„ნარმანია გვატყუებდა თუ კალაძე ცდება და მაინც მოგვიწევს რამდენიმემილიონიანი ჯარიმის გადახდა?“

„ნარმანია გვატყუებდა თუ კალაძე ცდება და მაინც მოგვიწევს რამდენიმემილიონიანი ჯარიმის გადახდა?“

პარკირების ახალი სისტემის შექმნამდე „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს - თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანიისთვის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად ვალდებულების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. შედეგად, თბილისის მერია და „სითი პარკი“ შესაძლოა, ერთმანეთს არბიტრაჟში დაუპირისპირდნენ. კომპანია კომპენსაციას ითხოვს, მერია კი აცხადებს, რომ „სითი პარკმა“ თვითონ დაარღვია კონტრაქტის პირობები და ამდენად, კომპენსაციაც არ ერგება.

„სითი პარკი“ არ ეთანხმება მერიის არგუმენტებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიის წინააღმდეგ დავას აპირებს.

როგორც კომპანიის პრეს-სამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ განაცხადა, „სითი პარკი“ სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.

შპს „სითი პარკის“ მფლობელების განცხადების თანახმად კი თბილისის მერის გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს.

თუმცა, მეორე მხრივ, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 1 საპარკინგე ადგილზე უკვე 15 ავტომობილი მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ რაკი პარკინგის ადგილების დეფიციტია, ავტომატურად იზრდება დამრღვევი მძღოლების და შესაბამისად, მათზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობაც, რაც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება კომპანიის შემოსავლებს და ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკი არასერიოზულია.

კომპანისთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საუბრები ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყო, თუმცა სითი პარკის აქტივში იყო 2017 წელს გაფორმებული 15-წლიანი ხელშეკრულება - ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ კი საკითხის შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, მისი გაწყვეტის შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამომავლოდ კალაძე პარკირების გაკონტროლებას ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მეშვეობით შეეცდება, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისის მერია სავარაუდოდ, მართვას კერძო კომპანიას აღარ გადასცემს და პარკინგს მერიაში ახალი სამსახური დაარეგულირებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ“, -განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე, გოჩა ენუქიძე აღნიშნავს, გარდა დედაქალაქის მთავრობისა, მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიისგან მივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

სამაგიეროდ, „სითი პარკი“ თვლის, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკის“ საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით.

„ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე... კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია კომპანიის მფლობელების - დევიდ პილას და ნათან შორერის განცხადებაში.

თბილისის ვიცე-მერი თვლის, რომ ეს განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ბოლო პერიოდში, არაერთი მითითების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოედგინა გარკვეული მოსაზრება ან საგნობრივი არგუმენტი მათი პოზიციის გასამართლებლად. ასევე, პრაქტიკულად გამართლება ვერ მოვუძებნეთ კომპანიის ქმედებებს, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ უკიდურეს ზომას მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“ - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

მისივე განცხადებით, საკითხის სახემწიფოებრივ ჭრილში გადატანა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის გაუარესების ალბათობა საფუძველს მოკლებულია.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, კითხვები რომ არ დარჩეს, აუცილებელია ბიზნესსაზოგადოების ინფორმირება „სითი პარკის“ საქმესთან დაკავშირებით.

„კომპანიის მხრიდან გაკეთებული შეფასება ვფიქრობ, გადაჭარბებულია. მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. შეწყვეტის ფაქტი მთლიანობაში სასიამოვნო არ არის და შეიძლება ის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას არასწორად იყოს ინტერპრეტირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია იყოს გამჭვირვალე, რათა არავის მიეცეს მსგავსი ტიპის ინტერპრეტირების საშუალება“, - აცხადებს ლექვინაძე.

ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე კი აღნიშნავს, რომ „სითი პარკთან“ დაკავშირებულ ვითარებას, გარდამავალ ეტაპზე საქართველოშიც და ისრაელშიც არასასიამოვნო ეფექტი ექნება.

„საქართველოში „სითი პარკი“ არ შემოსულა ისრაელის ბიზნესპალატის გზით, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცნობთ კონტრაქტის დეტალებს. ბუნებრივია, რომ ვითარების გარკვევის პროცესში, ამას არასასიამოვნო ეფექტები ექნება ისრაელშიც და საქართველოშიც. ჩვენ გვაქვს 20 წლის გამოცდილება ასეთ საკითხებში და თითქმის 90%-ის შემთხვევაში ეს არის გაურკვევლობა სხვადასხვა ბიზნესკულტურის გამო. ზოგჯერ რაც წერია კონტრაქტში მხარეებს სხვადასხვაგვარად ესმით“, - აცხადებს იციკ მოშე.

ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელი მზად არის მიმართვის შემთხვევაში ჩაერთოს პროცესში, თუმცა, აღნიშნავს, რომ აქამდე თბილისის მერია ყველა დროში მხარს უჭერდა ისრაელის კომპანიებს.

როგორც მერია ირწმუნება, შეიძლება იქით უჩივლონ კიდეც „სითი პარკს“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, „სითი პარკმა“ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა, საპარკინგე ნიშნების მოწყობა; ასევე, შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. როგორც ვიცე-მერი აცხადებს, დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეები არის მოუწესრიგებელი.

„სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება. იმაზე მეტი ვადები მივეცით, ვიდრე ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძე განმარტავს, რომ „სითი პარკის“ შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი კომპანია იტოვებდა.

მერია ასევე ასაჯაროებს ინფორმაციას კომპანიის მხრიდან კონკრეტული დარღვევების შესახებ:

2015-2017 წლებში „სითი პარკის“ წინააღმდეგ თბილისის მერიის დავების საბჭოში 4820 საჩივარი, 2947 ჯარიმა, 17222 საურავი, 566 ევაკუაციაზე განაცხადი შევიდა. სამართალდამცავ ორგანოებში 2015 წელს გადაიგზავნა 13 საჩივარი, 240 ჯარიმა, 2015 საურავი და 6 ევაკუაცია; 2016 წელს გადაიგზავნა - 25 საჩივარი, 0 ჯარიმა, 67 საურავი, 0 ევაკუაცია; 2017 წელს გადაიგზავნა - 11 საჩივარი, 37 ჯარიმა და 44 საურავი.

„სითი პარკს“ განსახილველად საჩივარი მხოლოდ 2017 წელს დაუბრუნდა და მათი რაოდენობა 167 იყო.

2015 წელს დავების საბჭოს მიერ განხილული 1099 საურავიდან, გაუქმდა 812, უცვლელად დარჩა 287. 2016 წელს განხილული 4453 საურავიდან გაუქმდა 3232 საურავი, უცვლელი დარჩა 1221. 2017 წელს განხილული 8662 საურავიდან გაუქმდა 4222, „სითი პარკს“ დაუბრუნდა 986, უცვლელი დარჩა 3290 საურავი.

„სითი პარკის“ მიმართ კიდევ უფრო კონკრეტული პრეტენზიებიც არსებობს, მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც კომპანია მძღოლს 10- ლარიან ჯარიმის ქვითარს ხელზე არ აბარებს და მძღოლისთვის მხოლოდ 30 დღის გასვლის შემდეგ ხდება ცნობილი, რომ მას 150-ლარიანი საურავიც აქვს დარიცხული.

რაც შეეხება ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანას და დამატებით 60 ლარის გადახდას არასწორი პარკირების გამო, ნაცვლად 10-ლარიანი ჯარიმისა, თუკი ავტომობილი მოძრაობას არ აფერხებდა, მსგავს შემთხვევებზე „სითი პარკმა“ რამდენიმე სასამართლო დავა წააგო, მაგრამ საჯარიმო სადგომზე ავტომობილების გადაყვანა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს პოზიციას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, „სითი პარკი“ რომ უნდა წასულიყო დედაქალაქიდან, ამაზე ყველა თანხმდება, საზოგადოებაც და ოპოზიციური პარტიებიც წინასაარჩევნოდ სწორედ ამ თემაზე საუბრობდნენ.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, პარკირება არის დედაქალაქის უმწვავესი პრობლემა, მაგრამ დედაქალაქის მერმა მისი გადაჭრა უცნაურად დაიწყო, რაც მრავალ კითხვას ბადებს.

„პირველი კითხვა არის ის, რომ ყოფილმა მერმა, ნარმანიამ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ჩამოიყვანა და თბილისის ბიუჯეტიდან გადაიხადა უზარმაზარი თანხა, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასება გაეკეთებინა. დადეს დასკვნა, რომ ამ კაბალური ხელშეკრულების გაწყვეტისთვის თბილისის მერიას 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა. ამიტომ ჩნდება კითხვა, ნარმანია გვატყუებდა თუ კალაძე ცდება და მაინც მოგვიწევს რამდენიმემილიონიანი ჯარიმის გადახდა“? - აცხადებს ნადირაძე.

დეპუტატის მეორე კითხვა პარკინგების შექმნას ეხება, მისთვის გაუგებარია, ვინ უნდა შექმნას მრავალსართულიანი საპარკინგე ინფრასტრუქტურა, „სითი პარკმა“ თუ თბილისის მერიამ.

„ბიუჯეტში არ არის ჩადებული თანხები პარკინგის მოსაწყობად და ის მუხლიც კი ამოღებულია, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეეხებოდა“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

შემდეგი კითხვა მერიაში ბიუროკრატიის შესაძლო გაზრდას ეხება - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თლის, რომ ისედაც გაზრდილი ბიუროკრატიის ფონზე კიდევ ერთი სამსახურის შექმნა, სადაც სავარაუდოდ, ისევ „ქართული ოცნების“ ასეულობით აქტივისტი დასაქმდება, კითხვაზე პასუხი არ არის, მით უმეტეს, რომ მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ აქტიურად განიხილება საპარკინგე ადგილებზე მრიცხველების დაყენების თემა.

„ნიშნავს ეს თუ არა, რომ თბილისელებს პარკირება უძვირდებათ, ან განიხილება თუ არა საერთოდ მრიცხველების თემა? - ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ პასუხი“, - აცხადებს ნადირაძე.

დეპუტატი „სითი პარკის“ განცხადებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობს და თვლის, რომ თუკი კომპანია მაღალჩინოსნების ჩართულობაზე საუბრობს, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი აღნიშნავს, რომ თავად ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ლაპარაკი „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატი არა ხელშეკრულების გაუქმებას, არამედ მის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას პირდებოდა თბილისელებს.

„კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა კონკრეტული სამართალდარღვევები, ოპოზიციამ ნახა, რომ მათი დაპირება სხვამ შეასრულა და საბაბის ძებნა დაიწყო. როცა ესეც ვერ იპოვეს, იმაზე აპელირებენ, რა მოხდება მომავალში“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

მისივე ინფორმაციით, სამომავლო სქემის პრეზენტაცია ორ თვეში გაიმართება, მაგრამ ახლავე შეუძლია იმის თქმა, რომ სერიოზულად შეიცვლება სატრანსპორტო სისტემა და მაქსიმალურად მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული.

რაც შეეხება „სითი პარკის“ განცხადებებს, დეპუტატი თვლის, რომ ისრაელთან დაკავშირებული განცხადება სრულიად სპეკულაციურია, ანალოგიური შეფასება აქვს კომპანიის მეორე განცხადების მიმართ, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

„ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ კომპანიას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია და სურს, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს ყველაფერი, რომ შემდეგ, განხილვის დროს ამით დაიწყოს სპეკულირება“, - მიიჩნევს დავითულიანი.

როგორც დავითულიანი აღნიშნავს, კონტრაქტი შეწყდა კონკრეტული სამართალდარღვევების გამო, მერიამ კომპანიას მიმართა და აცნობა ამის შესახებ, გამოსწორების ვადაც მისცა, მაგრამ „სითი პარკმა“ ეს არ გაითვალისწინა.

„სწორედ ამიტომ ვალდებულებიც ვიყავით, შეგვეწყვიტა კონტრაქტი, რადგან მოქალაქეების უფლებების დარღვევის ხარჯზე სურდათ საქმიანობის გაგრძელება და ახლა სხვა, პოლიტიკურ ჭრილში ცდილობენ ყველაფრის გადატანას“, - აცხადებს დავითულიანი.

მისივე განმარტებით, „სითი პარკის“ ჩანაცვლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადმინისტრაციული ჯარიმის კომერციალიზაცია - ანუ ჯარიმის გამომწერი არ იქნება დაინტერესებული მხარე.

„ის, ვისაც დაევალება ინფრასტრუქტურის შექმნა, არ იქნება ჯარიმების გამომწერი, ანუ არ იქნება დაინტერესებული, რომ იყოს რაც შეიძლება, ნაკლები საპარკინგე ადგილი, რომ მძღოლებმა გასაჩერებელი ადგილი ვერ მოძებნონ და იძულებულები გახდნენ, წესები დაარღვიონ. ჯარიმებს მუნიციპალიტეტი აიღებს საკუთარ თავზე, სხვა მომსახურება შესაძლებელია კონტრაქტორებმა შეასრულონ, თუმცა პრეზენტაციაზე ყველაფერი დეტალურად იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებს დავითულიანი.

რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას კონკრეტული ბიზნესჯგუფის ინტერესების შესახებ, როგორც დავითულიანი აცხადებს, ტენდერი გამოცხადდება და საჯარო აუქციონზე, სხვადასხვა სერვისის შესრულებაზე ვინ გაიმარჯვებს, ეს ყველასთვის ნათელი იქნება. თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ჯერ სქემა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და წინასწარ დეტალებზე საუბარი შეუძლებელია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა ამ ატაპზე არაფერს ცვლის მძღოლებისთვის - არც პარკირების პირობები იცვლება და არც უკვე გამოწერილი ჯარიმები უქმდება.