„დემოგრაფიული ფაქტორი მნიშვნელოვანწილად ნარკოვითარებაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვენელი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა და მიიჩნევს, რომ, თუკი სახელმწიფოს ფინანსური საშუალება აქვს, ნარკოდამოკიდებულ პირს უნდა უმკურნალოს, ხოლო, თუ საამისო თანხები არ არის, მაშინ კანონი უნდა გაამკაცრონ.
ნარკოტიკების რეალიზატორებმა ამერიკის პირველ პირს წონასწორობა დაურღვიეს. ტრამპი ნარკოტიკების გამავრცელებლების სიკვდილით დასჯაზე ალაპარაკდა. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა შესაძლოა, ამ საკითხში მიბაძონ აზიურ ქვეყნებს და ნარკოპოლიტიკის მიმართ კანონი გაამკაცრონ?
- ნარკოტიკების გავრცელებაზე უფრო უმძიმესი ანტიადამიანური დანაშაული არ არსებობს. ამ მხრივ ტრამპს აბსოლუტურად ვეთანხმები. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ნარკოტიკების გამავრცელებლები, სიკვდილით თუ მუდმივი პატიმრობით, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. ექიმი გახლავართ და იურიდიულ საკითხებში ვერ ჩავერევი. თუმცა მახსენდება, რომ რომის პაპმა ნარკოტიკების გავრცელება ყველაზე დიდ ცოდვათა შორის შეიტანა, რომელიც შეიძლება თვითმკვლელობას უტოლდებოდეს. მეშვიდე თუ მერვე ცოდვად შეიტანა. ასე რომ, ნარკოტიკების გამავრცელებლები ყველაფრის ღირსნი არიან.
თანაც, აქ მასობრიობაზეა საუბარი. ტრამპის თქმისა არ იყოს, ტყვიის გასროლას თუ ერთი ადამიანი ეწირება, ნარკოტიკების გამავრცელებლები 2000-3000 კაცს მაინც ღუპავენ.
- 2000-3000 კაცი კიდევ ცოტაა, გაცილებით დიდ მასშტაბზეა საუბარი. დადგენილია, რომ ერთი ადამიანი თუ გავანარკომანეთ, იგი ცხოვრების მანძილზე 8-დან 12 ადამიანს ანარკომანებს, რადგან მას ფული არ აქვს, ახალბედებს ითრევს და მათი ნარკოტიკით სარგებლობს. ეს ცნობილი ფაქტია და საშუალოდ ასეა მთელ მსოფლიოში. ახლა თუ კიდევ ჩავთვლით, ამ ადამიანების ოჯახები რა დღეში ვარდებიან, მათი მშობლები, ან, თუ ჰყავთ, ცოლ-შვილი, ფაქტობრივად, 3 ათასი ადამიანი კი არა, ალბათ, 15 ათასამდე უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც დაღუპულია ამ მოქმედებით.
ფილიპინებსა და სინგაპურში ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართ ნულოვანმა ტოლერანტობამ გაამართლა?
- რასაკვირველია, როდესაც საუბარია დასჯადობის გამართლებაზე, აქ არის ორი ფაქტორი. პირველი, ეს არის დასჯადობის თავიდან აცილების შეუძლებლობა, ე.ი. თუკი დასჯადობის თავიდან აცილება არ შეიძლება, მაშინ ეს ფაქტორი ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯადობის ხარისხი. თუ ქვეყანა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ყველა დამნაშავე ნარკორეალიზატორი დასაჯოს (ეს იქნება 30 წელიწადი, თუ 50 წელიწადი ციხეში ჩასმით), მაშინ დასჯის გარდუვალობა ერთ-ერთი შემაკავებელი ძირითადი ფაქტორი იქნება. ამას ემატება კიდევ დასჯის ხარისხი, თუნდაც როგორც ამერიკაშია, 10 წელიწადიც კი სხედან ციხეში. პატიმრობის წლებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რომ, თუ ის დაიწყებს ნარკოტიკების გასაღებას, აუცილებლად დაისჯება. მით უმეტეს, ეს ბევრად უფრო მძიმეა საქართველოსთვის, სადაც დემოგრაფიული სიმწირეა. ამ თვალსაზრისით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. საქართველოში 50 ათასი ადამიანი ითვლება ინტრავენურ მომხმარებლად. ჩავთვალოთ, რომ მათგან 20 ათასი ოპიოიდების მომხმარებელია. დავუშვათ, რომ ერთი გრამი სჭირდებათ დღეში, იანგარიშეთ, ერთი გრამი 20 ათასზე და მიხვდებით, რამდენი გამოდის ეს წელიწადში, ე.ი. რამდენი ჰეროინი შემოდის და როგორ ძნელია მისი აღმოჩენა და დამნაშავეების დაჭერა. ფაქტობრივად, ცენტნერებზეა საუბარი და კილოგრამებს ძლივს ვიჭერთ წელიწადში. თუმცა მარტო პოლიციას ნუ დავაბრალებთ ამას. მთელი უბედურება ის არის, რომ ქართველი ერი უნდა დაირაზმოს თავის გადასარჩენად. დემოგრაფიული ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენში გარდაცვალების ფაქტებმა გადააჭარბა შობადობას. თავის მხრივ, დემოგრაფიული ფაქტორი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ნარკოვითარებაზე. კერძოდ, ის, ვინც ნარკოტიკებს იღებს, პროდუქციას არ ქმნის. პირიქით, ჩვენი საზოგადოება იძულებულია, მას ფული დაახარჯოს. მნიშვნელობა არ აქვს, დავიჭერთ, ციხეში ჩავსვამთ თუ ვუმკურნალებთ, ეს ყველაფერი ფული ღირს. არის სახელმწიფო პროგრამები, სადაც უფასოდ ვმკურნალობთ ნარკომანს. ე.წ. მეტადონის პროგრამებში დაახლოებით 6 ათასამდე კაცია ჩართული, რომლებიც ყოველდღიურად უფასოდ იღებენ მეტადონს, მათ ექიმები ემსახურება და სხვა. ეს წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ჯდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ ეს ფული თუნდაც მრავალშვილიან ოჯახებზე წასულიყო, იძულებულნი ვართ, ამაზე ვხარჯოთ. მაინც არაფერი ეშველება ამ საქმეს, თუ ყველამ ერთად არ გავიაზრეთ, რომ რაღაც უნდა ვაკეთოთ ამ მიმართულებით. ერის ჯანმრთელობა ერთიანი საკითხია, ერის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ერის არსებობა და ერის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნარკომანიასთან ბრძოლაა.
მეტადონზე დამოკიდებულ პირთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, არ უმჯობესდება. თქვენი აზრით, მეტადონის პროგრამა ამართლებს?
- ამ პროგრამის მიზანია, ნარკომანს მისცეს ნარკოტიკი (ამ შემთხვევაში, მეტადონი) იმისთვის, რომ მან არ იყაჩაღოს და კრიმინალური გზით არ იშოვოს ნარკოტიკი. აქედან რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდება და რამდენი არა, ეს მეორე საკითხია. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ ჰეროინს აძლევენ, არა მარტო მეტადონს, ოღონდ შეგვეშვი, საზოგადოებას ნუ მოუტან ზიანს და, აი, ბატონო, ჰეროინი და რაც გინდა, გააკეთეო.
თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ წინამორბედთა მსგავსად, მომავალი თაობაც არ გახდეს ავადმყოფი და ნარკომოვაჭრეებზე დამოკიდებული?
- სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო არ არის ისე მდიდარი, რომ ის გზა, რომელიც ცნობილია, ჯეროვნად განვლოს. აუცილებელია პრევენცია ბავშვებში, მანდატურები საქმეს ვერ უშველიან, საჭიროა ბავშვების აღზრდა, სწორ გზაზე დაყენება, როგორც კრიმინალის წინააღმდეგ, ისე ნარკოტიკის მიმართულებით. განსაკუთრებით, აუცილებელია ვაჟების თავისუფალი დროის პრობლემის მოგვარება. ეს უდიდესი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ბავშვი სკოლაში სწავლობს, გაკვეთილებს ამზადებს, მას ბევრი თავისუფალი დრო რჩება, რომელიც უნდა მოიხმაროს ისე, რომ სიამოვნებდეს და მისთვის სასარგებლო იყოს. არ ვიცი, ეს სპორტია, თუ დრამწრეა. ათასობით ბავშვი ჩვენთან აბსოლუტურად უსაქმოდაა დატოვებული ქუჩაში. არადა, პრევენცია საჭიროა. ვთქვათ, საწყის ეტაპზე მოზარდმა დაიწყო მოხმარება, აქ საჭიროა სპეციალური ჩარევა, რომ აუხსნა ბავშვს ნარკოტიკის ზიანის შესახებ. დღეს ცნობილია გარკვეული ფსიქიკური პრობლემების შესახებ, ზოგს შფოთვა აქვს, ზოგს- დეპრესია, ზოგს-უსიამოვნება, ზოგს-დასაქმების პრობლემები. ამ ყველაფერზე საჭიროა მუშაობა, რასაც თანხები, საზოგადოებრივი ყურადღება სჭირდება. გარდა ამისა, პოლიციის მუშაობას სწორად უნდა შევხედოთ. სულ რომ ვლანძღავთ პოლიციას, ამით არაფერი გამოვა. მეორე მხრივ, იქ, სადაც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება (ანუ ციხეში აღარ ჩავსვამთ), იქ უნდა იყოს ადმინისტრაციული სახდელები. მაგალითად, ეს სახდელია ჯარიმა. ცხადია, ზოგიერთ ნარკომანს აქვს ფული, ამიტომ ფეხებზე ჰკიდია ჯარიმები. ჯარიმის გარდა, ასევე, გამოყენებული უნდა იყოს შიდა პატიმრობა. ვთქვათ, ერთი თვის განმავლობაში საღამოს 5 საათის შემდეგ ნარკომომხმარებელს არ აქვს უფლება, სახლიდან გავიდეს. უნდა იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, მან უნდა იმუშაოს, ანუ ყოველდღიურად დასაქმებული იყოს. შეიძლება, გამოიყენონ სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც და ამ სამი თვის განმავლობაში ნარკოტიკის მომხმარებელს ნარკოტიკის ყიდვის საშუალება არ ჰქონდეს, პირიქით, ექიმი უნდა ეხმარებოდეს. კიდევ არის ასეთი ვარიანტი, მკურნალობა დასჯის მაგიერ. ზოგიერთ შემთხვევაში, ნარკომანი მართლაც ავადმყოფია. ამიტომ შეიძლება არ ჩავსვათ ციხეში, ოღონდ იმ პირობით, რომ იმკურნალოს. თუკი წესს დაიცავს და წესიერად იმკურნალებს, შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მიიღოს.
ჰიტლერმა ამდენი ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ნარკოპოლიტიკის მიმართ ძალზე მკაცრი იყო. ასევე იყო სტალინიც. თუ ამ ფაქტებს გავიზიარებთ, მაშინ კანონის გამკაცრება გამართლებული ყოფილა.
- რასაკვირველია, აუცილებელია მკაცრი კანონი და ის სოციალური მოლოდინი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჰიტლერი იმასაც აკეთებდა, რომ არასრულფასოვან ადამიანებს კლავდა, საზოგადოება ამ გზით ვერ ივლის. თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ამდენი ნარკომანია, მარტო კანონის გამკაცრებით ვერაფერს მივაღწევთ. ხომ ვერ დავხვრიტავთ ადამიანებს? მაგრამ კანონის სიმკაცრესა და სამედიცინო პროფილაქტიკურ ღონისძიებებში უნდა იყოს გარკვეული წონასწორობა. თუ სახელმწიფოს საშუალება არ აქვს, ნარკომანს მოუაროს, უმკურნალოს, თანხა დაახარჯოს, მაშინ იძულებულია, კანონი გაამკაცროს, აბა, რას იზამს? საჭიროა უფრო მოქნილი პოლიტიკა, ამას თანხები სჭირდება. თანხები თუ არ იქნა, არაფერი გამოვა, ფოკუსს ხომ ვერ გავაკეთებთ?!