უხარისხო იმპორტირებული პროდუქტის დაწუნება აკრძალულია!

უხარისხო იმპორტირებული პროდუქტის დაწუნება აკრძალულია!

[ეკა ბაქრაძე]

ქართული ბაზრის 80 პროცენტი გაურკვეველი წარმოშობის იმპორტირებულ სასურსათო ნაწარმს უჭირავს, რომელიც უცხოურ ბაზრებზე ყველაზე იაფიანია და საქართველოში 3-ჯერ მაღალ ფასში იყიდება. მართალია, სურსათის ეროვნულ სამსახურს იმპორტირებული პროდუქციის მაკონტროლებელი სტრუქტურის უფლება აქვს, მაგრამ რეალურად კონტროლი არ ხორციელდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ხარისხის კონტროლი რეალურად არ ხორციელდება და მონოპოლიურ პირობებში შემომტანებსაც მეტი თავისუფლება აქვთ. მოძრაობა „მწვანეა პარტიის“ ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ საქარველოში დღეს ხარისხის მაკონტროლებელი არცერთი უწყება არ არსებობს და სურსათის ეროვნული სააგენტო დანიშნულება მხოლოდ შემოტანილი პროდუქტის სერტიფიკატის აღიარებით შემოიფარგლება.

„ფაქტობრივად, იმპორტირებული ნაწარმის კონტროლი არ ხორციელდება. ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობაა. ბიზნესში მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან ჩართულნი. შემოდის უხარისხო ნაწარმი, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდვითი უნარი არის ძალიან დაბალი. ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე ეძებენ იაფფასიან, უხარისხო, კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქციას და აქ სამ და მეტჯერ მაღალ ფასში ყიდიან.

სადღაც ნაშოვნი იაფი პროდუქცია შემდეგ სამომხმარებლო ბაზარზე ხვდება. მაღალი ხარისხის ნაწარმს სამომხმარებლო ბაზარზე ვერ იპოვით. მოქმედი კანონმდებლობა ხარისხის კონტროლს არ ითვალისწინებს. სასურსათო პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ასეთ ნაწარმს ბაზრის 80 პროცენტი უკავია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ყველაფერს, რაც დღეს იყიდება უცხოური ეტიკეტი ადევს. აღმოჩნდა, რომ კვერცხიც კი, რომელიც თითქოს, საქართველოში იწარმოება, სინამდვილეში იაფად შემოტანილი უხარისხო იმპორტირებული პროდუქტია.

ასე ხდება რძესა და რძის პროდუქტების შემთხვევაში. ბევრს ჰგონია, რომ ქართულ რძეს ყიდულობს, მაგრამ ისიც იმპორტირებული რძის ფხვნილისგან არის დამზადებული. სასურსათო წარმოება საქართველოში, ფაქტობრივად, მკვდარია“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტი პრობლემა დრო და დრო იჩენს თავს, მაგრამ არც ერთხელ არ მიღებულა გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას გმო პროდუქციისგან დაიცავს.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საწინააღმდეგო კამპანიის კოორდინატორი გიორგი მაღრაძე აცხადებს, არ არის პოლიტიკური ნებადა ამიტომ არ ხდება ამ საკითხის დარეგულირება ქვეყანაში.

„მთავრობას აქვს უცებ მოგების ინტერესი, სხვა არაფერი. დღესდღეობით არავინ დავობს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმუნურ და საჭმლის მონელების სისტემაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ვინც შეგნებულად აჭიანურებს ამ საკითხის გადაჭრას, ხელს უწყობს ერის სტერილურობასა და გენოციდს“, - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს უწყება ყველა ტიპის სურსათის მწარმოებელი საწარმოს კონტროლსა და ინსპექტირებას „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, 2011 წლის 3 იანვრიდან ახორციელებს.

„ქსელში გასაყიდად განთავსებული იმპორტირებულ სურსათის მონიტორინგს ლაბორატორიული კვლევის მიზნით სააგენტო ახორციელებს. თუკი სურსათი მავნებელი აღმოჩნდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ხდება მავნებელი სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება.  სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობის შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები და მეწარმეს - რეალიზატორს ეძლევა მათი გამოსწორების გონივრული ვადა“, - სულ ეს არის, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს.