რუსეთმა ბრიტანეთს. ამით რუსეთმა აჩვენა, მე შემიძლია ასეთი რამ გაგიკეთო, შენ კი ვერაფერს მიზამ.

BBC-ის ინფორმაციით, 2004 წელს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გაცვლილი სკრიპალი აქტიურ კონსულტაციას უწევდა ბრიტანულ დაზვერვას, ასევე, რუსული დაზვერვის თემატიკაზე ლექციებს კითხულობდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა რომ არ შერჩენოდა, რუსეთი ასეთ ქმედებას აღარ გაბედავდა?

- ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს შემთხვევა იმის გამო მოხდა, რომ რუსეთს ლიტვინენკოს მკვლელობა შერჩა. არ ვიცი, სკრიპალი და მისი ქალიშვილი გადარჩებიან თუ არა, რადგან ე.წ. ქიმიური იარაღი „ნოვიჩოკი“ მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც ძლიერია, როგორც „პოლონიუმი“. თუ სკრიპალი და მისი ქალიშვილი გადარჩებიან, ისინი სიცოცხლის ბოლომდე დაინვალიდებულნი დარჩებიან, სამწუხარო რეალობა ასეთია.

პოლონიუმით მოწამლული ჩაის დალევის შემდეგ ლიტვინენკოს ბოლო წუთები საშინელი იყო.

- ლიტვინენკო მოწამლეს არა ქიმიური იარაღის გამოყენებით, არამედ ე.წ. ჭუჭყიანი ბირთვული რეაგენტის გამოყენებით. პოლონიუმი გამოსხივებას იწვევდა, ეს იყო რადიოლოგიური იარაღი. მასობრივი განადგურების შეიარაღებაში არის შემდეგი კომპონენტები- ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) და რადიოლოგიური კომპონენტი, როგორც ბირთვული იარაღის ერთ-ერთი ვარიანტი. რადიოლოგიური იარაღის გამოყენება მსოფლიო მასშტაბით სიახლე იყო. ახლა კი რუსეთმა ქიმიური იარაღის მეშვეობით განახორციელა სკრიპალზე თავდასხხმა.

ნოვიჩოკიახალი გამოგონებულია?

- „ნოვიჩოკი“ საბჭოთა პერიოდშიც ჰქონდათ. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ქიმიური „ნოვიჩოკის“ სისტემა გამოყენებული იყო 9 აპრილის მიტინგის დროს. ამიტომაცაა, რომ დღემდე 9 აპრილის მონაწილეებს მინიჭებული აქვთ ინვალიდის სტატუსი და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ. არავითარი ჩერიომუხა“,ჩერიომუხას“ ასეთი ეფექტი არ გააჩნია.

9 აპრილსჩერიომუხასგარდა, „სიესისგაზზეც იყო საუბარი.

- ვფიქრობ, ასევე, სავარაუდოდ, „ნოვიჩოკიც“ იყო გამოყენებული. ამიტომაც ედო ამას საიდუმლო გრიფი. მაშინაც გენერალურმა შტაბმა არ გახსნა მისი ფორმულა.

ნოვიჩოკსრა შემადგენლობა აქვს ?

- თუ არ ვცდები, ამას ჰქვია მხუთავი მომწამვლელი გაზი, რომელსაც „ვიექსზე“ დიდი ძალა აქვს.

რუსები თავს იმართლებენ, თითქოს სკრიპალის ლიკვიდაციის მიზეზი არ ჰქონდათ და არაფერში გამოადგებოდათ ეს პიროვნება, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე.

- ეს მხოლოდ დილეტანტებისთვისაა, ვინც არ იცის, ვინ იყო სკრიპალი. მე, როგორც სპეცსამსახურების სპეციალისტმა და ამ დარგის ექსპერტმა, შემიძლია გითხრათ, რომ სკრიპალი არ იყო შემთხვევით პიროვნება. ისიც მიკვირს და ჩემთვის დილემაა, 2010 წელს რუსებმა როგორ გაცვალეს სკრიპალი. როგორც ჩანს, რუსეთს ამერიკაში ჩავარდნილი აგენტურული ქსელის წარმომადგენლების გამოხსნა უფრო აინტერესებდა, ვიდრე სკრიპალის ბედი. იმ პერიოდში 16 ადამიანი გაიცვალა 4 ადამიანში. აქედან სკრიპალი ყველაზე მსხვილი ფიგურა იყო. სკრიპალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის გრუ-ს სამმართველოში მუშაობდა კადრების განყოფილებაში. მან იცოდა, ვინ რა თანამდებობაზე იყო და ვინ რას წარმოადგენდა. როგორც ვიცი, ის მუშაობდა რადიოკოსმოსური ტექნიკური დაზვერვის განხრით. ვფიქრობ, რუსებმა დაადგინეს, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის სპეცსამსახურებთან და სწორედ სკრიპალს შეეძლო გაეყვანა ამერიკელი მიულერის საგამოძიებო ჯგუფი რუსულ კვალზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 13 ადამიანს შორის, რომლებიც ამერიკელებმა პირდაპირ დაადანაშაულეს, რომ ისინი მონაწილეობდნენ კიბერშეტევაში, ჰიბრიდული ომის სისტემაში ამერიკის წინააღმდეგ და 13 ადამიანი გამოავლინეს, მათ შორის, შეიძლება ყოფილიყო სკრიპალიც. აქედან გამომდინარე, სკრიპალი უკვე გახდა შურისძიების რეალური მაგალითი და, როგორც ჩანს, პუტინმა დასავლეთთან სიტუაციის დაძაბვის ფონზე გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ სამაგალითოდ დაესაჯა ეს ადამიანი და დაეფიქსირებინა, რომ მასაც შეუძლია მიაყენოს დარტყმა დასავლეთს. ამით პუტინმა აჩვენა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წამყვან დასავლურ სახელმწიფოებზე შეუძლია მასობრივი განადგურების შეტევა განახორციელოს, არა მარტო ჰიბრიდული ომის კონტექსტში, არამედ მას შეუძლია დაარტყას მასობრივი განადგურების იარაღების კომპონენტებითაც. ანუ ეს იყო გათვლილი გეოპოლიტიკურ დაშინებაზე. მან თქვა, რუსეთმა იცის, სად და როგორ დაარტყას სუსტ წერტილებში დასავლეთს.

ანუ რუსეთის გზავნილი ოპონენტების მიმართ ასეთია, სადაც არ უნდა იყოთ, მოგძებნით და გაგანადგურებთ?

- სკრიპალს რომ იპოვიდნენ, ეს გასაგებიცაა. ამით სხვების დაშინება სურდათ. ამით პუტინმა შიდა ოპოზიციაც დააშინა. ჩვენ ვიცით თქვენი სუსტი წერტილები და ამ სუსტ წერტილებში დაგარტყამთ. ეს იყო რუსეთის მესიჯი დასავლეთისადმი. ნუ გგონიათ, თქვენ ჩვენ დაგვამარცხებთ, ჩვენც შეგვიძლია, რაღაც გაგიკეთოთ თქვენ.

საინტერესოა, რუსეთის ამბიციას არ შელახავს ის ფაქტი, რომ ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა, ასევე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა, რუსეთში ჩასვლაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ზაფხულში აღარ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს რუსეთში? ასევე, გამკაცრდება რუსეთიდან ჩასული კერძო თვითმფრინავებისა და რუს მოქალაქეთა საბაჟო კოტროლი, გაიყინება რუსების სახელმწიფო აქტივები, თუკი ისინი საფრთხეს შეუქმნიან ბრიტანეთის მოქალაქეებს.

- კრემლსაც ზუსტად ეგ უნდა და მიაღწია იმას, რაც უნდოდა. პუტინმა დასავლეთის ხელითვე შეზღუდა რუსი ოლიგარქებისა და მათი თანხების გატანა დასავლეთში. მათ დარტყმა მიაყენა სტრატეგიული გათვლების საფუძველზე. ამით, ფაქტობრივად, დააშინა საკუთარი ოლიგარქები, არ მისცა საშუალება, წავიდნენ დასავლეთში და იქ თავშესაფარი და კარგი ცხოვრება მოიძიონ. ამით ჩაწყვიტა ყოველგვარი კავშირები რუსული ოლიგარქიული და სხვა დაჯგუფებების მხრიდან დასავლეთის მიმართულებით. მეორეც, კრემლი წავიდა იმაზე, რომ, ფაქტობრივად, საბჭოთა საგარეო პოლიტიკის კუთხით საკმაოდ გრძელი კედელი აღმართა. კრემლი დაუბრუნდა საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის დაპირისპირების პრაქტიკულ ფორმატს. როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის აღიმართება სქელი კედელი, დასავლეთს ნაკლებად ექნება იმის საშუალება, ჩაერიოს რუსეთის შიდა საქმეებში. ახლადარჩეული პუტინი კი შეძლებს ავტორიტარული რეჟიმიდან ტოტალიტარული რეჟიმის დონე კიდევ უფრო გაზარდოს.

მოსკოვში ამბობენ, რომ დასავლეთის მიზანია, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან გააძევოს და სწორედ ამიტომ დაიწყო ანტირუსული კამპანია სკრიპალის საქმეზე.

- ესეც შიდა მოხმარებაზე გათვლილი კამპანიაა, მეტი არაფერი.

ბრიტანელი დეპუტატები ახლა ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის გამოძიებასაც ითხოვენ. რაიმე ახალს აღმოაჩენენ ამ საქმეში და ეჭვები ისევ რუსეთისკენ მიემართება?
-პატარაკაციშვილის, ბერეზოვსკისა და სხვათა საიდუმლო მკვლელობების გამოძიება სწორედ ახალ გარემოებათა საფუძველზე სერიოზულად დაიწყება და, სავარაუდოდ, ეჭვებიც რუსეთისკენ იქნება მიმართული. აქ კი გამოჩნდება სააკაშვილის კავშირები კრემლის მესვეურებთან. სააკაშვილი გადაიქცა კრემლის პირდაპირ რუპორად, მან ბრწყინვალედ შეასრულა კრემლის დავალება და უკრაინაში სიტუაცია იმდენად არია, რომ, ფაქტობრივად, დღეს უკვე ნადეჟდა სავჩენკოს დასდეს ბრალი, რომ ისინი აპირებდნენ სერიოზული სამხედრო გადატრიალების მოწყობას უკრაინაში. პუტინი ამას მართლაც აპირებდა და ეს სააკაშვილთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ მან მოამზადა ეს ბაზისი და დიდი როლი ითამაშა უკრაინაში კრემლის პოზიციების გაძლიერების საქმეში.

თუკი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეში გამოჩნდება კრემლის როლი (რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ კრემლის კვალი იქნება), ბუნებრივია, აქაც სააკაშვილის პირდაპირი კავშირი გამოიკვეთება.

სხვაგვარად ფიქრობს სააკაშვილი. იგი თვლის, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლის საჯაროდ მოკვლაც პუტინმა შეძლო, თუმცა მაინც ცოცხალია, რადგან გაუმართლა.

- სააკაშვილის ეს სიტყვები შეგვიძლია გადავაკეთოთ. ის მართლაც ერთადერთი ადამიანია, რომელიც პუტინმა პირადად გადაიბირა თავისი სპეცთამაშების მოწყობისთვის. სააკაშვილი გავლენის აგენტია. მისი ქმედება უკრაინაში და ახლა უკვე პატარკაციშვილის მკვლელობის კვალი კრემლის მიმართულებით ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. ფინეთის პრეზიდენტ კუუსინენის მსგავსად, რომელიც ვითომც დასავლეთის მეგობარი გახლდათ და, სინამდვილეში, პირდაპირ კავშირში იყო ანდროპოვთან და მის ყველა დავალებას ასრულებდა, სააკაშვილიც კრემლის კარგად შენიღბული აგენტი იყო. სააკაშვილი ქართველი კუუსინენია. იგი კრემლის პირდაპირი რუპორი იყო საქართველოსა და უკრაინაში და, როგორც ჩანს, ჰოლანდიაშიც ამავე მისიას შეასრულებს.