„სინდის-ნამუსზე რუსეთის აგდებამ შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი“

„სინდის-ნამუსზე რუსეთის აგდებამ შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი“

დადგა თუ არა დრო, რომ რუსეთის ხელისუფალთ წერილები მივწეროთ? ოპოზიცია ამაში მომაკვდინებელ შეცდომას, მოსაწყლებულ და თავჩაქინდრულის პოზიციიდან საუბარს ხედავს. გიორგი ბარამიძეს ხატოვანი გამოთქმებიც ახსენდება, რომ „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. თუმცა სხვანაირად უყურებს ამ საკითხს იან კელი. აშშ-ის ელჩი ფიქრობს, როცა ხარ ოკუპანტი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით პასუხისმგებლობაც გაკისრია. ამდენად, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ამ წერილით და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით დიდი ცოდვა არ ჩაუდენია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი კონკრეტული ფაქტებით ამყარებს პრემიერის პოზიციას. ის მიიჩნევს, რომ საქართველო ჰიბრიდული სახის კონფლიქტის წინაშე იმყოფება და ასეთ ვითარებაში კვირიკაშვილის განცხადება იძულებითი აუცილებლობა იყო.

ვისი ცრემლების სჯერა მოსკოვს და იგრძნობოდა თუ არა ცრემლები საქართველოდან გაგზავნილი უსტარის მიღმა? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

დავით ზარდიაშვილი: გასაგებია, რომ პრემიერმა წერილით მიმართა რუსეთს, მაგრამ ვერ დავეთანხმები ოპოზიციას, რომ აქ რაიმე სახის თავჩაქინდრულობაზე, უკან დახევასა და ღირსების შელახვაზეა საუბარი. ეს წერილი ამას არ ჰგავს. ფაქტი ერთია, გვინდა თუ არა, რუსეთი ჩვენი მეზობელი იყო და იქნება. ისიც ფაქტია, რომ ეს წერილი შეიძლება აღიქმებოდეს მგლის თავზე სახარების კითხვად. დღევანდელ რუსეთთან ძალიან რთულია საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენი დასავლური ორიენტაცია უცვლელია, მაგრამ რუსთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია. რაც ბევრჯერ მივმართავთ და სინდის-ნამუსზე ავაგდებთ რუსეთს, შეიძლება ამან შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი. საქართველო მტრებს არ ეძებს, ის ცდილობს, ყველა კონფლიქტიდან მშვიდობიანად გამოვიდეს, მაგრამ, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში, ეროვნულ ინტერესთა ხარჯზე. ზუსტად ასეთია პრემიერის მიმართვაც.

იმ ხალხს, რომელმაც ათი წლის წინ ისეთი უზარმაზარი ტრაგედია დაგვატეხა თავს, როგორიც იყო აგვისტოს ომი, საერთოდ არ ეგების, რაიმე შეაფასოს. ეს იყო უდიდესი კატასტროფა, არსებითი მარცხი საქართველოსი, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. იმის შედეგია ის, რომ დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამიტომ კვირიკაშვილის ამ განცხადებას ისეთი შინაარსი არ აქვს და ისე არ უნდა აღიქვან, თითქოს ეს უკანდახევა და რუსეთის წინაშე კაპიტულანტური პოზიციაა.

თუ კარგად წაიკითხავენ მიმართვის ამ ტექსტს, აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთმაც გააცნობიეროს არჩევანი, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოსთან ურთიერთობაში. ან ეს მტრობა უნდა გაგრძელდეს და დიდ ისტორიულ პერსპექტივაში სიკეთეს არ მოუტანს თავად რუსეთს, ან კიდევ, რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. სწორედ ამას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. გაუგებარია, რაში ხედავენ აქ დათმობას.

ღიმილის მომგვრელია ლევან ბერძენიშვილის პოზიციაც, რომ უნდა გადადგეს ასეთი განცხადების დამწერი პრემიერი. თუ ვინმე ატეხავს ურაპატრიოტულ ყიჟინას და მსგავსი გამოხტომები იქნება, ამას არანაირი რეალური გავლენა პოლიტიკაზე არ ექნება. სასაცილოა, როცა გულში მჯიღის ცემით რაღაცებს გაჰყვირიან. მეორე მხრივ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას და ასეთი აღქმაც არ უნდა დარჩეს, რომ ეს იყო კოჭის გაგორება იმ ინტელიგენციისთის, რომელმაც ამას წინათ ნატოს საწინააღმდეგო წერილი დაწერა. ბუნებრივია, საქართველო ორიენტაციას არ იცვლის, უბრალოდ, ჩვენი დასავლელი პარტიონორები მუდამ უსვამენ ხაზს, რომ საქართველომ უნდა სცადოს, იქნებ, გამონახოს გზები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. პირიქით, ზუსტად ეს ნორმალიზება მიეხმარება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

თქვენ ინტელიგენციის წერილი ახსენეთ. საინტერესოა, რომ ირმა ინაშვილიც გამოეხმაურა პრემიერის მიმართვას და, მე მგონი, ინაშვილი ოპოზიციიდან ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა გარდამტეხი აღმოჩნდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთებიპატრიოტთა ალიანსსრუსეთუმეებად განიხილავენ, ასეთი შეფასებები ხომ არ დააკნინებს პრემიერის მიმართვის ღირებულებას?

- სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დღეს ვითარება ისეთია, ლევან ბოძაშვილის ნათქვამის არ იყოს, ჰიბრიდული სახის საშიშროების წინაშე დგას საქართველო. მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, საქართველოს ბეწვის ხიდზე გასვლა უწევს, ამიტომ ძალზე მოზომილი უნდა იყოს ჩვენი ყოველი ნაბიჯი. ამ შემთხვევაშიც, პრემიერის მიმართვას შესაძლოა სხვადასხვაგვარი აღქმა ჰქონდეს, მაგრამ ეს მიმართვა საკმაოდ დელიკატური, მოზომილია და უკან დახევას არ გულისხმობს. უბრალოდ, ეს არის კონსტანტაცია იმ ფაქტის, რაც ათი წლის წინ მოხდა და იმ მდგომარეობის, რომ ჩვენ აქედან აუცილებლად უნდა გამოვიდეთ. ამიტომაც პრემიერი რუსეთს მოუწოდებს, იქნებ, გადავხედოთ ამ ურთიერთობებს და გამოსავალი მოვნახოთო. ეს შეიძლება დარჩეს ხმად მღაღადებლისად, მაგრამ საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო ცდილობს, ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მონახოს.

კვირიკაშვილი ახსენებს აგვისტოს ომის ათი წლისთავს. ფაქტია, ქართული მხარე, წინამორბედი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არ აპირებს, ამ თემით სპეკულირებას და ურთიერთბრალდებების მწვავე განცხადებებით ამ თარიღის აღნიშვნას. საინტერესოა, თავად რუსები რას აპირებენ? ჩვენ გვახსოვს, რუსი მაღალჩინოსნებისგან რამდენჯერმე საუბრისთვის მზადყოფნის სურვილი გამოითქვა, თითქოს ისინი მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვდნენ, მაგრამ ქართველები არ თანხმდებონენ. რეალისტური იყო რუსების მაშინდელი შეთავაზებები მოლაპარაკების თაობაზე?

- ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების ხელში, მათი შეთავაზებების არ მჯერა. თუმცა აგვისტოს ომის შეფასებისას მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს და საქართველომ გაიაზროს სააკაშვილის მთელი ანტიკონსტიტუციური მოქმედება. ჩვენს შიდა პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეფასდეს ეს ნაბიჯი, როგორც მოღალატური და გამყიდველური. სააკაშვილმა კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე გამოიყენა შეიარაღებული ძალები, რაც ჩვენსავე ტერიტორიაზე გააკეთა, მაშინ, როცა შებოჭილი იყო საერთაშორისო კონვენციებით - დაგომისის ხელშეკრულებას ვგულისხმობ. ამან გამოიწვია კატასტროფული ვითარება და რუსეთის ამხელა არმია დაგვატყდა თავს, მთელი თავისი სამხედრო ძალით, რასაც საქართველომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ისე, რომ რეალურად სააკაშვილს ბრძოლა არც უწარმოებია, სრული კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღეს რა მდგომარეობაშიც ვართ რუსეთთან, ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია. ჩვენ საზავო ხელშეკრულება არ გვაქვს რუსეთთან დადებული. მართალია, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, სარკოზის შუამავლობით რომ დაიდო, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ არის პოლიტიკური შეთანხმება. ეს გახლავთ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, ომის ცხელი ფაზიდან სიტუაცია გადავიდა გაურკვეველ ფაზაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. რუსეთთან ზავი ჩვენ არ დაგვიდია, ანუ არც ომი გვაქვს რუსეთთან და არც ზავი, ასეთი ჩიხური მდგომარეობაა. ეს დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს, კვირიკაშვილიც ამაზე საუბრობს, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ადრე იქნება თუ გვიან, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე და ეს ისტორიული ლოგიკაა, რომ ყველა ომი მთავრდება საზავო ხელშეკრულებით. იქნებ, ჩვენც ვიფიქროთ ამაზე. რუსეთის შემოთავაზებები და თუნდაც კვირიკაშვილის მიმართვა ამ პროცესს ვერ დაასრულებს, მაგრამ რაღაც სასიკეთო შეიძლება ნამდვილად დაიწყოს. რუსებსაც მოუწევთ, დაფიქრდნენ, ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს შეიძლება გაძლონ.

როგორი პირობები უნდა ჩაიდოს საზავო ხელშეკრულებაში, რაზეც საქართველო წამსვლელი იქნება რუსეთთან ურთიერთობისას?

- ეს არ უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს საკითხი შეუვალია, ჩვენ არ დავთმობთ საკუთარ ტერიტორიებს, ვერ შევურიგდებით ოკუპაციას, მაგრამ გარკვეულ პირობებზე ფიქრი შეიძლება.

ფაქტია, ჩვენ არც დასავლურ ორიენტაციას დავთმობთ, მაშინ რაღა რჩება რუსეთთან სალაპარაკო?

- მიუხედავად ამისა, რომ შეიძლება ვიფიქროთ, მაშინ რაღა რჩება რუსეთთან სალაპარაკო, მაინც შეიძლება პოზიტივზე საუბარი. ხომ მიდის კარასინ-აბაშიძის ფორმატი? ჩვენ შეიძლება მცირედით დავიწყოთ. დავიწყოთ ჰუმანიტარული ურთიერთობებით, ეკონომიკური ურთიერთობებით და შეიძლება ამის შემდეგ დიდი გარღვევაც მოხდეს. თუმცა რუსეთმა უნდა გადასინჯოს თავისი პოზიცია, რისკენაც კვირიკაშვილიც მოუწოდებს. რუსეთი არ უნდა აღიქვამდეს ამ ურთიერთობებს დასრულებულად. ის პოზიციები, რომ ჩვენ არ შევცვლით ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარების პოლიტიკას, აღარ უნდა იყოს დოგმა რუსებისთვის.