საერთაშორისო სავალუტო ფონდს იურისტი ქალი უხელმძღვანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდს იურისტი ქალი უხელმძღვანელებს

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძე]

საერთაშორისო სავალუტო ფონდს სათავეში საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი კრისტინ ლაგარდი ჩაუდგა. სწორედ იგი აირჩია ფონდის დირექტორთა საბჭომ. ასე რომ, არ დაირღვა მრავალწლიანი ტრადიცია და სავალუტო ფონდს კვლავ ევროპელი უხელმძღვანელებს, თუმცა, პირველად ისტორიაში, ეგზომ საპატიო პოსტი ქალმა დაიკავა.

ლაგარდმა დამაჯერებლად მოუგო ერთადერთ კონკურენტს, მექსიკის ცენტრალური ბანკის თავკაცს აგუსტინ კარსტენს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ფრანგ ქალბატონს მხარს უჭერდა მთელი ევროპა, აშშ და ჩინეთი. ამიტომაც იყო, რომ ლაგარდმა ხმების 60 პროცენტზე მეტი იოლად მოაგროვა.

თვადაპირველად, ბევრ ანალიტიკოსს ეჭვი ეპარებოდა, რომ ფრანგი ფინანასისტის მიმართ ამერიკელები ლოიალობას გამოიჩენდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, იმოქმედა პრინციპმა ხელი ხელს ბანს. საქმე იმაშია, რომ თუ სავალუტო ფონდს ტრადიციულად ევროპელები ხელმძღვანელობენ, მსოფლიო ბანკს ამერიკელები თავკაცობენ. ასე რომ, ამერიკელ კანდიდატსაც დასჭირდება ევროპელთა მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის არჩევის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული ტრადიციის გამო. მაგრამ, ფონდის ყოფილი თავკაცის დომინიკ სტროსს-კანის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების და პოსტის განთავისუფლების შემდეგ, მათ ეგრეც ვერ მოახერხეს ერთიანი კანდიდატურის წამოყენება. თუმცა, ესეც რომ მოეხერხებინათ, ძნელი წარმოსადგენია, ჭარბი ძალის წინაშე რაიმე გამოსვლოდათ.

უნდა ითქვას, რომ ლაგარდი თავიდანვე ითვლებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების უმთავრეს პრეტენდენტად. მის გარდა არჩევნებში მონაწილეობა სურდათ ყაზახეთის, ისრაელის, გერმანიის, იტალიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და მექსიკის წარმომადგენლებს. მაგრამ, მექსიკელის გარდა არჩევნებამდე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერავინ მიაღწია.

ანალიტიკოსთა აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე თავისი წარმომადგენლის არჩევა. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციას მოუწევს უახლოეს მომავალში საბერძნეთის ვალების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. სწორედ სავალუტო ფონდის მთავარი მისია იქნება ევროპის კრიზისიდან გამოყვანა.

ფონდის ახალი ხელმძღვანელის გადასაწყვეტი იქნება აგრეთვე დოლართან მიმართებაში ორგანიზაციის სამომავლო პოლიტიკა. დომინიკ სტროს-კანი აქტიურად მოითხოვდა გლობალური ფინანსური სისტემის დოლარზე დამოკიდებულების შესუსტებას. იგი ირწმუნებოდა, რომ მისი დახმარებით სახელმწიფოები მოახერხებდნენ თავიანთი სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირებას და დოლარის წილის შემცირებას.

მაგრამ დომინიკს თავისი ავხორცობის გამო არ დასცალდა. ძნელი სათქმელია, რა დამოკიდებულება ექნება ამ მხრივ ქალბატონ ლაგარდს, მაგრამ თუ მის მიმართ ამერიკის უდიდეს მხარდაჭერას და გამარჟვების შემდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ტიმოთი გაიტნერის მიერ გამოხატულ აღტაცებას გავითვალისწინებთ, ალბათ სტროს-კანის კურსი აღარ გაგრძელდება.

საერთოდ, კრისტინ ლაგარდის წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად მიძღვნილი იყო სავალუტო ფონდის სამომავლო რეფორმირებისადმი, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით ქვოტების გადანაწინების სისტემის შეცვლისადმი.

საინტერესოა, რომ, გარდა იმისა, რომ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი ქალი ხელმძღვანელია, იგი ამასთან პირველია, ვინც ეს პოსტი ეკონომიკური განათლების გარეშე დაიკავა. ლაგარდი დაიბადა პარიზში 1956 წელს. ახალგაზრდობაში იყო სინქრონულ ცურვაში საფრანგეთის ნაკრების წევრი. განათლებით იურისტის პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი ამერიკაში, კერძოდ კი ჩიკაგოს იურიდიულ ფირმა Baker & McKenzie-ში და სტატეგიული კვლევის ცენტრში (Center for International & Strategic Studies)  მუშაობას უკავშირდება. 2005 წელს საფრანგეთში დაბრუნდა და ვაჭრობის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. 2007 წელს ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს გავლენიან ქალთა რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე დაასახელა. ამავე წელს გახდა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ ამ პოსტზე მის ოთხწლიან, თანაც, კრიზისულ პერიოდში მოღვაწეობას დადებითად აფასებენ. ასე რომ, შესაძლოა, სავალუტო ფონდის პირველი ხელმძღვანელი იურისტი ქალი ახალ თანამდებობაზეც წარმატებული აღმოჩნდეს.