პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს 22 ნოემბრის სპეცოპერაციის და თემილან მაჩალიკაშვილის თემა გამოიყენოს ხეობაში ვითარების ასარევად. ექსპერტის თქმით, გარდა ხეობისა, არის სხვა კერებიც, კერძოდ, ქართულ–სომხური ურთიერთბის გამწვავება, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს მთლიანად კავკასიისთვის.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
პრემიერ–მინიტრის 9 მარტის განცხადება, რომელითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, ქვეყნის შიგნით ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა, რადგან თვლიან, რომ ამ განცხადებით თავი დაუხარა რუსეთს. დიპლომატიური კორპუსის შემთხვავევაში კი, ეს იყო სწორი გზავნილი. როგორ ფიქრობთ, პრემიერის განცხადება რუსეთისთვის თავის დახრა იყო?
ვახტანგ ძაბირაძე: ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ რეალური პოლიტიკა და პიარპოლიტიკა. ამ ორი ცნების ერთად არევა ყოველთვის გაუგებარ ვითარებას იწვევს. მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლებამ, თუნდაც იმ განცხადებით, რომელიც გულწრფელად გითხრათ, დიდი პოლიტიკური სიბრძნით არ გამოირჩევა, რაღაცა კარდინალურად შეცვალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. არ არსებობს და არც იქნება ასეთი ვარიანტი. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველანაირი ურთიერთოება გვქონდა რუსეთთან - გვქონდა მკვეთრი დაპირისპირება, აგრესიული რიტორიკა, რბილი რიტორიკაც, მაგრამ ამით არანაირი ცვლილება არ მომხდარა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.
შეგახსენებთ პროცესს, რასაც საქართველოს დსთ-ში შესვლა ჰქვია. მაშინაც რუსეთი სახელმწიფოებრივად გაცილებით სუსტი იყო, მისი პოლიტიკა საკმაოდ მერყევი და ამავე დროს, თავად რუსეთშიც არასტაბილური ვითარება იყო. მაშინდელი უმრავლესობა თვლიდა და ამბობდა, რომ თუ შევალთ დსთ-ში არაფერი მოხდება, გვექნება საშუალება, რომ როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის კონფლიქტები დავარეგულიროთ და ჩვენი ურთიერთობები შევინარჩუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს ნაბიჯი გადაიდგა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მაშინ სახელმწიფოებრივად გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე დღეს, რუსეთი ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა. ყველაზე ხისტი დაპირისპირება ეს იყო 2008 წელი. რაც მივიღეთ ესეც ვიცით. თუ ვინმეს რეალურ პოლიტიკაში უნდა რაიმეს გარკვევა, ან რაიმეს გადაწყვეტა, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ რუსეთი დათმობებეზე არ წამოვიდა მაშინ, როცა ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და შევუერთდით დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს, მაგრამ ვერ მოვაგვარეთ ეს კონფლიქტები. კონფლიქტები ვერ მოგვარდა არა მარტო ჩვენთან, არამედ ვერ მოგვარდა მოლდოვეთში, არ გადაწყდა ყარაბახის კრიზისი. ანუ, რუსეთს სხვა რამე უნდა.
რეალურად რისთვისაც იბრძვის რუსეთი?
- რუსეთის მიზანია საბჭოთა კავშირის ფარგლებში აღადგინოს იმპერია. მშვენირად იციან, რომ დღეს ვარშავის სოციალისტური სისტემის აღდგენა არის შეუძლებელი. დაინახეს, რომ ბალტიის ქვეყნების უკან შემოყვანა სერიოზული ომის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დარჩენილი რესპუბლიკა და მათ შორის საქართველო და უკრაინა, არ გახდნენ რუსეთისგან დამოუკიდებელი. ამიტომ ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს.
ეს არის რეალობა.
პოლიტიკური თვალსაზრისით პრემიერის განცხადება არ იყო მარგალიტი, როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ხელისუფლება ვალდებულია ტექსტი ათასჯერ ჩაასწოროს, გაიაზროს და იფიქროს არა იმაზე, ტექსტში თვითონ რას წერს, არამედ იმაზე როგორ იქნება ეს აღქმული იგივე რუსეთის მხრიდან და როგორ შეიძლება მისი გამოყენება იგივე პროპაგანდისტული თვალსაზრით ჩვენს საწინააღმდეგოდ, რაც მივიღეთ კიდეც.
როდესაც ლაპარაკობ ფრაზას – აფხაზებთან და ოსებთან, რუსეთი თვლის - აფხაზეთთან და ოსეთთან, ხედვათ რა ხდება? ასეთ დეტალში არ უნდა დაუშვა უზუსტობა. ოპოზიცია ამ განცხადებას უკვე იყენებს თავის სასარგებლოდ. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, გეთანხმებით, რომ განცხადება გაკეთდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ოვაციებით და მოწონებით შეხვდენენ, მაგრამ არც კატასროფად აღუქვამს ვინმეს ეს განცხადება.
სად იყო შეცდომა პრემიერის განცხადებაში, თქვენ ფიქრობთ, რომ ხისტი უნდა ყოფილიყო?
- არა. შეიძლება ტექსტი არ ყოფილიყო ხისტი, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო უფრო გაწონასწორებული, აქცენტები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო დასმული. თუნდაც ის ფაქტი - „აფხაზებთან და ოსებთან“ აქ არ არის ლაპარაკი სახელმწიფოებრიობაზე და მათ აღირებაზე, მაგრამ როდესაც იცი, რომ იქეთა მხარე რუსეთია, ეს უნდა დააკონკრეტო. ასეთ ტექსტებს ძალიან ფრთხილად უნდა დამუშვება.
ალბათ ჯობდა, რომ შინაარსობრივადაც ყველა საკითხი ერთმანეთში არ არეულიყო, როგორც კონფლქტების მოგვარება, ისე ქართულ-რუსული ურთიერთობები და ცხედრის გადმოსვნება.
იცით როგორ არის – განცხადება ეხება ყველაფერს, საბოლოო ჯამში ფაქტიურად არაფერს. როდესაც პრემიერი განცხადებას აკეთებს, გათვალისწინებული უნდა იყოს არა ის, რა მინდა და რას ვთავაზობ, არამედ უნდა იფიქრო იმაზე, როგორ შეიძლება ეს ტექსტი წაიკითხოს რუსეთმა და როგორ შეიძლება შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ასე უნდა შეხედო ტექსტს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას ეხება.
რუსეთის საპასუხო განცხადება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი მოლაპარაკების დაწყებისთვის სივრცეს ტოვებს?
- არავითარი ახალი ეტაპი არ დაიწყება და ვერ დაიწყება. არ შეიძლება რუსეთმა რაიმე ახალი ეტაპი დაიწყოს. პრემიერის განცხადება, რომ დარჩა სივრცე, ეს არის დიპლომატიური განცხადება და არაფერი იქეთ. ჩვენ ვდგავართ ასეთი რეალობის წინაშე - ან მივდივართ რუსეთთან დათმობებზე, რაც ნიშნავს არა მარტო ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტას, არამედ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და უარს ვამბობთ დამოუკიდებლობაზე ან ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც აქვს დღევანდელ, გუშინდელ და გუშინწინდელ ხელიუფლებას – რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს და რეალურად ველოდებით მომენტს, როდესაც რეალური გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
თავის დროზე პუტინმა თქვა, რომ ჩვენ მიწები არ გვინადო. მართალია, მას მთლიანად უნდა ეს ტერიტორია. მას უნდა იმპერიის აღდგენა, ეს არის რუსეთის ინტერესში.
რუსეთს საქართველოსთან თანამშრომლობის საკუთარ ხედვა გააჩნია, რაც საქართველოსთვის რადიკალურად მიუღებელია...
- უნდა შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე – რუსეთს ჩვენთან თანამშრომლობა არ უნდა. მისი მიზანია ჩვენ ვიყოთ იმპერიის შემადგენლობაში, როგორც ვიყავით. მაგრამ არსებობს ქართველი ხალხის ნება, რომ იყოს დამოუკიდებელი. შესაბამისად, ყველა ხელისუფლება იძულებულია პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობას გაუწიოს ანგარიში და ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. სხვა შემთხვევაში, უკვე, რჩება სამხედრო ძალა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, იქ სადაც მას შეეძლო პროვოკაციების მეშვეობით გამოეყენებინა ძალა, ეს უკვე გააკეთა და 2008 წელი ეს იყო პროვოცირება. სხვა საკითხია საქართველოს ხელისუფლება უნდა წამოგებულიყო თუ არა ამ პროვოკაციას, მაგრამ რუსეთმა ეს პროვოკაცია გამოიყენა. სხვა ვარიანტი არის ის, რაზედაც ოპოზიცია იჭრის ვენებს, რომ კარასინი აბაშიძის შეხვედრები არ უნდა იყოსო და ა.შ. რაც აბსოლუტური მარაზმია. ამ ფორმატის ფარგლებში წყდება ეკონომიკური საკითხები, მეშვიდე და მეათე კატეგორიის საკითხები, მაგრამ ლაპარაკი მიდის. ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გაცხადებული გვაქვს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, იმის იქით თუ რამის თავი გაქვს, მაშინ იარაღი უნდა აიღო ხელში. მგონია, რომ დღეს ყველა ხვდება რუსეთთან ომი საქართველოსთვის მაინცდამიანც მომგებიანი არ არის.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო მთავარი მოტივი, რატომაც პრემიერმა მიმართა რუსეთს. ამის მიუხედავად რუსეთი უარს ამბობს ცხედრის გადმოცემაზე. ეს არის პროვოცირების ახალი გეგმა საქართველოსთან მიმართებაში და პრემიერის განცხადების სირბილეც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს მიზანი არ არის ახალი კონფლიქტი მის ტერიტორიაზე?
- რუსეთი მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ცდილობდა და დღესაც ცდილობს საქართველოში შექმნას კონფლიქტური კერები. კონფლიქტის კერები ჯერ შექმნა აფხაზეთში და შემდეგ სამაჩაბლოში, ასე გრძელდებოდა 2008 წლამდე, სანამ ეს კონფლიქტები ჩვენთვის ცუდად, მაგრამ მაინც არ დაასრულა. 10 წელია რუსეთი ცდილობს კონფლიქტის ახალი კერები გააჩინოს საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოა.
მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი რუსეთი შეძლებს კი ახალი კონფლიქტის წარმოებას?
– მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად უჭირს და სხვა უამრავი პრობლემები აქვს, ნახეთ რა ხდება სირიაში და როგორია რუსეთის პოლიტიკა არა მარტო საქართველოს, არამედ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, მოახდინა ყირიმის ანექსია, კონფლიქტი დონბასში. რუსეთისთვის მეორეხარისხოვანია ეკონიმიკა, საკუთარი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მისთვის მთავარია აღადგინოს იმპერია და საერთაშორისო ასპარეზზე დაიბრუნოს დომინანტის, ანუ მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია, რასაც სირიაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს.
როგორ ფიქრობთ, ის რაც მოხდა ინგლისში, რუსეთის ხელისუფლების გარეშე შეიძლებოდა ასეთ ნაბიჯზე წასვლა? - რა თქმა უნდა, არა. ეს არ არის მესამე კატეგორიის კაკებეშნიკის გადაწყვეტილება, ეს არის რუსეთის პოლიტიკა. დასაშვებად მიიჩნიეს, რომ თუ განმჟღავდებოდა, არაფერი დიდი არ მოხდებოდა, ასეთ ვითარებაში ლაპარაკი იმაზე, რომ დღევანდელი რუსეთი გლობალურ დათმობებზე წავა, ეს გამორიცხულია.
რუსეთი ეძებს კონფლიქტს. იყო მცდელობა, რომ პანკისის თემა აეგორებინათ და ახლაც მიდის მცდელობა იმისა, რომ პანკისის ხეობაში დაძაბონ სიტუაცია. 22 ნოემბრის სპეცოპერაციის და თემილან მაჩალიკაშვილის თემა გამოიყენონ და ამით ააბუნტონ ხეობა. არის სხვა კერებიც, რომელსაც ჯერჯერობით არ იყენებს და ეს ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად კავკასიისთვის. ვგულისხმობ ქართულ-სომხური ურთიერთობის არევის მცდელობას.
ცხედრის ამდენი ხანი არგადმოცემა სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია. ერთია, რომ ამით ცდილობენ ძალადობის კვალის დამალვას, პარალელურად მოხდეს ქართული საზოგადოების გაღიზიანება. როგორც წესი, ჩვენ ვიწყებთ იქიდან, რომ ყველაფერში დამნაშავე არის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში არ ვფიქრობთ იმაზე, რა შედეგს მოუტანს ეს სახელმწიფოს. ყველა ეტაპზე რუსეთი ჩვენს ემოციებზე თამაშობს და თამაშობს იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ რადიკალური და ემოციური გადაწყვეტილება, რომ ეს ვითარება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და უნდა გვქონდეს პრინციპული პოზიცია. სამწუხაროდ, ამ ორი პრინციპის შეერთება ქართულ პოლიტიკაში დღემდე ვერ მოხდა. აგრესიულის ნაცვლად ჯობია აწარმოო პრინციპული პოლიტიკა.