არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა კვლავაც მისაღები ფენომენია. სულ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ მანდილოსანს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ბავშვობაში, ქალების 20% კი სექსულური შევიწროების მსხვერპლია.
ამ მხრივ სტატისტიკა საინტერესო შედეგებს გვიჩვენებს. კერძოდ, ქალთა 22%-ს და მამაკაცთა 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. როგორც ირკვევა, 15 ათასამდე ქალს ორსულობისას ფიზიკური ძალადობა განუცდია. გამოკითხულ ქალთა 12% კი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს, რათა ოჯახი შეინარჩუნოს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქალთა და, ასევე, ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით საქართველოში რეგულაციები მკაცრდება. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არასახარბიელო სტატისტიკაა და ამის აღსაკვეთად ერთ-ერთი ნაბიჯი შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივებაა.
თუმცა, რაოდენ საგანგაშო მაჩვენებლებიც არ უნდა დადონ ცალკეულმა ორგანიზაციებმა, საქართველოში ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის თემის გააქტიურება გრანტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა და უცხოეთში გაცილებით მეტი მანდილოსანი ეთხოვება სიცოცხლეს ძალადობრივად.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ, რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობთ ტელევიზიაში ქალთა ძალადობაზე, მით უფრო გაიზრდება ძალადობის შემთხვევები.
For.ge-სთან საუბარში მეცნიერი აცხადებს, რომ ამ მხრივ მსოფლიოში უამრავი გამოკითხვა ჩატარებულა, რომელთა თანახმადაც, თუნდაც თვითმკვლელობათა რიცხვი სწორედ მაშინ იზრდება, როცა თვითმკვლელობაზე მომეტებულად საუბრობენ. ასევეა ქალებზე ძალადობის თემატიკაც. თუმცა რეალური მაჩვენებელები განისაზღვრება იმით, რამდენი ქალი იღუპება ქმრის მიერ ყოველ ასი ათას მოსახლეზე. ამერიკასა და ევროპაში ათჯერ და ოცჯერ მაღალია ეს მაჩვენებელი. ამის დასტურია თუნდაც ამ რამდენიმე წლის წინ გერმანიის ოჯახის საკითხების ყოფილი მინისტრის- კუპერის განცხადება, რომ ყოველწლიურად გერმანიაში 4 მილიონ ქალს სცემს ქმარი ბავშვების თვალწინ.
ანზორ თოთაძის აზრით, საქართველოში ასე არ ხდება და ჩვენთან თუკი უარყოფითი სტატისტიკა გაიზარდა, ეს სწორედ ამ თემის აჟიტირების ბრალია. მეცნიერის თქმით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მასშტაბური არასდროს ყოფილა.
მე-19 საუკუნეში სპარსი გენერალი გვეწვია და ის ამბობდა, როგორ თავაზიანად ეპყრობიან მამაკაცები ქალებს საქართველოში, ეს რა ვნახეო. თავად აკაკი წერეთელი კი გაკვირვებული იყო, სამეგრელოში კაცმა ცოლი გალახა, ეს რა უბედურება მოხდაო და ამით მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
„მე სოფელში გავიზარდე და არ მახსოვს, კაცს გაელახოს მეუღლე. რა თქმა უნდა, ოჯახში იყო ყვირილი, მაგრამ ასეთი ინგლისური ანდაზაა, „ოჯახი, სადაც დედალი ყივის და მამალი გაჩერებულია, უბედური ოჯახია“. ოჯახში უფროსი უნდა იყოს და ეს უფროსობა უნდა ჰქონდეს მამაკაცს. რა თქმა უნდა, მამალი ქალებიც არსებობენ, მაგრამ ძირითადად ფუნქციები ქალსა და მამაკაცს შორის გადანაწილებული უნდა იყოს. შესაძლოა, მანდილოსნებმა უარყოფითად მიიღონ, მაგრამ, რაც კი რაიმე დიდი შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში, ცივილიზაციაში (ლიტერატურა, ტექნიკა, მხატვრობა, მუსიკა), ყველაფერი შექმნილია მამაკაცის ჭკუით. ამიტომ არ შეიძლება, ვიძახოთ, პარლამენტში ნახევარი უნდა იყოს კაცი და ნახევარი ქალიო. ეს ჩვენ დაგვღუპავს. ჩვენი ტელევიზიების შემხედვარე, ახალგაზრდა ქალებმა თავზე მთელი საქართველოს ზნეობა წამოიცვეს და სწორედ ასეთ ქალებს აპიარებენ. უდიდესი განსხვავებაა ქალებსა და მამაკაცებს შორის. მაგალითად, ქალები და მამაკაცები ერთსა და იმავე სამუშაოს ერთნაირად ვერ შეასრულებენ. ვერაფრით ვერ შეძლებს მამაკაცი ქსოვას, ჩვენი პრეზიდენტის არ იყოს. ძალზე მონოტონურია ქსოვა და მამაკაცი გაგიჟდება ქსოვით. ქარხანაში ბოთლებში რომ ასხამენ სითხეს, ესეც მონოტონური სამუშაოა და სულ ქალები მუშაობენ, მამაკაცს იქ ვერ ნახავთ. სამაგიეროდ, ტელევიზორის შეკეთება არ არის რთული, მაგრამ ამ სამუშაოზე ქალს ვერ ნახავთ, რადგან ამას მამაკაცის ჭკუა სჭირდება. როდესაც ქალი ნიჭიერია, ამბობენ ხოლმე, მამაკაცის ჭკუა აქვსო“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისივე მოსაზრებით, ცალკეულმა ადამიანებმა აღარ იციან, რა თემები მოიგონონ-სქესობრივი შევიწროება და სხვა. კაცი არ მიაშტერდეს გოგონას და არაფერი უთხრასო. თუმცა არავინ უფიქრდება, ეს რას ნიშნავს. თუ კაცმა ქალბატონს ვერაფერი უთხრა, მაშინ კაცს ქალი ვეღარ უთხოვია. დემოგრაფის აზრით, არასამთავრობოებს ეს თემები გრანტებისთვის სჭირდებათ. თორემ კაცი მართლა ცვედანი უნდა იყოს, კარგ ქალს რომ დაინახავს და ყურადღებას არ მიაქცევს. ბოლოს და ბოლოს, დიდი ვაჟა ამბობდა, „საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა“.
საია-ს იურისტი თამარ დეკანოსიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლად ინიცირებული ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იმ მექანიზმს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებობს. განსაკუთრებით, იარაღის შეზღუდვის პროცედურის გამარტივებაა ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან არაერთი შემთხვევაა, თუნდაც სალომე ჯორბენაძის შემთხვევა, როდესაც მოძალადემ სამსახურეობრივი საშტატო იარაღი გამოიყენა იმისთვის, რომ ჩაედინა ძალადობა. ამიტომ, თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს იარაღის შეზღუდვის პროცედურა გამარტივდება, ეს პოზიტიური იქნება.
„გასულ წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რასაც ხელი შეუწყო სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებამაც. ძალადობის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კანონმდებლობა არ არის საკმარისი, მაგრამ გამართული კანონმდებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა, რაც წლების განმავლობაში სრულიად დაფარული იყო, რადგან ქალებს სხვადასხვა სოციალური და კულტურული ფაქტორების გამო ერჩივნათ ამაზე არ ელაპარაკათ. ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმედ აღიქმებოდა, რომლის გახმაურებაც სამარცხვინო იყო ქალისთვის და მთელი ოჯახისთვის. ეს მოსაზრება ბოლო წლებში იცვლება, რაც პოზიტიური ტენდენციაა. მაგრამ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმები, რომლებიც სრულებით ტაბუირებულია. მაგალითად, სექსუალური ძალადობა. ამიტომ საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაცემები რეალისტურია. უფრო მეტიც, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც როდესაც ტარდება მსგავსი კვლევები, ეს კვლევები გვიჩვენებს ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მაჩვენებლებს. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ საქართველოში გამოვლინდა ასეთი მძიმე მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებ კვლევის შედეგებს. პირიქით, ეს მონაცემი, რომ 7-დან ერთი ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, საკმაოდ კარგ მდგომარეობას ასახავს, რადგან მე უფრო მძიმე შედეგებს ველოდი“, - აღნიშნა თამარ დეკანოსიძემ.