არალეგალი ქართველები და ბერძნული ვირუსი

არალეგალი ქართველები და ბერძნული ვირუსი

[გიორგი ბექაური]

ბერძნული ვირუსი გადამდებია. სულ მალე გადაუდებელი „სამედიცინო დახმარება“ შეიძლება დასჭირდეს ევროპის მინიმუმ 5 ქვეყანას. კრიზისი ძლიერდება, რესურსები კი, პირიქით, თანდათან იწრიტება.

ანალიტიკოსების აზრით, ფინანსური არასტაბილურობისა და დეფოლტის საშიშროების წინაშე საბერძნეთის გარდა, ევროპის სხვა ქვეყნები – იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, თურქეთი და უნგრეთიც შეიძლება აღმოჩნდნენ. თუკი ვითარება ამ მიმართულებით გაგრძელდა მორიგი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება.

29 ივნისს, საბერძნეთის პარლამენმა კენჭი უყარა საბიუჯეტო ეკონომიკის სამთავრობო პროგრამას, რომლის მიღება ევროსაბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ათენისადმი წაყენებული მკაცრი ულტიმატუმი იყო.

პროგრამა გადასახადების გაზრდას, პენსიების შემცირებას, სამთავრობო სექტორის დაახლოებით ათიათასობით თანამშრომლის დათხოვნას, სახელმწიფო საწარმოების ტარიფების ზრდას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასების მომატებას ითვალისწინებს.

საბერძნეთის პარლამენტმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა. ამიეირდან, ამ ქვეყანაში სამთავრობო ხარჯები 28 მილიარდი ევროთი შემცირდება, პენსიები დაიკლებს, სახელმწიფო სექტორში მომუშავე 150 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს და მასშტაბური პრივატიზაციის პროცესი დაიწყება. საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დამატებით 400 ათასმა ბერძენმა დაკარგა სამუშაო და ამ  რიცხვის ზრდა გარდაუვალია.

როგორც ცნობილია, საბერძნეთის მთავრობის ასეთი გადაწყვეტილების გარეშე ქვეყანა ევროკავშირის და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან 110 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს ვერ მიიღებს, რომელმაც ქვეყანა დეფოლტისგან უნდა იხსნას.

საბერძნეთის პარლამენტში ანტიკრიზისული გეგმის დამტკიცება მასობრივი არეულობების ფონზე მიმდინარეობდა. ქვეყანაში გრძელდება 48–საათიანი მასშტაბური გაფიცვა, რომელშიც ყველა პროფესიული კავშირი, სახელმწიფო მოხელეები და ეკონომიკის კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გაფიცვა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, უკვე ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა.

წლების განმავლობაში საბერძნეთი არალეგალი ქართველი ემიგრანტების დიდი თავშესაფარი იყო. ასიათასობით ქართველი ელადაში გამომუშვებული გასამჯელოთი სამშობლოში ოჯახებს ინახავდა. ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანა ბევრმა არალეგალმა ქართველმა დატოვა, რამდენიმე ათასს კი ხელფასი შეუმცირდა. მათი ერთი ნაწილი, უკეთესი სამუშაოს ძიების მიზნით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა, დიდი ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, არც იქ და არც აქ უკეთესი პირობები მათ არ დახვედრიათ.

ვინც საბერძნეთში დარჩა, მათ ხელფასი მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 300 ევროთი შეუმცირეს, თუმცა თუკი ვინმემ სამსახური შეინარჩუნა, არც ერთი ჯერჯერობით, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ამბობენ, რომ იქიდან საქართველოში დარჩენილ ოჯახს პურის ფულს მაინც უგზავნიან.

მუშაობას და სამსახურს ვინ ჩივის, ქართველებმა ელინთა მიწის მონახულების სურვილიც დაკარგეს, ხოლო ამჟამად იქ მყოფ ტურისტებს სერიოზული პრობლემები აქვთ.

მასშტაბური გაფიცვის გამო საბერძნეთში ტურისტული რეისები შეჩერებულია. ქართველი ტუროპერატორების ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი ქართველი ტურისტები თავიანთ ტუროპერატორს უნდა დაუკავშირდნენ, რომელიც იქაური პარტნიორის დახმარებით გადაადგილების პრობლემებს მოუგვარებს. რაც შეეხება ახალ ჯგუფებს, იგი, პრაქტიკულად, არც ივსება, რადგან საბერძნეთში გამგზავრების სურვილი თითქმის არავის გამოუთქვამს.