რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერის მიმართვა ზოგმა კაპიტულანტურ პოლიტიკად აღიქვა, ზოგმა ჩათვალა, რომ ამით გიორგი კვირიკაშვილმა თავი მოჭრა საქართველოს, ზოგმა კი მიიჩნია, რომ ეს იყო მგლის თავზე სახარების კითხვა. რეალურად, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ ეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულობის მაგალითია, საინტერესოა, რა იქნებოდა თანმიმდევრულობა, ის ხომ არა, რაც ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომის სახით, როდესაც კაპიტულანტურ პოლიტიკაზე ზუსტად მაშინ შეიძლებოდა საუბარი?!
როგორია პრემიერი კვირიკაშვილის მიმართვის ქვეტექსტი?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
რა ქვეტექსტები დაინახეთ პრემიერის მიმართვის უკან და რას სთხოვს ის რეალურად რუსეთს, გარდა იმისა, რაც ჩვენ შეიძლება ზედაპირულად, ვიზუალურად აღმოვაჩინოთ ამ წერილში?
- ჯერ უნდა გავერკვეთ პრემიერის ამ ინიციატივაში, კარგად გავიაზროთ მამოტივირებელი იდეა, რა იყო ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა სწორედ ახლა ამ განცხადების გაკეთება, რამდენად დროული და გასაგები იყო ამ განცხადების პათოსი, შინაარსი ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ჩვენს გარშემო უამრავი მტერ-მოყვარისთვის. აქ ჩვენ უნდა ამოვიდეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოუსვენებლობის კონტექსტიდან, თუ უფრო ფართო პოზიციის ნაწილად აღიქვათ ეს განცხადება, რომლიც მიზნად ისახავს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენას, დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობის დამყარებას, ამ ურთიერთობის გლობალურ, სტრატეგიულ მოწესრიგებას, რადგან რუსეთში სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული კავკასიურ პოლიტიკაში საუკუნეების განმავლობაში და არა მარტო ამ ეტაპზე. მათი სოლიდური და ავტორიტეტული ექსპერტები და ანალიტიკოსები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, რომ საქართველოსადმი მათმა მტკიცე, ულმობელმა, დაუნდობელმა დამოკიდებულებამ ბევრი რამ გააფუჭა და, საბოლოო ჯამში, შეიძლება, პერსპექტივაში კიდევ უფრო ბევრი რამ გააფუჭოს.
რუსებს კარგად ესმით ცნობილი სიბრძნე, ვინც ფლობს საქართველოს, ის ფლობს კავკასიას; ვინც ფლობს კავკასიას, ის მთელი ევრაზიის უზარმაზარ სივრცეზეა გაბატონებული და აკონტროლებს სიტუაციას. როცა რუსებმა საქართველო მტრად მოიკიდეს, ქართველი ხალხი და მისი ურყევი ნება მაინც ვერ გატეხეს, რომ ქართველი ერი თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო და საუკუნეების განმავლობაში ნალოლიავები საკუთარი ოცნება განეხორციელებინა. ეს არ იყო შემთხვევითი, სპონტანური ამბოხის შედეგი, რაც ვერ გააცნობიერეს რუსებმა, მაგრამ ამის გაცნობიერებას მოსკოვში ვიღაც-ვიღაცები უკვე იწყებენ. კრემლის იდეოლოგი დუგინიც კი გამოფხიზლდა ბოლო პერიოდში. ის ბრავადა, რომლითაც დღევანდელი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მედია გამოირჩევა, მხოლოდ ზედაპირული ბრწყინვალებაა და მის მიღმა უამრავი პრობლემაა, რომელიც ასე ადარდებს დუგინსაც და სხვა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებსაც. ამიტომ რა არის ჩვენი ამოცანა? მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის, მეომრისა და ვაჟკაცის-არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, თუ ამასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის გლობალური დალაგების სურვილი?
ზურაბ აბაშიძე ირწმუნება, რომ პრემიერის ამ განცხადებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის არანაირი მინიშნება არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მიმართვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის თემატიკას სცილდება.
- ერთია რეალობა, პოლიტიკა და მეორეა დილომატიის ენა. ცალ-ცალკე ყველას გაშიფვრა სჭირდება. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ ამ ორი პრობლემის პრიზმაში უნდა შევხედოთ პრემიერის განცხადებას. პირველი, აუცილებელია ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, რამაც ჩიხში შეიყვანა არა მარტო კონფლიქტების მოწესრიგების პროცესი, არამედ საერთაშორისო არენაზე რეზონანსულობის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა შეუქმნა ყველას. თუ ცოტათი წინ გავიხედავთ, უკვე დიდია ხანია, ქრისტემდეც, ქრისტეს აქეთაც და ქრისტეს შობის იქითაც, მტერი მტრად ითვლება მანამ, თუ ის ცოცხალია, ხოლო ყველა გარდაცვლილი პატივისცემას იმსახურებს და თავისი წესითა და რიგით უნდა დაიკრძალოს. ეს არა მარტო ოსებსა და რუსებს არ ეკადრებათ, არამედ სკვითებსა და სარმატებს, რომლებიც ოსების წინაპრებად ითვლებიან. ალანებსაც კი, რომლებიც მათი წინაპრები იყვნენ, განადგურებული მტრის მიმართ ასეთი არაადამიანური დამოკიდებულების ჩვევა არ ჰქონიათ.
ეს „თორნიკე ერისთავაშიც“ კარგად ასახა აკაკი წერეთელმა, რომ განურჩევლად მტრისა და მოყვრისა, „ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს“. როგორც ჩანს, მიცვალებული მტრის პატივისცემა კავკასიური ტრადიცია და სამხედრო ადათი ყოფილა.
- კავკასიურიც და ზოგადსაკაცობრიოც. ნებისმიერ მიცვალებულს ქრისტიანული და არა მარტო ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე, სამუდამო განსასვენებელი სჭირდება. როცა ამას აჭიანურებ და ექსპერტიზებს იგონებ, აქ უკვე თავდება ცივილიზაცია. არადა, 21-ე საუკუნეში ვიმყოფებით ქრისტეს შობიდან. აქედან გამომდინარე, თუკი საუბარია, რომ რუსებისა და ოსების საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ეს ძალზე უხერხული, სამწუხარო და დამაზიანებელია, მაშინ ჩიხიდან გამოსავალი უნდა იპოვონ. სწორედ ასეთ შანსს აძლევს პრემიერი კვირიკაშვილი რუსებს. წლების განმავლობაში მათ სააკაშვილთან ხილული და უხილავი ურთიერთობა ჰქონდათ და ამის შედეგად რაც მოხდა, ის მოხდა. ამის შემდეგ მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს არენას სააკაშვილი მოაშოარა. რუსები ამდენი წელი ელოდნენ, რომ გარკვეული ნაბიჯი გადაიდგმებოდა. მათ ხისტი და ახლომხედველური, გარკვეულწილად, პრეისტორიული მიუღებლობაც კი ჰქონდათ, როცა ისტორიული და საერთაშორისო სამართლით ჩვენდამი მიკუთვნებული ტერიტორიები დამოუკიდებელ წარმონაქმნებად, ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოებად აღიარეს. ეს რუსული დიპლომატიისა და პოლიტიკის კატასტროფული შედეგი იყო, რომელმაც სამუდამოდ ჩატეხა ხიდი ქართველებსა და რუსებს შორის.
მაინც ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია, რომ სამუდამოდ ჩატეხილი ხიდიც შეიძლება გარკვეული მცდელობებით აღდგეს და რუსებმა კარგად გაიაზრონ, რასთან აქვთ საქმე. აქამდე ისინი ჩვენგან ელოდნენ, რომ რაღაც ნაბიჯებს გადავდგამდით. არადა, ჩვენი შიდა ოპოზიციის გააფთრებული პროპაგანდის ფონზე, ყოველდღიურად ანათემას რომ გადასცემდნენ თავიანთი მედიასაშუალებებით ახლად მოსულ ხელისუფლებას, ვერც ივანიშვილმა და ვერც მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა ვერ გაბედეს რაიმე ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად. რეალურად, ასეთი დიალოგის საჭიროება კარგა ხანია, მომწიფდა და დასაწყებიცაა, როგორი ძნელი და მძიმეც არ უნდა იყოს იგი. პარალელურად, ოსებთან და აფხაზებთან ასეთი დიალოგი ნებისმიერ ფორმატში უნდა წარიმართოს.
არის ასეთი მოსაზრება, რომ ჩვენ თუ დაველაპარებით საოკუპაციო რეჟიმებს, ირიბად მათ დამოუკდებლობას ვაღიარებთ.
- ასეთი მჟღერი განცხადებები კეთდება ხოლმე, რომ საოკუპაციო რეჟიმთან დალაპარაკების შემთხვევაში, ეს იქნება მათი ცნობა, რაც თითქოს დაუშვებელია. სინამდვილეში, დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმებთან დიალოგიც, ასევე, აუცილებელია, თუ ისინი ამას მიხვდებიან და ისეთ ცინიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ, როგორიც ცხინვალის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედოევმა გააკეთა.
თქვენ დემეტრე თავდადებულის მაგალითი ხშირად მოგყავთ, რომელიც საილხანოში ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რაც ელოდა. ახლა კი კვირიკაშვილი მიმართავს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას და ამუნათებს, რომ რუსებმა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა გააცნობიერონ. სინამდვილეში, მომავალი თაობის წინაშე კი არა, დღევანდელი თაობის წინაშეც პასუხისმგებლობა კრემლის ახლანდელ მესვეურებს არ აქვთ და მათ არაფერი უშლით ხელს, რუსების სიცოცხლე პოლიტიკურ ინტერესებს შესწირონ. ამიტომ კვირიკაშვილის ეს მიმართვა მაღალფარდოვნად ხომ არ მოეჩვენებათ რუსებს?
- როგორც აღვნიშნე, კვირიკაშვილის დაგვიანებული განცხადება საუკეთესოდ შერჩეულ დროს ნამდვილად არ გაკეთდა, რადგან მოცემული განცხადება უეჭველად გაიჟღერებს ტატუნაშვილის მკვლელობის კონტექსტში. ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი პერიპეტიები კი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ახალი ფორმაა საქართველოს ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, როცა ფაქტობრივი ზეწოლისა და შანტაჟის ფორმით განვითარებული მოვლენების ფონზე აკეთებს კვრიკაშვილი ამ განცხადებას, ცხადია, აქ ჩვენ უნდა დავუწუნოთ მას დრო და ფორმა ამ განცხადების გაკეთების. თორემ, თავისთავად, სწორია მოსაზრება, რომ აუცილებელია დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის, თუნდაც ისეთი მძიმე რეალობის პირობებში, როგორიცაა რუსების მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ორი ქართული მიწა და კიდევ ორი ე.წ. საელჩოს განთავსება საქართველოს ორ რეგიონში. ასეთი დიალოგის ფორმატი მაინც მოსაძებნია, ნაბიჯები გადასადგმელია. თუ ეს განცხადება გაკეთდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, ამ მხრივაც არ არის ურიგო. თუ ჩვენ ვუერთგულებთ არაღიარების პოლიტიკას და დასავლეთ-რუსეთის მოლაპარაკებების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წინ წაწევას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამან აქამდეც არანაირი შედეგი არ გამოიღო.
ძალზე წინააღმდეგობრივი და მრავალასპექტიანია დასავლეთის ურთიერთობები რუსეთთან. მით უმეტეს, ტრამპის გამოჩენის შემდეგ. მეორე მხრივ, დედამიწაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის დღის წესრიგში ვერასდროს მოხვდება სირიაზე, იემენზე, უკრაინაზე, ორ კორეასა და ირანის ატომურ პროგრამაზე წინ. სად ვართ აქ ჩვენ? რა უნდა მოხდეს, რომ ამ დღის წესრიგში ჩვენ წინ წავიწიოთ? ალბათ, რაღაც მასშტაბური კატასტროფა, რომელშიც მრავალი მხარე ჩაებმება, როგორც ეს ხდება სირიაში. ჩვენი, ანუ კავკასიური ხანძარი სირიაზე მეტად ძნელი ჩასაქრობი იქნება, მიმდებარე პრობლემური რეგიონებითურთ (უკრაინასა და თურქეთს ვგულისხმობ, თავისი ქურთების პრობლემით). თუმცა ამან რუსეთის მიმართ დათმობისადმი არ უნდა განგვაწყოს. კომპრომისი არის დიპლომატიის პურიც, პოლიტიკის პურიც და უმნიშვნელოვანესი მომენტიც გონიერ ადამიანთა საზოგადოებაში, მაგრამ კომპრომისი და არა უპრინციპო დათმობა. არის თემები, რომლებიც დათმობას არ ექვემდებარება. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა შიდა და გარე ოპოზიციამაც, გარე და შიდა ძალებმაც, რომლებიც არად დაგიდევენ რეალობას. მთავარია, მათ თავიანთი „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ შეინარჩუნონ დასავლეთის თვალში საქართველოში. ვგულისხმობ პოლიტიკურ ოპოზიციას და არასამთავრობოების სახით ჩამოყალიბებულ ფენას, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში გვარიანი შემოსავლები და გრანტები მიიღეს დასავლეთისგან და განიხილებოდნენ დასავლეთის დასაყრდენად ამ ქვეყანაში. არადა, ეს იყო შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა საქართველოში, როცა მან ინტერესების რეალიზება თავიანთი სატელიტების მეშვეობით აწარმოა საქართველოსა და ჩვენს რეგიონში და არა ქართულ საზოგადოებასთან დიალოგის პირობებში. იმედია, ადრე თუ გვიან, ამას ამერიკელები მიხვდებიან და შეცვლიან საკუთარ პოლიტიკას.
რამდენი დიალოგიც გადავდეთ რუსებთან, ვერაფერს მივაღწიეთ. „ნაციონალებმა“ რუსებთან ვერანაირი დიალოგი ვერ აწარმოეს, რაღაც მცდელობები იყო, იქით-აქეთ მისვლა-მოსვლაც იყო, მაგრამ საბოლოოდ კონფრონტაცია ჩამოყალიბდა. ახლა ეს ხელისუფლება თან ერიდება რუსეთს, ბუნებრივია, ერიდება დასავლეთსაც, სტრატეგიულ მოკავშირეებსაც და, აქედან გამომდინარე, დღემდე არ აქვს თანმიმდევრული ხედვა და საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც მისაღები და გასაგები იქნებოდა შიდა მოხმარებისთვისაც, პარტნიორებისთვისაც დასავლეთში და ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთისა და ჩვენი მეზობლებისთვისაც, რომლებიც საკმაოდ მოქნილად, გონივრულად და გამჭრიახად არიან მიყუჩებულნი. თუ არ ჩავთვლით თურქეთისა და ირანის გაბრძოლებებს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დისტანციიდან ადევნებენ თვალს გლობალურ და რეგიონულ პროცესებს.
კვირიკაშვილის ამ ნაბიჯის გადადგმას იმანაც ხომ არ შეუწყო ხელი, რომ მსოფლიოში ბოლო პერიოდში ბევრი რამ იცვლება. სამტროდ განწყობილნი მოყვრად გადაიქცევიან. თურქეთი უკვე მოელაპარაკა რუსეთს და იარაღის შესყიდვასაც აპირებს მისგან; ასევე, ტრამპი მზადაა, დაელაპარაკოს კიმ ჩეინს. ეს მაგალითები გადამდები ხომ არ აღმოჩნდა საქართველოსთვის?
- ეს ნაბიჯებიც, ალბათ, გათვალისწინებულია. მათ, ვინც ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა (ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან სავარაუდოდ გავლილი კონსულტაციის შემდეგ), გაითვალისწინა ეს ფაქტორები. აქედან მომდინარე პოლიტიკური რისკებიც კარგად აწონ-დაწონა. იმედი მაქვს, ასევე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს, ევროკავშირს, მათ წარმომადგენლებს, დილომატიურ კორპუსსაც მოეთათბირნენ და ამცნეს თავიანთი მიზნების შესახებ. მათ დაუმტკიცეს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს არც ერთ ეტაპზე არავითარი საფრთხე არ დაემუქრება. ბუნებრივია, ამ გზას შესაძლოა, მოჰყვეს რაღაც შედეგი. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ადრე თუ გვიან გარდუვალია. ეს გარდუვალობა თვითონ რუსეთს უფრო დააზიანებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ერთსა და იმავე წრეზე დიდხანს ტრიალი არ შეიძლება. ამიტომ კვირიკაშვილის ნაბიჯი გაბედულია, მაგრამ რამდენამდე დაგვიანებული. უკეთესი დროის შერჩევაც შეიძლებოდა. ბატონი კვირიკაშვილი გახლავთ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ამ კონსტიტუციური მოცემულობით, იგი მმართველობით იერარქიაში პირველი პირია. ამიტომ, თუკი შედგება ეს დიალოგი, სწორედ კვირიკაშვილმა უნდა წარმართოს. ვერ გეტყვით, რომ ასეთი დიალოგი უეჭველად შედგება, მაგრამ, თუ რუსული პოლიტიკის მამებს სიბრძნე შერჩენიათ, უნდა დააჩქარონ დიალოგი. იმედია, მათ არ შეაშინებთ ოსებისა და აფხაზების დამოკიდებულება გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ, რადგან ოსები, აფხაზები და ქართველები ყოველთვის მოძებნიან საერთო ენას, თუ ამაზე რუსეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნება იქნება. ურთიერთობა უნდა შედგეს ლავროვს, კარასინს, სხვა მაღალჩინოსნებსა და კვირიკაშვილს შორის. ბუნებრივია, ამ დიალოგის მონაწილედ იგულისხმება პუტინი ან მედვედევი. თუ ჩვენი პოლიკური ლიდერი კვირიკაშვილია, რუსების პოლიტიკური ლიდერი პუტინია. სინამდვილეში, რეალურად მათი დიალოგი უნდა იყოს მთავარი, მაგრამ ასეთ ფორმალობას არ მივაქციოთ ყურადღება და ზოგადად ვთქვათ, რომ ეს დალოგი უნდა შედგეს. ბუნებრივია, ერთი მხრივ, აქ იქნება ლავროვი და ძმანი მისნი და, მეორე მხრივ, იქნებიან ჩვენები, მათ შორის, ჩვენი საგარეო მინისტრი, ძალიან კულტურული, განათლებული ადამიანი, მზარდი დილპომატი. თუმცა, რა თქმა უნდა, ლავროვი და ჯანელიძე სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ დიპლომატია ხშირად არის შეჯიბრი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში და აქ შეიძლება მსუბუქი წონის მოკრივემ და ძიუდოისტმა მძიმე წონის მოთამაშე დაამარცხოს.
როგორც თქვენ გიყვართ გამოთქმა, გამოცდილი ბებერი მგლის- ლავროვის წინაშე რამდენად ადეკვატური იქნება ქართული დიპლომატიის შესაძლებლობები?
- ლავროვი თბილისელი წარმოშობისაა, ქალანთაროვია გვარად, დედითა და მამით ეთნიკურად სომეხი. ლავროვი მისი მამინაცვლის გვარია. სხვათა შორის, ამ მხრივ მისი გაბედულება იქცევს ყურადღებას. ერევანში ერთ-ერთი ვიზიტისას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე მან თქვა, რომ დიახ, ჩემი წინაპრები არიან თბილისიდან და მე ვარ ეთნიკურად სომეხი. ეს მას კარგად ახასიათებს, როგორც ადამიანს. თუმცა, როგორც პოლიტიკოსი, არასწორ იდეებს ემსახურება. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს რუსეთისთვის სასარგებლო იდეებიც იყოს, როგორც რუსებს მიაჩნიათ, მაგრამ, თუკი კრემლის იდეოლოგს-ბატონ დუგინს და ამ დღეებში გამოქვეყნებულ მის მსჯელობას მოვუსმენთ, იგი საუბრობს გაქრობისა და უფსკრულისკენ რუსეთის დაქანების შესახებ. ასეთ პირობებში გიორგი კვირიკაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ შეხვედრაში და არა მარტო მათ, სხვა დონეზეც უნდა წარიმართოს შეხვედრები.