„ახლანდელი პარლამენტი დრამატულად არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს“

„ახლანდელი პარლამენტი დრამატულად არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს“

თანამედროვე პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოში 1918-21 წლების დამოუკიდებლობისდროინდელი პარლამენტით იწყება. საბჭოთა პერიოდში საქართველოს სახალხო დეპუტატთა ყრილობა და მისგან ჩამოყალიბებული უმაღლესი საბჭო არსებობდა. ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული კი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტი გამოვიარეთ. თუმცა კითხვა კითხვად რჩება, რამდენად იყო ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ანალიტიკური რესურსებით დატვირთული, გვყავდნენ კი პარლამენტში კარგი ანალიტიკოსები?

ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტს საქმიანობის ნაკლოვანებები ჰქონდა. ამდენად, ჩვენი ქვეყნის ამბიციური ამოცანაა, პარლამენტი თვისობრივად გაძლიერდეს. კობახიძის აზრით, განსაკუთრებით, პარლამენტის ანალიტიკური შესაძლებლობაა გასაძლიერებელი.

„ჩვენ გვჭირდება კომპლექსური ხედვის შექმნა იმისთვის, რომ პარლამენტი განვავითაროთ. როგორც არ უნდა დავხვეწოთ რეგლამენტი, პროცედურები თუ საპარლამენტო გუნდი, ეს გეგმა და მიზანი მაინც ვერ იქნება მიღწეული, თუ პარლამენტი და მისი აპარატი შესაბამისი ანალიტიკური შესაძლებლობებით არ აღიჭურვება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაციაზე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ამბიციური ამოცანა პარლამენტთან დაკავშირებით უკვე სასაცილოც აღარ არის. უბრალოდ, ეს კეთილი სურვილებია, რადგან რაღაც რომ გააკეთო, ამის გაკეთების თავი უნდა გქონდეს.

For.ge-სთან საუბარში გია ხუხაშვილი არ მალავს, რომ ძალზე სკეპტიკურად უყურებს, რომ ახლანდელი მოწვევის პარლამენტს თუნდაც პროფესიული, ან თუნდაც გამოცდილების თვალსაზრისით რაიმეს გაკეთება შეეძლოს, ვინაიდან ამ პარლამენტის საერთო საშუალო ინტელექტუალური დონე ძალზე დაბალია. რა თქმა უნდა, იქ არიან ჭკვიანებიც, მაგრამ საშუალო სტატისტიკური კოეფიციენტი იმდენად მცირეა, რომ ეს პარლამენტი ვერასდროს გახდება ფუნქციონალური.

„ეს სრულიად აშკარაა. თუ რამე უნდოდათ, აქამდეც შეეძლოთ გაეკეთებინათ. დროდადრო ლოზუნგების სროლა ყოველთვის შეიძლება. ჩვენ გვახსოვს ნორმალური მოწვევის პარლამენტები, სადაც მუშაობა იცოდნენ. თვით მიშას დროსაც კი სხვა უბედურება გვჭირდა, თორემ მაშინდელმა პარლამენტარებმა მუშაობა, საქმის კეთება ნამდვილად იცოდნენ. სხვა საკითხია, რაში იყენებდნენ თავიანთ უნარებს. შესაძლოა, დღევანდელი პარლამენტი ძალიან ცუდს არ აკეთებს (თუმცა ცუდსაც ბევრს ახერხებს და არაერთხელ შევსწრებივართ ამ ცუდს), შესაძლოა, ეს პარლამენტი ისეთი აგრესიული არ არის, როგორც წინა პარლამენტები, რაც კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ეს პარლამენტი არც არაფრის გამკეთებელი არ არის. სისტემურად, დრამატულად არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს, რადგან არც უნდათ რამის გაკეთება და არც შეუძლიათ. ასეთ სიტუაციაში რომელ ანალიტიკურ შესაძლებლობაზე ვლაპარაკობთ?“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია, ჩვენი პარლამენტი ანალიტიკური შესაძლებლობით, მცოდნე ადამიანებით აღიჭურვოს, რომლებიც პარლამენტში თავიანთი სპეციალობის მიხედვით უნდა მოხვდნენ. დღესდღეობით კი ანალიტიკა არსად იგრძნობა. ამდენი რამ იწერება გაზეთებში, ამდენი რამ ითქმის ტელევიზიებში, მაგრამ ფაქტების ანალიზს არავინ აკეთებს. რაც შეეხება მთავრობას, ანზორ თოთაძის აზრით, ბუნებრივია, კვირიკაშვილი ყველაფერს ვერ წაიკითხავს, მას ამის დრო არც აქვს, მაგრამ მის გარშემო უნდა იყოს ანალიტიკური ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში მომხდარი უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი ფაქტი არ გამოეპარება.

„სწორედ ეს არის საზოგადოებრივი აზრი. თვითონ პარლამენტს უნდა შეეძლოს მოვლენების, პროცესების ანალიზი, თუ რა ხდება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში. ამას თუ დავუმატებთ, რომ ჩვენი ტელევიაზიები მხოლოდ ერთ წრეში იხარშებიან და სათავისო ანალიტიკოსებს იწვევენ, ცხადი გახდება, რომ ვითარება დრამატულია. გეგონება, ბიძაშვილებისა და ოჯახის ტელევიზიები იყვნენ, ჩაკლეს თავისუფალი სიტყვა. რაც მათ აწყობთ, იმაზე საუბრობენ. ეს საშინელებაა. საერთოდ გაქრა ეკრანებიდან მეცნიერება, ანალიტიკური აზრი“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები გვაკრიტიკებდნენ, რომ ჩვენს პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ იურისტები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები და არა - მომღერლები და მოცეკვავეები. ასეთი პროფესიის ხალხი მხოლოდ ერთი და ორი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ანალიტიკის თვალსაზრისით, ჩვენს პარლამენტართა შორის გამოკრთება ხოლმე ერთი-ორი სუბიექტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კონკრეტული პარლამენტარი უნდა იყოს დიდი ფიგურა თავის სფეროში, რომელსაც შეეძლება გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

„ზოგადად, დიდი ხელფასების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, თუკი ანალიტიკოსებს არ ექნებათ კარგი ხელფასები, რომლებმაც მთელი თავისი ახალგაზრდობა იწვალეს, ღამით იმუშავეს და დაამთავრეს უმაღლესები, მაშინ აღარ ექნებათ მოტივაცია. მინისტრს უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი, რომ კარგად იმუშაოს, თუ არადა, კერძო სექტორში გადავა, სადაც ათჯერ მეტ თანხას აიღებს. არ შეიძლება, „რუსთავი 2“-მა ყოველდღიურად იძახოს, არიქა, მთავრობაში დიდი ხელფასებიაო. დიდი ხელფასები თავისთან მოიკითხონ „რუსთავი 2“-მაც და დუტა სხირტლაძემაც. რა ხმა აქვს ამოსაღები, როცა თელავის თეატრის დირექტორად დანიშნა სააკაშვილმა და არც ჩასულა თელავში. მერე მსახიობები ჩიოდნენ, ჩვენ უკვე მოვხუცდითო. დუტამაც შეუთვალა, თუ ასე იქნება, მოკვდებით ისე, რომ როლსაც ვეღარ ითამაშებთო. ასე რომ, პარლამენტის ანალიტიკოსებით დატვირთვის ირაკლი კობახიძისეული გეგმა განხორციელებადია. ის ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი, კარგი კონსტიტუციონალისტია და, ბუნებრივია, სურს, რომ გაიზარდოს ანალიტიკური შესაძლებლობები პარლამენტში“.