საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის მიერ ერთიანი კანდიდატის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ხელისუფლების ინტერესებშია. თუმცა, ამ გაერთიანებაში არ ელოდებიან „ევროპულ საქართველოს“. თავის მხრივ, კონსულტაციებისთვის მზად არის „ევროპული საქართველო“, მაგრამ როდის და რომელ პოლიტიკურ გუნდთან გაიმართება მსჯელობა ერთიან კანდიდატზე, ჯერჯერობით, უცნობია. ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატზე ფიქრობს, მმართველ გუნდში კი კონსულტაციები დაწყებულია.
როგორია „ქართული ოცნების“ არჩევანი, ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი და თეა წულიკიანი – მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევაზე კონსულტაციები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, არჩევანი ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, პრეზიდენტი ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე არის პასუხისმგებელი, რამდენად საინტერესო იქნება ამ რეალობისთვის ქალი პრეზიდენტი? მით უმეტეს, რომ ქვეყანა პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები...
რამაზ საყვარელიძე: საინტერესო მიმართულებაა. მე მგონია, რომ ქალისთვის უფრო იოლი იქნება იმ შეზღუდული შესაძლებლობებით მუშაობა, რასაც გულისხმობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ვიდრე მამაკაცისთვის. როგორც წესი მამაკაცები ძალა-უფლებისკენ ისწრაფვიან. ასე რომ, ქალობაში მინუსს ვერ ვხედავ. რაც შეეხება პლუსებს, საკმაოდ ბევრია - დიპლომატიურ არენაზე მოლაპარაკებებზე, ისევე როგორც კომერციულ მოლაპარაკებებზე სპეციალურად ქალბატონებს უშვებენ, რადგან ქალს ურთიერთობებში და მოლაპარაკებებში აქვს ის ელასტიურობა, რომელიც დიპლომატიაში ბევრ პლუსს იძლევა. ასე რომ, ამ შემთხვევაში ქალობა პლუსია თუ, რა თქმა უნდა, შენარჩუნდა ეს ვერსიები.
მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რამდენად იოლი იქნება ქალი პრეზიდენტი?
- ვერსიას, რომ კავკასიელები და ქართველები ქალს ვერ აიტანენ, ისტორია აბათილებს - თამარ მეფე გვყავდა და ბოლოს და ბოლოს, მისი მეფობის დრო, ვიტანდით კი არა, ოქროს ხანად არის აღირებული. ასე რომ, ქალობა-კაცობის თემა არა მგონია, რომ მნიშვნელოვანი იყოს.
რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, თეა წულუკიანის კანდიდატურას უარყოფითი რეაგირება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. სოციალურ ქსელში მთავარი განხილვის თემა არის წულუკიანის წარუმატებელი მინისტრობა, ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა, „რუსთავი 2“-ის საქმე და ა.შ. რასაც ვერ ვიტყვით ზურაბიშვილის შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს საუკეთესო კანდიდატი ქვეყნისთვის, ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს დიპლომატიური გამოცდილება, თუ წულუკიანს, რომელსაც ეს გამოცდილება არ აქვს?
- თუ ამ ორ კანდიდატზე ვიმსჯელებთ, თქვენ უკვე თქვით ის არგუმენტები, რითაც სალომე ზურაბიშვილი ფავორიტია. მას კიდევ სხვა პლუსები აქვს. პირადად იცნობს იმ წრეებს და ადამიანებს, რომელთანაც პრეზიდენტობის შემთხვევაში საგარეო ურთიერთობაში მოუწევს ურთიერთობა. ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილს მეტი აქვს შანსი. თუმცა ორივე კანდიდატს საარჩევნო პროცესში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. ორი ფიგურა მართლაც საქმიანი ფიგურები არიან, მაგრამ ისინი პიარით არ იყვნენ დაკავებული და იმიჯს არ იკეთებდნენ. შესაბამისად, საზოგადოების ფართე წრეებისთვის ეს ფიგურები თვალში საცემი არ გახდნენ. ასეთ საჯარო საარჩევნო კამპანიას - როდესაც საზოგადოება ირჩევს - თავისებური პიარ-მოთხოვნები და საჯარო იმიჯი სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ფიგურებს ეს ნაკლი აქვთ. ეს ნაკლი დაუძლეველი არ არის თუ, რა თქმა უნდა, დარჩენილ პერიოდში გამოასწორებენ.
ზურაბიშვილის შემთხვევაში რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ისიც, რომ არ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“ როგორც პარტიის წევრი?
- ეს არის მთავარი პლუსი სალომე ზურაბიშვილისთვის. ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავისი პარტიის ლიდერია და არ ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“.
„ქართული ოცნების“ წევრი არ იყო გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ პრეზიდენტად არჩევიდან მალევე დაუპირისპირდა ხელისუფლებას და ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც გუნდისგან დამოუკიდებელ თამაშს არ დაიწყებს, კონსტიტუციურ ზღურბლს არ გადავა, თუ მივიღებთ მარგველაშვილის ვარიანტს?
- ძალიან გამოსარიცხიც არ არის, რომ მივიღოთ მარგველაშვილის ვარიანტი, რადგან ზურაბიშვილი საკმაოდ პრინციპული პიროვნებაა და რასაც თვითონ არ თვლის საჭიროდ, იმის გაკეთებას ვერავინ ვერ დააძალებს და ვერც დაიყოლიებს. ასე რომ, ანალოგიური მოვლენები, რაც მარგველაშვილთან ვნახეთ, შეიძლება ზურაბიშვილის შემთხვევაშიც მივიღოთ, მაგრამ ეს დიდი უბედურება ქვეყნისთვის არ არის. მოგეხსენებათ, იყო ეს დაპირისპირება, მაგრამ ამითი საქართველოს ბევრი არაფერი დაკლებია, გარდა იმისა, რომ ამ დაპირისპირების დროს მოსახლეობას ეშლებოდა ნერვები. ახალი კონსტიტუციით იმდენად მცირე ბერკეტები აქვს პრეზიდენტს, რომ ფაქტობრივად ვერ მოქმედებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.
„ქართული ოცნების“ პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება ოპოზიცია. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის იქნება საუკეთესო კანდიდატი, ნათელაშვილმა დამოუკიდებლად დაიწყო საარჩევნო კამპანია, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციის გართიანება ვერ შედგება. მაგრამ ერთი კანდიდატის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. რა შანსი აქვს ოპოზიციას და რამდენად სახიფათო შეძილება აღმოჩნდეს მმართველი გუნდისთვის გაერთიანებული ოპოზიცია?
- რომც ყველა გაერთიანდეს, რაც ძნელი წარმოსადგენია იგივე შიდა შეუთავსებლობის გამო, რეიტინგებიდან გამომდინარე ვერ აგროვებენ იმდენ პროცენტს, რომ დაჯაბნონ „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ასე რომ, გაერთიანებაზე ლაპარაკი ამ კონკრეტულ პირობებში, უაზრობაა. ოპოზიციის მთლიანი რეიტინგი რომ იყოს 50%-თან მიახლოებული, ასეთ შემთვევაში კიდევ ექნებოდა აზრი გაერთანებაზე ლაპარაკს.
რაც შეეხება ცალკე აღებულ ოპოზიციას, საპრეზიდენტო არჩევნებში არავითარი შანსი არ აქვთ. როგორც მითხრეს „ნაციონალური მოძრაობა“ სანდრა რულოვსის კანდიდატურის წამოყენებას აპირებს, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამით პირდაპირ გააკეთებენ „ქართული ოცნების“ საქმეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი კანდიდატის გამოჩენაზე, როგორიც რულოვსია, მოსახლეობა ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“. მოსახლეობას არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დანახვა და მმართველი გუნდის კანდიდატს არ გაუჭირდება გამარჯვება. თუმცა ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს.
იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ასოცირდება ივანიშვილთან?
- არა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი აღარ მუშაობს. კახა კალაძეს შემთხვევაში ვერ იტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირების გამო გაიმარჯვაო. მან თავისი პირადი რეიტინგით და პარტიული მხარდაჭერით გაიმარჯვა. დიდი გავლენის მქონეა, აღმასრულებელ სტრუქტურებსაც განაგებს, ამ ტიპის მხარდაჭერა ყოველთვის გავლენას ახდენს იმ კანდიდატზე, რომელსაც ხელისუფლება წამოაყენებს ხოლმე. ამიტომ, რაც უფრო რეიტინგული იქნება კანდიდატი, მით უფრო მეტი შანსი აქვს, მაგრამ ვიმეორებ, პარტიული კომპონენტის თვალსაზრით, ყველაზე დიდი შანსი „ქართული ოცნებას“ აქვს.