საპატრიარქო სასულიერო პირების მონაწილეობით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

საპატრიარქო სასულიერო პირების მონაწილეობით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირების მონაწილეობით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. საპატრიარქო მიმართავს ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისა და ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება, არ აყვნენ ცილისწამებებს, პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებებს.

გარდა ამისა, საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო, საუბარია 25 მილიონზე, „ჯიპების“ თემაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე „რესპუბლიკური პარტიის“ მთავარი მესიჯი იყო და რა თქმა უნდა, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს და რომ გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია საქართველოს ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი.

„მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის. მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება „ელგებეტე“ პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას, რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის... და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი. ვფიქრობთ, მალე გაირკვევა, სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და ეს რას ემსახურება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დამატებითი განმარტებები საპატრიარქოში არ გაკეთებულა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დისკრედიტაციის ახალი ტალღა ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო აგორდება და მთავარი დარტყმის ობიექტი ისევ საპატრიარქო იქნება. საქმე ეხება მამა გიორგი მამალაძეს და მისი ახალი ადვოკატის ნიკა გვარამიას შეხვედრას და დაგეგმილ ახალ სტრატეგიას. გვარამიამ დააანონსა, რომ აპირებს ხმამაღლა ისაუბროს იმ ინფორმაციაზე, რაც დეკანოზმა მამალაძემ მიაწოდა. მისივე თქმით, დეკანოზსს სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა მიხეილ სააკაშვილი.

„მთლად ამას არ მოველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსა და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ“, - ამბობს ნიკა გვარამია.

საპატრიარქოს ხმაურიან განცხადებას, განცხადებით უპასუხეს „რესპუბლიკურ პარტიაში“. განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ გააცნეს, ნათქვამია, რომ ეკლესიის საბჭოური მეთოდები არის რეგრესისა და ქვეყნის ჩამორჩენის საფუძველი.

„ბატონი ბოტკოველის მიერ ჩამოთვლილი „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი - არის უტყუარი ფაქტები. იკადრა სახელისუფლო ქრთამის აღება - ეს არის ბიუჯეტის 25 მილიონი ყოველწლიურად, ეს არის ისედაც მწირი ადგილობრივი თვითმმართველობის პერმანენტული ძარცვა მიწებით, ფულით, სამშენებლო მასალით, ეს არის ენით აუწერელი სატრაპეზოებით ნებივრობა, ეს არის მუდმივად ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნა, ეს ჩრდილოეთის პატრონთან მიმართ ზღვარსგადასული შიში და რიდიცაა.

თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს. „შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს. ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო - ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა. აი, ასეთ საქციელს თუ უსაქციელობას, აზრს თუ უაზრობას ეწირება ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბ-ნ ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ.

ერში ტრადიციული მტრის (მეტწილად რესპუბლიკელების) მერე, ბერშიც დაიწყო პატრიარქმა და მისმა თანამოსაყდრემ მტრების ძებნა - სასულიერო პირების მხილება დააანონსა ბ-მა ბოტკოველმა. ეს ეპისკოპოს შიოს პირველი ნაბიჯებიდანაა, როგორც ჩანს. ნადირობა კუდიანებზე - შინ და გარეთ, ერში და ბერში - აი, დღევანდელი, საქართველოს და რუსეთის ხელისუფალთ დამორჩილებული საპატრიარქოს სახე!“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ერთი მხრივ ე.წ. ლიბერალიზმის დამცველები და მეორე მხრივ სამღვდელოება ჩართული არიან ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ პროცესში და მისი თქმით, ამის არაერთი მაგალითები გვაქვს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ახალი მოვლენა არ არის, რაც გამოწვეულია იმ მაღალი ავტორიტეტით რაც ეკლესიას აქვს.

„პრაქტიკულად, მუდმივად იყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. იყო სააკაშვილის პერიოდში, მანამდე და არის ახლაც. ცხადია, რომ ძალა, რომელიც გადაწყვიტავს საპატრიარქოსთან დაპირისპირებას, შეიძლება რაღაცა ხარისხით ავნოს საპატრიარქოს ავტორიტეტს, მაგრამ გაცილებით მეტი ხარისხით დაზარალდება ქართული საზოგადოების თვალში.

სააკაშვილის მარცხში ლომის წვლილი მიუძღვის იმას, რომ სააკაშვილი ქართულ ეკლესიასთან დაპირისპირებას აღვივებდა. ასე რომ, პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს - ასეთი დაპირისპირების დროს ვინ აღმოჩნდება დამარცხებული ამ ვითარებაში. როგორც ჩანს, ასეთი ნაბიჯები გახშირდება, რადგანაც ბევრის ინტერესშია ეკლესიის დისკრედიტაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ჯიპები ეკლესიას საკუთრებაში არ აქვს, მხოლოდ სარგებლობის უფლებით, მაგრამ ჯობია დაუბრუნონ ეკონომიკის სამინისტროს, რადგან ეპისკოპოსი, უპირველეს ყოვლისა, ბერია და არა სოციალური ჩინოვნიკი, მეტი უბრალოება არგებთ.

„ყოველწლიური 25 მილიონი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქრთამი არაა, ის სახელმწიფოს ვალია ეკლესიისადმი მემკვიდრეობით მიღებული, მაგრამ ეს ვალი უნდა დასრულდეს. სხვაც ბევრი ვალი აქვს სახელმწიფოს მემკვიდრეობით მიღებული, მაგრამ ჯერ არაფერზე შეწუხებულა. უძრავი ქონება, რომელსაც საპატრიარქო განმარტებების გარეშე იღებს სახელმწიფოსგან, უნდა იყოს არგუმენტირებული. თუ რამის სიმბოლურად გადაცემა მოხდება, უნდა იყოს თანაბარუფლებიანობა დაცული, ვისაც უკეთესი მიზნები აქვს, ის უნდა იღებდეს და არა უპირატესად ქცეული ჯგუფები“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე განმარტებით, აბსურდულია საპატრიარქოში კორუფციის თემაზე საუბარი და ვინც ამ ორ სიტყვას ერთმანეთთან აერთიანებს, ცალსახად ბლეფობს, რადგან საპატრიარქოს სახელმწიფოსადმი არანაირი ფინანსური ვალდებულება და წესი არ აქვს და მთელი პრობლემაც ესაა.

ციტატა - ეკლესიის წინააღმდეგ პირობითია, როდესაც ამ საქმეში ჩართული არიან სასულიერო პირები. ამიტომ, მხოლოდ გარე დარტყმებზე არ არის ლაპარაკი, არამედ ეს არის შიდა და გარე ფაქტორები. შიდა ფაქტორები საპატრიაქროში ბევრად უფრო მძიმეა. მე რატომღაც გამიჩნდა აზრი, რომ ამ შემთხვევაში პროცესი ისევ პატრიარქის წინააღმდეგ მიდის, ოღონდ სხვა კუთხით. ამ შემთხვევაში შეიძლება მისი პირადი დისკრედიტაცია იყოს დაგეგმილი. მე ასეთი აზრი მაქვს. სხვა შემთხვევაში ასეთი მაღალი სასულიერო იერარქია დისკრედიტაციაზე არ ალაპარაკდებოდა.

აქ იყო ვერსია, რომ შეიძლება ეს მოსაყდრეს ეხებოდეს, მაგრამ მოსაყდრეს იმხელა განვლენები არ აქვს, არა მგონია განსაკუთრებული ბრძოლის პროდუქტად ღირდეს. ამიტომ აქ უფრო პატრიარქის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და ამ შემთხვევაში, ამ პროცესში ჩართულია როგორც შიდა ძალაუფლებითი, ასევე გარე ძალაუფლებითი ჯგუფები, როგორც საპატრიარქოში, ისე საპატრიარქოს გარეთ უკვე, პოლიტიკური ჯგუფები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.