„მომხმარებელი რით არის დაცული, რომ აგრარულ ბაზარზე, სიტყვაზე, მგლის ხორცს არ შეაპარებენ?!“

„მომხმარებელი რით არის დაცული, რომ აგრარულ ბაზარზე, სიტყვაზე, მგლის ხორცს არ შეაპარებენ?!“

გლდანში ცხენებს ხოცავენ და დახლებზე ძროხის ხორცად ასაღებენ. ინტერნეტმომხმარებელი თეონა კუპრეიშვილი ამის ამსახველ ფოტოებს ფეისბუკზე ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ კუპრეიშვილმა „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასაც“ აცნობა და ფეისბუკჯგუფში „ცხოველებისადმი სისასტიკე“ განათავსა ეს ინფორმაცია, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ჩვენს დახლებზე არა მარტო ცხენის, არამედ ჯორის და სახედრის ხორცსაც საქონლის ხორცად ასაღებენ.

- არა მარტო გლდანში, არამედ სხვაგანაც, პერიფერიებში ხოცავენ ცხენებს და საქონლის ხორცად ასაღებენ. ასეთი შემთხვევები გვაქვს უფრო დასავლეთში, ასევე, თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ამისთვის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. შემდეგ ეს ხორცი სამომხმარებლო ბაზარზე ხვდება და ჩვენ ვყიდულობთ, როგორც საქონლის ხორცს. ეს სიახლე არ არის. უკვე წლებია, ამ ბიზნესით „მუშაობენ“ ადამიანები. ამიტომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა რაღაც ქმედებები უნდა განახორციელოს, რადგან არ შეიძლება მომხმარებელს 15 ლარად აძლევდნენ 3-ლარიან ხორცს. ამ პრობლემას თვითონ ჩვენი ხელისუფლება არ და ვერ არეგულირებს.

არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორიები?

- ამის იდენტიფიცირება რომ მოვახდინოთ, ლაბორატიული კვლევა ათასი ლარი ჯდება. ვის აქვს ათასი ლარი, რომ ეს გააკეთოს? ფიზიკური პირი რომ გადაიხდის 15 ლარს ხორცში და წელიწადში ერთხელ მონატრებულ ხორცს გასინჯავს, ის წავა და ათას ლარს გადააგდებს ლაბორატორიულ კვლევაში? როგორც ასეთი, აკრძალვა ცხენის ხორცზე არ არის, ის მავნებლობით არ გამოირჩევა. პირიქით, სასარგებლოცაა, მაგრამ მე, როგორც მომხმარებელი, ხომ უნდა ვიყო ინფორმირებული, ცხენის ხორცს ვყიდულობ, თუ საქონლისას? დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც ახლაც შედის ცხენის ხორცი, რბილდება ეს ხორცი და შემდეგ უახლოეს სამომხმარებლო ბაზარზე გადის, როგორც საქონლის ხორცი.

რას ნიშნავს რბილდება?

- ძვლებს აცლიან და არის რბილი ხორცი ძვლის გარეშე. დიდი განსხვავება არაა, ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერც განასხვავებს ამას ვიზუალურად, თუ კარგი გამოცდილება არ აქვს. ცხენის ხორცის ნეკნი მრგვალია, ადამიანის თითის მაგვარი, საქონლისა კი უფრო ბრტყელი, ამით ხდება მათი იდენტიფიცირება. ამიტომ, როდესაც მომხმარებელი რბილს ყიდულობს, ასეთი მომხმარებლის 70% მოტყუებულია.

ცხადია, კატლეტში, სოსისსა და ფარშში გაცილებით რთულია ხორცის იდენტიფიცირება.

- რა თქმა უნდა. არ მინდა ხალხს განწყობა გავუფუჭო, მაგრამ კატლეტებში არის ჯორის ხორცი, სახედრის ხორცი. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან სადმე გარეუბანში სასადილოში რომ შეხვალთ და ოსტრის მოითხოვთ, ვერც გებულობთ, რას მიირთმევთ. წარმოიდგინეთ, სუნელებლებიანი, მარილიანი, დამახინჯებული პროდუქტია ზუსტად იმით, რომ სუნელებშია. ეს არის ვირის ხორცი. ცხენის ხორცსაც აღარ კადრულობენ, რომ ჩადონ შიგ. როგორც სპეციალისტები მეუბნებიან, ვირის ხორცს ის მავნებლური თვისება აქვს, რომ ადამიანის გონებას აჩლუნგებს. კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. მე გავიარე ეგ თემები, სადმე რაიმე დარღვევის შესახებ რომ მესმოდა, ეგრევე გავრბოდი. ჩვენ უძლურნი ვართ ამის წინაშე, ბაზარზე რბილი რომ იყიდება, ყველა მომხმარებელს განათლებას ვერ შევძენთ ამ მიმართულებით, რომ იდენტიფიცირება ფერით მოახდინოს. თუმცა ფერსაც აყალბებენ, „მარგანცოვკას“ უსვამენ რაღაც შემადგენლობით, ქიმიურ ხსნარში დებენ ამ ყველაფერს და სულ სხვა შეფერილობას ღებულობს ხორცი, ძალიან ჰგავს საქონლის ხორცს. ქაღალდის ხელსახოცი რომ აიღოთ და ხორცს დაადოთ ზემოდან, თუ იმაზე გადავა ფერი, ის უკვე შეღებილია.

სურსათის უვნებლობას ხომ შეუძლია, თანხები გამოყოს, რომ ბაზარში მაინც გაკონტროლდეს, როგორი სახეობის საქონლის ხორცი შედის?

- თანხები თავისთვის გამოყოფილი აქვთ და ყველაფერი ძალიან კარგად იციან. თავად სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები არიან ამ კორუფციულ მექანიზმში ჩართულნი და ამით უამრავ თანხას აკეთებენ. კონტროლის აუცილებლობაზე საზოგადოება ლაპარაკობს, თორემ მათ კონტროლი არ აწყობთ. პირადად მე ხორცის თითოეული ნაჭრის შემოწმებაზე ათასი ლარი რომ გადავიხადო, 300-400 ათასი ლარი მაინც დამიჯდება ლაბორატორიაში მისვლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოს რომ დაუკავშირდეთ, მათი წარმომადგენელი გეტყვით, „ჩვენ სამომხმარებელო ბაზარზე სიტუაციას ვაკონტროლებთ, მეწარმე ვალდებულია, შევიდეს და ბოინში დაკლას საქონელი, თუმცა მეწარმეები ამას არ აკეთებენ, ამიტომ ბოინის შემოვლითი გზით ხვდება ასეთი ხორცი აგრარულ ბაზარზე და ჩვენ რა ვქნათ? თუ თქვენთვის ცნობილი იქნება აღნიშნული ფაქტის შესახებ, გთხოვთ, მობრძანედეთ და მოვახდენთ იდენტიფიცირებას“, - ესაა მათი დაზეპირებული ტექსტი, რომელიც მთელმა საქართველომ იცის.

მომხმარებელი რით არის დაცული, რომ აგრარულ ბაზარზე, სიტყვაზე, მგლის ხორცს არ იყიდის? ეს ინსტიტუტი დაკნინებული და კორუფციული სისტემის შემადგენელი ნაწილია. ამაზე პასუხისმგებლობას ვის მოვთხოვთ, როცა თვითონ არიან ამ ბიზნესში?

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ უნდა აიკრძალოს ცხენების დახოცვა და ამისთვის ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას. ალბათ, ეს გულუბრყვილობაა, რადგან, სადაც ძროხებს ხოცავენ, ცხენების დაცვა ჰუმანურობად არ ჩაითვლება.

- ცხადია, ეს გულუბრყვილობაა. ბოინში ჩვეულებრივად შეგიძლიათ შეიყვანოთ ცხოველი და მოითხოვოთ, ცხენი მყავს დასაკლავიო. ეს სულაც არ არის პრობლემა, მოსაკრებელს გადაიხდით და ბოინი ვალდებულია, მოგემსახუროთ. ამაზე აკრძალვა არ არის. ამიტომ არასწორია საუბარი იმაზე, რომ თურმე ცხენის დაკვლა არ შეიძლება. მაშინ ძროხის დაკვლა შეიძლება, ან ხბოს დაკვლა უფრო მისაღებია? თიკნის, გოჭის დაკვლა შეიძლება? ამ თეორიას რომ მივყვეთ, მაშინ საქართველოში ხორცის მირთმევა უნდა ავკრძალოთ. უბრალოდ, უნდა იყოს ვალდებულებები გამიჯნული. ვალდებულებებში კი წერია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ კონტროლი გაუწიოს აგრარულ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებას, რასაც ესენი არ აკეთებენ, რადგან კორუფციული მექანიზმით და ბინძური ფულებით იკვებებიან. გარწმუნებთ, ისინი ბაზარში არც შედიან და ჩვენსავით არ ყიდულობენ საქონლის ხორცს. თავიანთი ადგილები აქვთ, სადაც ხორცს იძენენ.

სუპერმარკეტებშიც იგივე ხდება, თუ იქ მაინც ამოწმებენ?

- გამორიცხული არაფერი არ არის. შარშანწინ მქონდა ინფორმაცია, რომ ერთ დიდ ჰიპერმარკეტში შეფარულად, თითქოს საქონლის ხორცი იყო, იყიდებოდა ცხენის ხორცი, ასევე, კამეჩის ხორცი. ხორცის დიდ ქსელურ მომარაგებასა და წარმოებაზე ვინც მუშაობს, სწორედ ის გვთავაზობს საქონლის ხორცის ნაცვლად კამეჩის ხორცს, რომლის იდენტიფიცირებაც არ ხდება. სინამდვილეში, კამეჩის დაბალფასიან ხორცს მაღალ ფასად გვაძლევენ.

კამეჩის ხორცის იდენტიფიცირება როგორ ხდება?

- თუკი საქონლის ხორცს ორსაათიანი ხარშვა სჭირდება, კამეჩის ხორცს სჭირდება ოთხი საათი. ასეთ დროს დიასახლისი იძახის, ვხარშავ, ვხარშავ და არ იხარშება, ალბათ, ბებერი ხორციაო. სინამდვილეში კი, ბებერი კი არა, კამეჩის ხორცია. ვიზუალურად იმისთანა ხასხასა ფერი გაუდის, ნერწყვი წამოგივა.

როგორც ვიცი, მკვდარი ცხენის ხორცსაც ყიდიან, ცოცხლად დაკლულის რანგში.

- დიახ, ამას დავარდნილ საქონელს ეძახიან. ზოგიერთი საქონელი დაავადებულია, ზოგს ფეხი ტყდება. ერთ-ერთი ჟურნალისტი მომიყვა, როდესაც ზაჰესში მიმავალ გზაზე სატრანსპორტო საშუალებით დაზიანდა ძროხა, ცხოველი წელში გადაიხსნა და გახეთქილი ეგდო. ღამის საათებში ურეკავდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მოდით, ძროხა გდია, რაღაც გააკეთეთ, რომ დღეს თუ ხვალ ბაზარზე არ აღმოჩნდეს მისი ხორცი და ჩვენ არ შევჭამოთო, მაგრამ არავინ მისულა. ცხადია, ავარიის შედეგად დავარდნილი პირუტყვიც ხვდება სამომხმარებლო ბაზარზე.

ამგვარი უკონტროლო სიტუაციის გამო რამდენად სახიფათოა ნახევარფაბრიკატები?

- ნახევარფაბრიკატების შესახებ მუდამ ვიძახდით, არ მიირთვათ. ვისაც კუჭ-ნაწლავის ოდნავი პრობლემა აქვს, ე.წ. იჟოგას რომ ვეძახით, გულძმარვას, სწორედ ამ ნახევარფაბრიკატებიდან მოდის, ანუ გაფუჭებული პრუდუქციით ხდება ნახევარფაბრიკატების დამზადება. ისინი არაფერს ყრიან, სხვადასხვა ფრაგმენტი იჭრება წვრილად, რასაც შიგთავსში უკეთებენ პელმენს, კატლეტს, ხინკალს და მერე მივირთმევთ და ვიძახით, „იჟოგა“ მაქვსო.