„ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია“

„ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია“

საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმის მიზანია, მოკლულის ოჯახისთვის ერთჯერადი საშვის გამოწერა და ცხედრის ოკუპირებელ ახალ გორში დაკრძალვა, სადაც მოკლულის ბებია ცხოვრობს. საოკუპაციო რეჟიმი ამ მეთოდით ცდილობს დამალოს არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული წამების კვალი.

23 თებრვალს ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის პროზექტურაშია დასვენებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე მოხდა, კრემლმა ამ შემთხვევაში ჩვეული ოპერატიულობა დაარღვია და დუმს. კრემლის დუმილის პარალელურად აქტიურია საერთაშორისო თანამეგობრობა. აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს ახალ საზღვრებს და არ აღიარებს საქართველოს ორ რეგიონს დამოუკიდებლად.

„ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს.

ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მის ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი. უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი. აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყოვნებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს“, - განაცხადა იან კელიმ.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მონიეს ინფორმაციით, დეფაქტო ხელისუფლება ცხედრის გადმოცემას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში აპირებს. ელჩის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

„ტატუნაშვილის საკითხის გამოძიებაზე საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ეს თემა განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. როგორც ვიცი, დეფაქტო ხელისუფლება აპირებს სრული ინფორმაციის გასაჯაროებას და ცხედრის გადმოცემას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ გაირკვას, რა მოხდა რეალურად. საერთაშირისო თანამეგობრობა აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში და ელოდება შედეგებს“, - აღნიშნა პასკალ მონიემ.

არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ქართული პოზიცია და და ოპოზიცია ისევ რეზოლუციის ტექსტის შინაარსზე კამათობს. როგორც ცნობილია, პარლამენტში მმართველი გუნდის და ოპოზიციის მიერ რეზოლუციის ორი პროექტია შესული. ოპოზიცია ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსი დოკუმენტის მიღებას ითხოვს, რომელიც მათი თქმით, რუსეთს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურ ფასს დაუსვამს. რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, ტექსტში მსგავსი სანქციები არ არის გათვალისწინებული.

„ერვოპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, თუ რეზოლუციაში არ იქნება გათვალისწინებული სანქციების პაკეტი, ეს იქნება მხოლოდ ქაღალდი. კანდელაკის თქმით, ევროპარლამენტარები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ემხრობიან. კანდელაკი განმარტავს, რომ თუ მსგავს სიას საქართველოში არ დაამტკიცებენ, მაშინ ევროკომისია შესაბამის დირექტივებს ვერ გამოსცემს.

„ევროპარლამენტის წამყვანმა წევრებმა, ვინც მაგნიტსკის სიის შემუშავებაში შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი, უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს იდეას და ნათელია, რომ თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ ინდივიდუალური სანქციების პაკეტს, მაშინ ევროპარლამენტი რანაირად მიიღებს და რანაირად დაავალებს ევროკომისიას, რომ შესაბამისი დირექტივით გამოსცეს ეს სანქციები და კანონის ძალა მიიღოს ამ ყველაფერმა?!“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი, დროის გაწელვას ცდილობს.

„სინამდვილეში ხდება ის, რომ სანქციებთან დაკავშირებული საკითხი შესათანხმებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ანუ თუკი დავაზუსტებთ, ჯერ ბიძინა ივანიშვილთან არ არის შეთანხმებული. ამიტომ სჭირდებათ დროის გაწელვა და ქმნიან დიალოგის ილუზიას. პარლამენტის რეზოლუციაში ელემენტარული რამ უნდა ჩაიწეროს, რომ შედგება სია, სადაც იმ ადამიანების შეყვანა მოხდება, რომლებმაც არაადამიანური ქმედება ჩაიდინეს და ხალხი დახოცეს, ასევე სიაში უნდა შევიდნენ ის პირები, ვინც ყოველივე ამას შეუწყეს ხელი. რა სირთულეა ამის გაკეთებაში?“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბროსას რომან გოცირიძე.

ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმარვლესობის ლიდერის, არჩილ თალაკავძის განცხადებით, სულისკვეთება იყო, რომ პარლამენტს მიეღო ერთი პრინციპული რეზოლუცია, რაზეც მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ რეზოლუციაში ჩაიწეროს სანქციები და შემუშავდეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, თალაკვაძე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ რეზოლუციის ტექსტს კიდევ ერთხელ განმარტავს და აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში კონკრეტული ქმედებებიცაა გაწერილი.

„საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში მოცემულია, როგორც მკაცრი შეფასებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული მოქმედებები, რაც ბუნებრივია, ითხოვს და მოითხოვს გამოძიების ჩატარებას, იმ ადამიანების მიმართ კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე, ითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის დაშვებას“, - აცხადება არჩილ თალაკვაძე.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე იყო საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრისა და განხილვის მთავარი თემა. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირისთვის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმმა ოჯახს ცხედარი არ დაუბრუნა. მოგერინიმ პროცესებში ჩართულობის მზაობა გამოხატა.

„ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ. ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.