ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლება და ოპოზიცია სავარაუდოდ ერთიან რეზოლუციას მიიღებს

ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლება და ოპოზიცია სავარაუდოდ ერთიან რეზოლუციას მიიღებს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი წილკაანში, ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა, რომლის განცხადებით, საპატრიარქო შეშფოთებულია, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გამოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება ქრისტიანულად დაკრძალოს.

„ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება“, - განაცხადა შიო მუჯირმა.

საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას არ ჩქარობს, თუმცა ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს. ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმებაც. ყოფილმა მძევლება მცხეთა-მთიანეთის პოლიციას ჩვენება მისცეს. თუმცა მათ არ იციან რა შეემთხვა მათან ერთად დაკავებულ არჩილ ტატუნაშვილს, რადგან დაკავების შემდეგ ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარშემო ვითარება არ იცვლება. მოკლული ამ დრომე ცხინვალის პროზექტურაშია დასვენებული. ვითარება რთულია და ამ პროცესს ისიც ამძიმებს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის შემუშავების მიზნით, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

პარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის ორი პროექტი, რომელთაგან ერთის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, ხოლო მეორე - საპარლამენტო უმცირესობამ „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა. ორ დოკუმენტს შორის მთავარი განმასხვავებელი არის ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა და ამ სიაში შეყვანილი ადამიანების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციის დაწესება. აღნიშნული ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა გამოდის და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლეობის რეზოლუციის პროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მასში ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხის ასახვა მოხდება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე 14 მარტს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, რადგან ამ ეტაპზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა. 

„ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს და ჩვენ გვრჩება პრინციპული განსხვავებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში იმასთან მიმართებაში, თუ რა სიმძაფრით და რა ფორმით უნდა იყოს ასახული რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო  ვერშეთანხმება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ზეგ კიდევ ერთხელ შევხვდებით და უკვე საბოლოოდ შევეცდებით, რომ მომავალი კვირის სესიის წინ შევაჯეროთ პოზიციები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქარაძე აცხადებს, ჯერ კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ 14 მარტს პარლამენტი ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდეს. „ევროპულ საქართველოს“ იმედი აქვს, რომ მიღებული იქნება ერთიანი რეზოლუცია, რაც აუცილებლად მოიცავს თავის თავში სანქციების კომპონენტს, კერძოდ კი, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.

„ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ არსებობს პრინციპული განსხვავებები მათ შორის, პირველ რიგში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა და სანქციებთან მიმართებაში, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ზეგ ჩატარდება ბოლო კონსულტაცია და იმედი გაქვს, რომ მომავალი კვირის საპარლამენტო სხდომისთვის უკვე აუცილებლად ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიცია - ან შეთანხმებული ან შეუთანხმებელი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, უმრავლესობაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატი აცხადებს, იმისთვის, რომ რუსეთმა გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, აუცილებელია, რომ საქართველომ რუსეთზე ეფექტიანი საერთაშორისო ზეწოლა მოახდინოს.

„ამიტომაც მნიშვნელოვანია რეზოლუციის მიღება, რომელიც პარლამენტში განიხილება. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, უმრავლესობაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ გადაიდო რეზოლუციის მიღება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის ის გზავნილი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს ელჩისგანაც, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს რეზოლუცია, რომელიც რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს და გაზრდის“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია იქნება მკაცრი. უმცირესობასთან კონსულტაციების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმცირესობას რეზოლუციის პროექტის საკუთარი ვერსია შესთავაზეს, მათ შორის შესთავაზეს ვერსია სიის ფორმულირებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განმარტებით, უმრავლესობის ვერსია გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების სიის შექმნას და მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. გრძელდება კონსულტაციები. დღეს უმცირესობას რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ, მათ შორის შევთავაზეთ ჩანაწერი სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციას გუნდში გაივლიან. მორიგ შეხვედრაზე გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია. საბოლოო ტექსტი მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც საბოლოო შეთანხმება გვექნება“, - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ რეზოლუციის ტექსტი არ უნდა იყოს ფუჭი გასროლასავით. ვოლსკი ამბობს, რომ ტექსტი უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ქვეყნის პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და არა მარტო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია არის.

„ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ, ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს გარკვეული რეაქცია ამასთან დაკავშირებით და თუკი ეს რეაქცია იქნება ორპარტიული, მით უფრო მეტი ძალა ექნება.

„ტატუნაშვილთან დაკავშირებით არის ორი ძირითადი მიმართულება. პირველი - ეს არის ჰუმანიტარული. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახს არ დაუბრუნეს ცხედარი და მათ ვერ მოახერხეს დაეკრძალათ ისე, როგორც წესი და რიგია. მე ნამდვილად არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეორე - ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, რომ დადგეს სამართალი, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებების, რასაც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, არსებობდეს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური შემთხვევა იყო ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც არ დამდგარა პასუხისმგებლობა.

საერთაშორისო საზოგადოების და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და შესაბამისად, უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე. რეზოლუციაც მიმართული უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის საკითხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება ნებისმიერ ძალისხმევაში საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა იან კელიმ.