დაუპატიჟებელი სტუმრები

დაუპატიჟებელი სტუმრები

ბევრი ცნობილი მსახიობი გვყავს ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურები არიან და თაობათა ცვლის პროცესი არასოდეს ეხებათ. ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ყოველთვის ახლობლებად რჩებიან და მათზე მთელი თაობები აღიზარდნენ და იზრდებიან.

მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა:

“დოდო აბაშიძე ჩემზე ექვსი წლით იყო უფროსი. აქ გავიზარდეთ, ვერაზე. ჩვენს თაობას “ვასოს აფთიაქის” წინ გვქონდა ბირჟა. დოდო ომის დროს გავიცანი, 11 წლის ვიყავი. ჩვენი მამები მეგობრობდნენ და ჩვენც ოჯახებით ვმეგობრობდით. ჩემი უფროსი შვილის ქორწილში თამადად დოდო იყო. მერე ისე მოხდა, რომ გადასაღებ მოედანზე შევხვდით ერთმანეთს. რამხელა გული ჰქონდა, იცით? ისეთი სევდიანი კაცი იყო, გარეთ ჩანდა “აშაღლარა”, თორემ...

“სამანიშვილის დედინაცვალში” პლატონის როლი უნდა მეთამაშა. ჩოხას ვიკერავდი უკვე, წვერი მქონდა მოშვებული. მოხდა ისე, რომ მოსკოვში წავედი და როცა დავბრუნდი, ამ როლზე იმედა კახიანი დამხვდა დამტკიცებული. იმედა ჩემი მეგობარია და არ მწყენია. სხვა რომ ყოფილიყო, მეწყინებოდა. ამ დროს მოვიდა დოდო ჩემთან და მეუბნება, ჩქარა, გაიპარსე წვერი, ხვალ ბრატისლავაში მივდივართ, თემურ ფალავანდიშვილი იღებს ფილმს “რაჭა ჩემი სიყვარულიო”. მაშინ დოდომ გამოიჩინა ინიციატივა თემურთან – გურამი დაიჩაგრა და გავართოთო”.

კინოსტუდია “ქართული ფილმის” მემონტაჟე დალი კოლხიდაშვილი ერთ კურიოზულ ისტორიას იხსენებს, რომლის მთავარი მომქმედი გმირი ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი იყო.

“ტატო კოტეტიშვილის ფილმის “ისინი” გადაღება თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. თავგადასავლები ფილმის გადასაღებად წასვლამდე აიკინძა.

გადაღებაზე ზოგმა ცოლი წამოიყვანა, ზოგმა “ნაშა”, ზოგმაც ვითომ მამიდაშვილი და ჩვენ - რეჟისორი, ფილმის მემონტაჟე და მთავარი როლის შემსრულებელი ვეღარ დავეტიეთ თვითმფრინავში.

მოკლედ, არასაჭირო ხალხით გაიძეძგა თვითმფრინავი და ჩვენ, ვინც მართლა ფილმისთვის აუცლებლები ვიყავით, გარეთ დავრჩით. გაფრინდა მხოლოდ ჩვენი ბარგი და ხელჩანთები, სადაც გვეწყო ფულთან ერთად სახლის გასაღებებიც, დავრჩით ასე ღვთის ანაბარად. სხვა გზა არ გვქონდა, ყველაზე სტუმართმოყვარე ნაცნობს უნდა მივდგომოდით. არჩევანი ვახუშტი კოტეტიშვილზე შევაჩერეთ, რადგან ბიძია ვახუშტი ამგვარ შემთხვევებში მართლაც რომ გაჭირვების ტალკვესი იყო.

ვეწვიეთ და ბოროტად ვისარგებლეთ მისი სტუმართმოყვარეობით. ერთი კვირა ფეხი არ მოგვიცლია მისი ოჯახიდან.

ბოლოს, გადაიღალა ჩვენი ტაშ-ფანდურით და იძულებული გახდა, თვითონვე აეღო ბილეთები ჩვენი მთა-თუშეთში გასაფრენად”.

მსახიობი ზურა ყიფშიძე კი ბატონ იპოლიტე ხვიჩიასთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ისტორიას იგონებს:

“ზაფხულის ერთი მშვენიერი, მზიანი შუადღეა, კინოსტუდიაში ვარ, გადაღებას ველოდები პავილიონთან. ვხედავ, ეზოში ბატონი იპოლიტე ხვიჩია შემოდის, ჩვეულებრივად, საზაფხულო “შლაპით”. იღლიაში, ასე 5-6 კილოიანი საზამთრო ამოუჩრია (უყვარდა, საერთოდ, ასეთი ნობათების მირთმევა თანამშრომლებისთვის), 10-12 ნაბიჯი გვაშორებს.

მიუახლოვდა გაზეთების ჯიხურს, ახალი გაზეთები უნდა შეიძინოს, ეს საზამთრო მარცხენა იღლიაში აქვს, როგორც ჩანს, ხურდაც მარცხენა ჯიბეში უყრია.

დაიწყო თვითწამება, არც საზამთროს უშვებს ხელიდან, არადა, ეკონწიალება მარჯვენა ხელით მარცხენა ჯიბეს. თვითონ წარმოიდგენთ, როგორი პროცედურაა მარჯვენა ხელით ხურდა ფულების ამოკრეფა მარცხენა ჯიბიდან, მაგრამ იპოლიტეს რას გაუგებდი? მოკლედ, რომ გასავათდა და აღარ ადგება საშველი, მივუახლოვდი და მივესალმე. გაუხარდა, გამიღიმა, მაგრამ წამსვე მოიღრუბლა:

- მოდი აქ შენ, ზურიკო.
მივედი.
- გამომართვი ეს საზამთრო, დამიჭირე ცოტა ხანს, გაზეთები უნდა ვიყიდო.
- კი მაგრამ, დაგედოთ ძირს ეგ საზამთრო, ბატონო იპოლიტე.
- გამომართვი და ჭკუას ნუ მასწავლი მე შენ! ძირს დადებას დახრა არ უნდა?
- კი.
- მერე აღებას დახრა არ უნდა? ორჯერ დახრა შეუძლია ჩემს წელს?!
ეჰ... აცხონოს ღმერთმა!.’’

ბატონი იმედა კახიანი მხატვრული ფილმი “საბუდარელი ჭაბუკის” გადაღების დროს მომხდარ ერთ სასაცილო შემთხვევას მისთვის ჩვეული იუმორით იხსენებს:

“ამ “საბუდარელს” რომ ვიღებდით, ქუთაისში ჩავედით მაშინ. შოთა მანაგაძემ მითხრა, გამოეწყვე როლის მიხედვით და სასტუმროს წინ დამელოდე, მე აქ საქმე მაქვს და მალე მოგაკითხავო. გამოვეწყვე გოგიტას ტანსაცმელში, ავიღე ჩემი ფუთა (მატარებელში რომ მქონდა გარმონით) და დავდექი მორჩილად სასტუმროს წინ, შესასვლელთან. ერთიც ვნახოთ, მიდი-მოდის წესრიგის დამცველი მილიციონერი გაპრიალებული ჩექმებით.

- რას შობი, გოგო, შენ, რო შობი? – უყვირის გამვლელ გოგოს.
- რა გინდა, რა, იოსკა ბიძია (ქუთაისში ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას დეიდა, ბიცოლა და ბიძიაა)? – შეეპასუხა გოგო.
- რაია, ბიძია და, რო გადმოგიყრია მა ბაყვები, მამა არ გყავს სახში? მოგაჯდება ვინცხა და მერე მე უნდა ვაგო პასუხი
- კაი რა, იოსკა ბიძია.
- ჩეიგრძელე “იუბკა”, რო გეუბნები მე შენ! სკამზე დამჯდარს შეგიკერეს ეგ “იუბკა”, შე უპატრონო?
- ნახავ აგერ, თუ ვინმე მომაჯდება! – არ შეეპუა გოგო და გაიქცა ბაღის კიდისკენ.
- უყურე ახლა ამას! – ჩაილაპარაკა იოსკამ და მე მომადგა
- ბომჟი ხარ?
- რა. ბატონო?
- ბომჟი ხარ, რას აკეთებ მაქ?
- იმედა ვარ, - გავუღიმე ალალად. სულ არ მახსოვს აჩაჩულ-ჩაჩაჩული გოგიტა რომ ვარ, ფუთით ხელში.
- იმედა, თვარა, შენც ქალაქის საბჭოდან არ იყო. ვის უცდი აქანა?
- ქალაქის საბჭოდან უნდა მომაკითხონ.
კაცი დასაბმელი გახდა.
- მაგლახავებ, შე ტვინგაღვინებულო? მთვრალი ხარ, ჩემო მკვლელო? გეეთრიე აქედან ახლავე, თვარა ცოცხლად გადაგყლაპავ, კუჭში თუ არ მაწყინე.
- ბატონო?
- ხმა!

იღბლად, იქვე გაჩერდა სამთავრობო მანქანა, გადმოვიდა შოთა მანაგაძე, გადმოჰყვა ქუთაისის (მაშინ რო ქალის სახელი არ ერქვა) მერი და ჩამომართვა ხელი – ესაა კაცო, ისო? – ეკითხება ბატონ შოთას.

მილიციელი, “ცისკარში” რომ თაგვია, ისე დაპატარავდა ამის დამნახავი.

ცოტა რომ შეხალვათდა სიტუაცია, მომიხელთა” - არავის უთხრა, თუ ძმა ხარ, არ დამღუპო, ბომჟი რო გიწოდე. ექვსი შვილი მყავს შესანახი, სულ გოგოებია, ბოლოს მანანა ჰქვიაო.
- ეჰ, ყველას მე როგორ უნდა ვუნახო ნამუსი, კაცო?“