„სითი პარკის“ თავნებობას წერტილი დაუსვეს

„სითი პარკის“ თავნებობას წერტილი დაუსვეს

თბილისის მერია 2017 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა. თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის ხელშეწყობაზე.

„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არ შევურიგდები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დღესდღეობით, საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს. მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.

„სითი პარკში“ კი არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს მიმართონ. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ლევან ტაბიძე აცხადებს, მათ ტელევიზიით გაიგეს მერის გადაწყვეტილების შესახებ.

„ჩვენთვის ეს სიურპრიზი იყო, კომპანია შეჯერდება და დღის განმავლობაში გავაკეთებთ განცხადებას. არ გამოვრიცხავთ, მივმართოთ სასამრთლოს“, - განაცხადა ტაბიძემ.

მერია კი პირიქით აპირებს „სითი პარკისთის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. „თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. გარკვეულწილად გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, რადგან უწყვეტად განხორციელდება ოპერირება. ქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ამ სფეროს უზრუნველსაყოფად ვერ ვხედავთ. მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აიღებს“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ თუკი იქნება აუცილებლობა იმისა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით „სითი პარკის“ თანამშრომლებთან დაკავშირებით. ჩვენ ფუნქციები უნდა გადმოვიბაროთ, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, გვყავს თანამშრომლები, კონტროლიორები. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, რასაკვირველია, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში. მივიღებთ ყველანაირ ზომას, რომ შედეგები იყოს რბილი და არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები“, - განაცხადა ხმალაძემ.

კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანიაც ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, კომპანიას წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდვები დაუგროვდა.

„მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, გაწყვეტის შემდგომი პროცედურები ნაკლებ მტკივნეულად იქნეს გატარებული და ამით მოიგოს საზოგადოებამ. აქვე არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ვინ იდგა ამ დანაშაულებრივი ხელშეკრულების სათავეში და მათ შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოეკითხოთ პასუხი“, - აღნიშნავს ნარმანია.

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა ჯარიმების გაუქმებას არ გამოიწვევს. მოქალაქეებს მათი გადახდა მაინც მოუწევთ, თუკი ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. გარდა ამისა, როგორ მერაში აცხადებენ, პარკირების საფასურის მოკრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და თანხაც არ შეიცვლება.

სპეციალისტები მერიის გადაწყვეტილებას იწონებენ. ტრანსპორტის სფეროს ექსპერტის დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ახლა მათავარია გაირკვეს თუ რა იგეგმება პარკირების კუთხით ქალაქში, რათა ქალაქი ქაოსმა არ მოიცვას. მისი აზრით, აუცილებელია საჯარო განხილვა, რათა მივიღოთ სწორი სტანდარტის პარკირება.

„ის, რომ „სითი პარკი“ არ ქმნიდა კომფორტულ გარემოს მძღოლებისთვის, ეს ფაქტია და ამაზე არავინ დავობს. არ იქმნებოდა არც დამატებითი პარკირების ადგილი და არც თანამედროვე სერვისი. კომპანია ორიენტირებული იყო მხოლოდ დაჯარიმებაზე. ჩვენ მოგვწონს მერის შემართება პარკირების სისტემის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დარეგულირებაში, თუმცა გვაქვს კითხვის ნიშნები იმ სამსახურებთან რომლებმაც ეს უნდა განახორციელონ. ვფიქრობთ, რომ ის სამსახურები, რომელიც მერის დაქვემდებარების ქვეშაა, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ამიტომ, ჩვენი თხოვნა არის, რომ მოხდეს საჯარო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით, რათა მივიღოთ სწორი სტანდარტის პარკირება.

თუ სატრანსპორტო კომპანია დროულად არ გააკეთებს განცხადებას და კონკრეტული გეგმა არ იქნა წარმოდგენილი, ქალაქი შეიძლება მოიცვას ქაოსმა. ამიტომ, იმედი გვაქვს ამ ხელშეკრულების გაწყვეტას მოყვება დროული რეაგირება “, - განუცხადა „აიპიენს“ მესხიშვილმა.

რა შეიძლებს დაუჯდეს მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, ეს თემა დეტალურად „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ შეიწავლა და ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაქვეყნა ის ფორმულა, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს. IDFI-ის ინფორმაციით, მერიას კონპენსაციის გადახდა დაეკისრებოდა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს, არამედ მაშინაც თუ „სითი პარკი“ თავად შეწყვეტდა ხელშეკურლებას თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით - 500 000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სითი პარკისთვის“ აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

კომპენსაციაზეა საუბარი ხელშეკრულების აქამდე საიდუმლო მე-5 მუხლშიც, რომელიც ეხება შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების შედეგებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სითი პარკს“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობას ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი, მაშინ „სითი პარკი“ უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მოთხოვნიდან 60 დღეში, შემდეგი ოდენობით: საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამას გარდა, შპს „სითი პარკი“ უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს. საიდუმლოდ იყო მიჩნეული ერთ-ერთი დანართის მუხლიც, რომლითაც იცვლებოდა ინფლაციის შემთხვევაში შპს „სითი პარკისთვის“ კომპენსირების პირობები“.

კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა. ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, „სითი პარკს“ არ დაუბრუნდებოდა გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები.