ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში საქართველოს სახელმა რამდენჯერმე გაიელვა. 14 მარტს საქართველო ორჯერ ახსენეს. პირველად ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატებისას აღნიშნა, რომ ის მუდმივად მოუწოდებს პუტინს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მოგვიანებით ტერეზა მეის რიტორიკა გაიმეორა გაეროში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ჯონათან ალენმა. ბრიტანეთის მოთხოვნით მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ქმედებებზე საუბრისას ალენმა გაიხსენა უკრაინა, ყირიმი და საქართველო და აღნიშნა, რომ რუსეთს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა ისტორიულად ახასიათებს, იქნება ეს მონტენეგროში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, განმეორებითი კიბერშეტევები სხვა სახელმწიფოებში, თუ მცდელობა, რათა გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებზე. საუბარია უკრაინაზე, ყირიმსა და საქართველოზე.
„რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს“, - ასეთია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გევინ უილიამსონის რიტორიკა სკრიპალის საქმესთან მიმართებით.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ბრიტანეთ-რუსეთის დაპირისპირებით რაიმე სახის სარგებელი ვნახოთ, თუ ეს გულუბრყვილო დაიმედებაა?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირებამ რაიმე მყისიერი შედეგი მოგვიტანოს. უბრალოდ, ამ დაპირისპირებიდან ერთი რამ იკვეთება. კერძოდ, მსოფლიო შედის ახალ ფაზაში და ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ რუსეთი იწყებს ქმედებებს არა მარტო ყოფილი რესპუბლიკების წინააღმდეგ, არამედ უკვე გაჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთია ამერიკულ არჩევნებში ჩარევა, რომელზეც იყო საუბარი, მანამდე პრობლემები წარმოიშვა სირიაში, რაც გამოიხატა სირიის კრიზისში რუსების მონაწილეობით ასადის მხარეს. ანუ რუსეთი თანდათან იკავებს იმ არეალს, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის 40 წლის განმავლობაში.
„სულ რაღაც 10-15 წლის წინ შვილი ბუში ამბობდა, რომ მან შეძლო პუტინის სულში ჩახედვა და მის თვალებში დაინახა ადამიანი, რომელსაც ღირსეული ნდობა ჰქონდა. დღეს ვითარება შეცვლილია და ეს რუსეთის ქმედებების კვალდაკვალ ჯამურად მოხდა. 2008-ში საქართველოში რუსეთმა პირველად ღიად გამოიყენა ძალა. ჩვენ გვესმის, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, და უფრო ადრეც, 1988 წლიდან დაწყებული, აფხაზური და ოსური კონფლიქტები სწორედ რუსების ინსპირირებული იყო. ისიც გვესმის, რომ მანამდე იყო ყარაბაღი და შეიარაღებულ ძალებს მაშინაც იყენებდა რუსეთი, ოღონდ ამ ძალებს იყენებდა ფარულად. 2008-ში კი უკვე დაფიქსირდა სამხედრო ძალების მოქმედება, რადგან რუსულმა არმიამ ოფიციალურად დაიწყო შესვლა როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, ანუ რუსეთის არმიამ სწორედ რუსეთის სახელით განახორციელა საომარი მოქმედებები. ამას შემდეგ მოჰყვა ყირიმი და უკრაინის პრობლემები, შემდეგ-სირია.
შემდეგ ლაპარაკი იყო ბერეზოვსკიზე, ლიტვინენკოს მოწამვლაზე სწორედ ინგლისის ტერიტორიაზე. ეს წრე შეიკრა და დღეს უკვე გაეროს უშიშროების საბჭო გახდა არეალი, სადაც რუსეთის საკითხი განიხილება. ეს ნიშნავს, რომ რუსული საფრთხის წინაშე დასავლეთის მობილიზება მიმდინარეობს. არა მარტო ამერიკამ დაუჭირა მხარი ბრიტანეთს, არამედ ევროკავშირმაც, მიუხედავად ბრექსიტისა. ფაქტობრივად, ხდება კოალიციის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ, პირველ რიგში, რუსული აგრესია შეაჩერონ და შემდეგ ალბათ სხვა თანაპროცესებიც დაიწყება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მანვე განმარტა, რომ დიდი ხანია, ცივი ომი დაწყებულია, 2008-მდეც ჩანდა ამის ნიშნები, მაგრამ დღეს უკვე ისეთ ფაზაში შევედით, რომ დასავლეთს ის მექანიზმები მოჰყავს მოქმედებაში, რასაც იყენებდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ. ოღონდ ამჯერად საბჭოთა იმპერიის ნაცვლად რუსული იმპერიაა. აქ საუბარია ეკონომიკურ სანქციებზე, შეზღუდვებზე და ეს პროცესი იქამდე მიგვიყვანს, რომ დაპირისპირება რაღაცნაირად უნდა გადაწყდეს.
ასე რომ, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ საქართველო ამჯერად მაინც სწორად განსაზღვრავს პოლიტიკას, შესაძლოა, ეს სიტუაცია ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და როგორმე მოვწყდეთ რუსულ ორბიტას. ჩვენ უნდა შევძლოთ აქედან ოპტიმალური ფორმატის შემუშავება.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაიმედება იმაზე, ბრიტანეთ-რუსეთის დაპირისპირებით რაიმე კონკრეტული სარგებელი ვნახოთ, უფრო პათოსური საკითხია. ჩვენ გვიყვარს ხოლმე ცალკეული თემატიკის გაზვიადება. მართალია, 1920 წელს ბრიტანეთი ებრძოდა საბჭოთა რუსეთს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც მაშინ ებრძოდა საბჭოთა რუსეთს და ორივეს ერთი მიზანი გვქონდა, მაგრამ მაშინ ბრიტანეთსა და დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა საკმაოდ განსხვავებული იყო. ახლა კი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები ვართ და, თუ ორივეს ერთი მტერი გვყავდა საბჭოთა რუსეთის სახით, დღეს არის ავტორიტარული ნაციონალისტური რუსეთი. ასე რომ, ბრიტანეთის ასეთ დამოკიდებულებას მივესალმებით და ქართველები ვაფასებთ, რომ ბრიტანელები გვერდში გვიდგანან, მაგრამ საეჭვოა, საქართველოს ხშირ-ხშირად ხსენებას ბრიტანელთა მხრიდან რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს.
„ბუნებრივია, ყველა იყენებს საქართველოს, უკრაინის, ყირიმის თემებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთთან დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. რუსეთმა ისეთი რამ ჩაიდინა ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომ ეს არის ქიმიური შეტევის, მასობრივი განადგურების იარაღის ელემენტის გამოყენება. ბრიტანეთი მსოფლიო გავლენის ქვეყანაა, დიდი შვიდეულის წევრია და რუსეთმა ბრიტანეთსაც კი ასეთი რამ გაუბედა. მანამდე რუსეთმა ამერიკა ლამის ამოაგდო პოლიტიკური სტაბილურობის რეჟიმიდან. რუსეთი პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდა, რადგან ჩათვალა, რომ დასავლეთის დიდ სახელმწიფოებთან ცერემონიალს აზრი არ აქვს. პუტინს ჰქონდა იდეა, საბჭოთა კავშირი აღედგინა, აეღორძინებინა და, როგორც ჩანს, პუტინი ამ მისიას, თავისი აზრით, წარმატებით ასრულებს.
საბჭოთა კავშირის დიდების ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო სწორედ დასავლეთთან პირდაპირი კონფრონტაცია, რასაც ახლა რუსეთი თავხედურად ახორციელებს. ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურ თავხედობად შეიძლება შევაფასოთ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.