„დარწმუნებული ვარ, ერთხელაც არ ექნება ამ დეპარტამენტს საბაგიროების მონიტორინგი ჩატარებული“

„დარწმუნებული ვარ, ერთხელაც არ ექნება ამ დეპარტამენტს საბაგიროების მონიტორინგი ჩატარებული“

16 მარტს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, საბაგიროზე, ავარია მოხდა - შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში პაციენტებს ჩაუტარდათ დახმარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ორი ადამიანი არის საყურადღებო, ერთი არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აქვს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა, თუმცა მას რაიმე დამატებითი ინტენსიური თერაპია არ სჭირდება. მოტეხილობა იმობილიზებულია, მას თბილისში გადმოვიყვანთ საბოლოო მკურნალობისთვის. მეორე - საყურადღებოა შვედეთის მოქალაქე. საყურადღებოა იმით, რომ ეს ქალბატონი ორსულადაა. მას, ასე ვთქვათ, აქვს წელის ტკივილი, ის ორსულობის გამო არის საყურადღებო. ქალბატონსაც აუცილებლად გადმოვიყვანთ, გადაწყვეტენ ალბათ, თუ რომელ კლინიკაში. თავიდან ვფიქრობდით, რომ ღუდუშაურში, თუმცა რამდენადაც გავიგეთ, მისი კორპორატიული დაზღვევა ფარავს „მედიქლაბ ჯორჯიას“. რაც შეეხება დანარჩენს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გუდაურის გადაუდებელი კლინიკა სრულად არის აღჭურვილი და მობილიზებული ასეთი პაციენტების მისაღებად. ასე რომ, გარწმუნებთ, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

გუდაურში გაემგზავრა საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც მის უწყებაში აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

არსებული ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. საბაგიროს მუხრუჭების დაზიანებამ, კალათების უკუსვლა გამოიწვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობას „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ იღებს. მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გუდაურში საბაგირო „საძელეზე“ შეწყდა ელექტროენერგია, ვიზიტორების საევაკუაციო სამუშაოების დაწყებამდე საბაგირო გაურკვეველი მიზეზების გამო საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა. სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ვიზიტორების დაშავება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა.

გუდაურში მომხდარ ინციდენტზე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომლის თანახმად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საბაგირო გზა იყო შემოწმებული, დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა შემოწმება, თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა… აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება, ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ განაცხადა მედიასთან საუბრისას, მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა და უსაფრთხოების არანაირი მექანიზმები არ არსებობდა იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ საბაგირო გაჩერებულიყო. მისი აზრით, ადგილი ჰქონდა ისეთ დანაშაულს, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ტერორიზმსაც კი შევადაროთ.

მისივე შეფასებით, ნებისმიერ თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას აქვს შესაბამისი აგრეგატები, რომელიც მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის არის განკუთვნილი, იქნება ეს ელექტრომომარაგების პრობლემა, გაუარესებელი კლიმატური მდგომარეობა თუ სხვა.

როგორც ურუშაძე აცხადებს, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი კანონმდებლობით, ვალდებულია აკონტროლებდეს ტრანსპორტის სფეროს ნებისმიერ მიმართულებას.

„თუმცა, დარწმუნებული ვარ, ერთხელაც არ ექნება ამ დეპარტამენტს საბაგიროების მონიტორინგი ჩატარებული“, - აღნიშნა ურუშაძემ.

როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, საბაგირომ უკან მოძრაობა დაიწყო. ჯერ ნელა მოძრაობდა, ხოლო შემდეგ სიჩქარე აკრიფა. ყველამ გადმოხტომა დაიწყო. პანიკა და ჭყლეტა დაიწყო. ბევრი დაშავებული იყო. კიდევ ერთი დამსვენებლის თქმით, აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა - სამუხრუჭე სისტემა გაჩერდა. ელევატორმა ვერ შეძლო ხალხის მასის შეკავება.

„უკან რომ დავეშვით, ხალხი გადმოხტა, რეალურად საშიში სიტუაცია იყო და ხალხი პანიკამ მოიცვა. მეც ზემოთ ვიყავი და გადმოხტომა მომიწია“, - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.