პრორუსული განწყობების ამოფრქვევა საქართველოში და პარალელურად, ოკუპირებულ ოსეთში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ქართველი. მსოფლიო თანამეგობრობის აღშფოთება და ცინიზმით სავსე საპასუხო განცხადებები - ვის შეიძლება აწყობდეს მსგავსი თამაში და რა არის საქართველოსთვის ოპტიმალური და ღირსეული გამოსავალი, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა პროპუსული განწყობების დემონსტრირება საქართველოში, ეს რაიმე კონკრეტულ მოვლენას შეიძლება დავუკავშიროთ?
- პროპუსული განწყობილება თავისუფლების მოპოვების შემდეგ მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტში მუდამ იყო და მომავალშიც იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, ასეთ განწყობებს მარგი ქმედების რა კოეფიციენტი გააჩნია და რა ეფექტი აქვს. დავუშვათ, ვიღაცეებმა რაღაცას ხელიც მოაწერეს, მაგრამ ამას რა ძალა აქვს? ვისზე იმოქმედა და ვის შეაცვლევინა მსოფლმხედველობა? საკუთარი ხედვა?!
ასეც იყო მოსალოდნელი, მაგრამ ასეთი განწყობების გააქტიურებას ვიღაც ხომ უნდა მართავდეს? ახლა მნიშვნელოვანი რაც ხდება, ეს რუსეთის საპრზიდენტო არჩევნებია და განა რა პლუსები შეიძლება მიიღოს პუტინმა იმით, რაც საქართველოში ხდება?
- საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინს სადარდებელი აქვს თვითონ რუსეთში - მაგალითად თუნდაც ის, რომ უკანასკნელ დღეებში ურთიერთგამომიცხავი რეიტინგები ვრცელდება - ოფიციალური არხის ინფორმაცია, რომლისაც არავის არ სჯერა და კრემლიდან გამოჟონილი, რომლის თანახმად 50%-ზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს პუტინს და არა 80%-იანი. თანაც, ეს პუტინის გედის სიმღერაა ამ საარჩევნო ციკლში და თეთრ ცხენზე ამხედრებულს სურს წასვლა, მაგრამ ისე, რომ მართვის სადავეები ხელში დარჩეს.
პუტინი მაინც ჩეკისტია, პრაგმატიკოსი, ამიტომ მას ეს წაგებული თამაში საქართველოში არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან ვერანაირი რუსული პროპაგანდა ვერ შეცვლის მოსახლეობის განწყობებს.
კი, დღეს არის უკმაყოფილება მოსახლეობაში იმის გამო, რომ აი, რატომ არ გვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში, კიდევ იქნება უკმაყოფილების ახალი ტალღა, როდესაც სამუშაოს მაძიებელებს ევროპიდან დააბრუნებენ უკან, მაგრამ ეს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობას ვერ შეცვლის.
სწორედ ამას გეკითხებით - როდესაც რაღაც კამპანია იწყება, ის ყოველთვის გარკვეულ შედეგზეა გათვლილი. რუსთის მხრიდან მათრახისა და თაფლაკვერას პოლიტიკაც მეათასედ მეორდება - ერთი მხრივ კონცერტები და თითქოს თანაგრძნობის განცხადებები, მეორე მხრივ - ტატუნაშვილის თემა - ეს სურათი, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვის აძლევს დივიდენდებს?
- ყველაზე ეფექტური ასეთ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან იქნებოდა ზეწოლის გაძლიერება ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, რომ პერსონალური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირონ. ცხინვალელი ჩინოვნიკები, ალბათ, იშვიათად დადიან ევროპაში, მაგრამ ცოტა ხნის წინ მაინც იყვნენ იტალიაში, ესპანეთში...
რაც შეეხება პუტინს, მას პირდაპირ რომ დაუსვან კითხვა, ის თავს აარიდებს ყველანაირ ჩართულობას ამ საქმეში და ეს არ გამიკვირდება. მისი მიზანი იმისი ხაზგასმაა, რომ აი, მთელი მსოფლიო წინ აღუდგა პუტინს, მაგრამ მიცვალებულიც კი ვერ გადააცემინეს.
დავუშვათ, გადმოგვცეს ცხედარი დასკვნით - რა იქნება შედეგი? - ამ დასკვნას უნდობლობას გამოვუცხადებთ და ჩავატარებთ ხელახალ ექსპერტიზას, რომელიც, სავარაუდოდ, დაასკვნის, რომ მოკლულია. მათი ექსპერტიზა იქნება ჩვენი ექსპერტიზის წინააღმდეგ და ეს პროცესი მიიღებს დაუსრულებელ სახეს...
ანუ კვლავ საქართველოს პროვოკაციაზე წამოგება უნდა იყოს ამ ტრაგედიის მთელი კონტექსტი? მაგრამ მეორე მხრივ, ისიც გაუგებარია როდესაც ვიღაც ამ პოლიტიკის გამართლებას ცდილობს აქ, საქართველოში და ჩნდება ეჭვი, ფინანსები ხომ არ არის შუაში?
- ცნობილ წერილებს რომ წერენ, ისეთ ხალხს კრემლი არ დაფინანსებს, ვისაც აფინანსებს, ისინი პოლიტიკაშიც აღწევენ გარკვეულ წარმატებებს და იმ სფეროებშიც, რომელშიც მოღვაწეობწენ, თუმცა ამისი დამამტკიცებელი რაიმე საბუთის მოძიება შეუძლებელია.
რაც შეეხება პროვოკაციაზე წამოგების მცდელობას, ეს რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება. ამასწინათ ერთ-ერთი პარტიის წევრისგან მოვისმინე, ისრაელის მეთოდი უნდა ავირჩიოთო - როგორც ჩანს, იგულისხმებოდა გასული საუკუნის 70-იან წლებში მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარი პრეცენდენტი - პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის ათზე მეტი სპორტსმენი ჩახოცეს. შემდეგ მოსადმა ყველა დაადგინა და მთელ მსოფლიოში სათითაოდ გაუსწორდა - ანუ ასე უნდა მოვიქცეთ?!
გამოდის, რომ ჩვენთანაც ყოველთვის მოიძებნება პროვიკაციაზე წამოგების მსურველი...
- ყველაზე უცნაური ის არის, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა თან მოგვიწოდებს, რუსეთთან კონსტრუქციული უნდა ვიყოთო. მაშინ რა ხდება? ოსებს ისე მოვექცეთ, როგორც მოსადი - პალესტინელებს და გამოვა, რომ რუსეთი საერთოდ არაფერ შუაში არ არის?! დამნაშავეები ყოფილან რუსეთის კმაყოფაზე მყოფი ოსი ბოევიკები? დასკვნა ხომ ასეთია და რაც მთავარია, ასეთ სცენარში მესამე მოთამაშე აღარ არსებობს!
ვიღაც თუ ისრების გადატანას ცდილობს, მეორე მხრივ, ეს ოჯახის უდიდესი ტრაგედიაა, თანაც, როდესაც სახელმწიფო უძლურია, რამე იღონოს - სპეცრაზმს ხომ ვერ გაგზავნის და სპეცოპერაციას ჩაატარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე?!
ყველაზე რეალური სანქციებში მოხვედრილი სიების დამტკიცებაა ევროპაში, ვინაიდან ამბიციები ყველას აქვს, ოს ჩინოვნიკსაც და აფხაზსაც, ერთი-ორჯერ ცხვირი გაყვეს ევროპაში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და გაუტკბათ...
ვენესუელასა და კუბაში შეიძლება ჩაესვლებათ, მაგრამ პირდაპირ ცხინვალიდან ვერ ჩაფრინდებიან, ვერც კარაკასში და ვერც ჰავანაში - ეს იქნება მათთვის ყველაზე მტკივნეული. ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით და მმარველი პარტია ამას რატომ არ უჭერს მხარს, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, უბრალოდ, ზედმეტი სიფრთხილეა.
მართალია, ჩვენმა დიპლომატიამ ცსილასა და ქარიბდას შუა უნდა გაიაროს, რომ მწარედ ანანოს ცხინვალს - არ მგონია, მოსკოვიდან მოსულიყო ბრძანება, ტატუნაშვილი ცხივნვალშია, არიქა, დააპატიმრეთ და მოკალითო - თუმცა, კარტბლანში აქვთ მიცემული, რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ დაგიცავთო - რუსეთი უმაგრებს ზურგს და რუსეთის კლიენტია ოსეთის და აფხაზეთის მთელი დე-ფაქტო ხელისუფლებაც და ამიტომაც მათი პატრონი აგებს პასუხს.
თუ საბოლოოდ, ისევ „გამოშიგნული“ რეზოლიცია მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ეს ჭიქაში ქარიშხალიც კი ვეღარ იქნება, ამიტომ ერთადერთი გზა არის სანქცირებული სიები და ბრძოლა ამ სიების ლეგალიზებისათვის, რომ ევროპამ დაამტკიცოს.
ვფიქრობ, ხელისუფლება ფრთხილობს იმიტომ, რომ მას არ აქვს გარანტია, ამ სიებს ევროკავშირი, სახელმწიფო დეპარტამენტი რამდენად დაამტკიცებენ. ბრძოლაა ამისათვის საჭირო, მაგრამ ამავდროულად, ეს ის მინიმუმია, რაც შეუძლიათ გაგვიკეთონ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა.
დანარჩენი, ვგულისხმობ მათ შეშფოთებებსა და ყოველღიურ მოწოდებებს, ეს ჰაერსაც კი ვეღარ არხევს - სამაგიეროდ, ოსური სოფლის გამგებელსაც კი არ მოეწონება, რომ ის პერსონა ნონგრატა იყოს ევროპასა და ამერიკაში - თანაც, ისეთი დრო დგება, როცა მსოფლიოში ყველას შეეძლება თავისუფალი გადაადგილება.
თუ თვლით, რომ ხელისუფლებას საპასუხო რეაქციის ეშინია, რა შეიძლება იყოს საპასუხო ნაბიჯი? ხელისუფლება თითქოს თან თანახმაა, თან რაღაცის დაზუსტებას ცდილობს, თუმცა, მთლიანობაში, არ განმარტავს, რატომ იკავებს თავს...
- ამასწინათ თქვეს, საპასუხო სიები იმათაც რომ წარმოგვიდგინონ, მაშინ რა ვქნათო? - ეგეც არ იქნება პრობლემა, სააკაშვილს შეიყვანენ ამ სიაში? კი ბატონო, შეიყვანონ, ვინ დაუჯერებს?
საპასუხო სიას ვინ დადებს რუსეთი თუ აფხაზები და ოსები?
- როგორც მახსოვს, არ დაუკონკრეტებიათ. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ეს მეორე მხარე, ვინც ამ სიას შეადგენს, ვის შეიყვანს? არსებობს ვინმე ისეთი, ვინც ოსეთში გადავიდა და ოსები დახოცა? ომის დროს დაღუპულებს თუ ჩავთლით, მაშინ საქართველომ ხუთჯერ მეტი მსხვერპლი გაიღო.
ზედმეტი სიფრთხილეც გასაგებია, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური, მაგრამ როგორც ერთხელ თქვა შევარდნაძემ, მაგარ განცხადებებს მაგარი პოლიტიკა მირჩევნიაო - დღეს ვფიქრობ, უალტერნატივოა სასანქციო სიების შედგენა, სადაც პერსონალურად იქნება ყველას ბრალი დასაბუთებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პროკურატურას საკმარისი სამხილები ექნება, ჯერ ტალიავინის კომისიას რამდენი მასალები გადაეცა 2008 წლის ომის შემდეგ.
სხვა მექანიზმი არ არსებობს და ისიც ნათელია, რომ ცხედარს ოჯახი მიიღებს მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის რუსეთი - ეს არის ის სამწუხარო რელობა, რაც გვაქვს და მნიშვნელოვანია, როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს საქართველო.