„თუკი ადამიანის მოკვლისთვის 50-წლიანი პატიმრობა დაწესდება, ნარკოტიკის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ“

„თუკი ადამიანის მოკვლისთვის 50-წლიანი პატიმრობა დაწესდება, ნარკოტიკის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ“

„ნარკოტიკებით მოვაჭრეები სიკვდილით უნდა დაისაჯონ“,- ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ დონალდ ტრამპი უკომრომისოა და ნულოვან ტოლერანტობას მოითხოვს.

„ნარკოტიკით მოვაჭრეებს დიდი ზიანი მოაქვს, ტყვიის გასროლას ერთი ადამიანი ეწირება და მკვლელის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის კანონი მოქმედებს. ნარკოტიკებით მოვაჭრეები კი 2000-3000 ადამიანს კლავენ და სათანადოდ არ ისჯებიან“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ლიდერს მიაჩნია, რომ მთავრობამ ნარკოტიკის მოვაჭრეებს შორის შიში უნდა დანერგოს. მსგავსი მიდგომა ფილიპინებსა და სინგაპურში წარმატებით მოქმედებს. ტრამპის გუნდი მზადაა, სინგაპურის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა განიხილოს და ქვეყნის მმართველობაში გარკვეული ელემენტები სწორედ აზიური ქვეყნისგან გადაიღოს.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჰეროინზე უფრო ძლიერი ეფექტის მქონე სინთეტიკური ოპიოიდის მოხმარება ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. CNBC-ის ცნობით, უკანასკნელ ხანს ზედოზირებით გარდაცვლილ ამერიკელთა რიცხვი მზარდია.

ნარკოლოგი ლია კირვალიძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ეს განცხადება აბსურდულია და შეუძლებელია ნარკოტიკის რეალიზატორთა მიმართ სიკვდილით დასჯას დავეთანხმოთ.

„სიკვდილით დასჯაზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, ნარკოტიკს უდიდესი ზიანი მოქვს, მაგრამ კრიმინალი და ნარკოტიკის მოხმარების სამედიცინო ასპექტი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ვინც ნარკოტიკის გავრცელება-რეალიზაციას ხელს უწყობს და ცდილობს, სხვა ადამიანებიც ჩააბას ამ საქმეში, მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაისაჯოს. ელემენტარულად, რეკლამირება და პროპაგანდაც შეიძლება დასჯის საგანი გახდეს, მაგრამ მოხმარება არამც და არამც არ შეიძლება მკაცრად დასჯადი იყოს. ნამდვილად ასეა, რომ მკვლელი 1 ადამიანს კლავს, ხოლო ნარკოტიკების რეალიზატორი, გამავრცელებელი და მოვაჭრე-გაცილებით ბევრ ადამიანს ღუპავს. თუმცა ნულოვან ტოლერანტობას მაინც ვერ დავეთანხმები, უბრალოდ, ამ ყველაფერს თავისი პრევენცია სჭირდება, რათა ზედოზირებით გამოწვეული რისკი შემცირდეს“,-აცხადებს ლია კირვალიძე For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ მთელი ღონისძიებები კომპლექსურადაა გასატარებელი.

„ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკაში სიკვდილით დასჯზე საუბარი არადემოკრატიულია. თუმცა ისე შეაწუხა დონალდ ტრამპის სამშობლო ნარკოტიკების გავრცელებამ, რომ ქვეყნის პირველი პირი გამოდის და ღიად ამბობს, სიკვდილით დავსაჯოთ ნარკოგამსაღებლებიო. ნარკოტიკების თემა მწვავეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და, თუკი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერი სახელმწიფოს კანონმდებლობა არ გამკაცრდება, საქართველოს ჩათვლით, უბრალო ქმედებები შედეგს ვერ გამოიღებს.

„დახვრეტის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ მაქსიმალური სანქცია უნდა იყოს გამოყენებული. პირობითად, თუკი ადამიანის მოკვლისთვის დაწესდება 50-წლიანი პატიმრობა, წამლის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ. ანუ თუკი სუსტ წერტილებს მოვუძებნით ამ საქმიანობით დაკავებულ პირებს, ეს ეფექტს გამოიღებს. თუმცა ამას ვერავინ აკეთებს, რადგან ეს ისეთი ბიზნესია, მთელ მსოფლიოს მართავს. სამწუხაროდ, პოლიტიკის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ ნარკოტიკის თემაა, რომლიდანაც მილიარდები შეედინებათ ვიღაც-ვიღაცებს. ამის მიუხედავად, რადგან დონალდ ტრამპმა ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართ ხმა აიმაღლა, ჩვენც უნდა ავიმაღლოთ ხმა საქართველოს სახელით.

თუკი ამერიკა ჩვენთვის თავისუფლების შუქურაა და იქიდან რაღაცები გადმოგვაქვს, ეს მაგალითიც გადმოვიტანოთ, რადგან ამერიკელები არიან მილიონობით, ხოლო ჩვენ დარჩენილნი ვართ სულ რაღაც 4 მილიონი. ასე რომ, რომელ ერს უფრო ელის განადგურება ნარკოტიკებით? ტრამპის ინიციატივა სადღაც მისასალმებელია, რადგან ის საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობაზე ზრუნავს“, - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე და მიიჩნევს, რომ ამერიკის პირველი პირის მოწოდება სტიმულია სენატისთვის და ჩვენი პარლამენტარებისთვისაც, რათა დასხდნენ და ნარკოტიკების რეალიზატორთა მიმართ კანონი გაამკაცრონ.

„მადლობა ღმერთს, ბიონარკოტიკების თემა ასე თუ ისე დალაგდა, რადგან ამის ირგვლივ საზოგადოება გააქტიურდა და გარკვეული პირები აიძულეს, ბიონარკოტიკები აღარ შემოსულიყო. თუმცა ნარკოტიკების თემა იყო, არის და ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, რომ მომავალი თაობა ამ მავნე სენისგან დაიცვას“.