„დროა, დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“, - ამ ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერი.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დროა, შეიცვალოს როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების შავი ფერი, ისე თავად ავტომობილები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იაპონიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების შემდეგ 96-ივე მანქანის საპატრულო პოლიციისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრომანქანებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ იაპონიის მთავრობისგან და კორპორაცია „მიცუბიშისგან“ საჩუქრად მიიღო.
„არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცველმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან ყველგან გავრცელდება. ამას ჩვენ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და მოგვბაძავენ სხვებიც“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც იქვე დასძინა, რომ უცხოური დელეგაციების დახვედრისას, თუკი ამას ეტიკეტი მოითხოვს, შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი შავი ჯიპების თაობაზე, თუმცა სხვა არც ერთ შემთხვევაში ეს გამონაკლისი მისაღები არ იქნება. მით უფრო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობენ.
ევროკავშირის ტრასეკას პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა მისაღებია, რადგან ჰიბრიდული და ელექტრომანქანები ნაკლებს წვავენ, ადამიანებს უფრო ნაკლები უჯდებათ მათი მოხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საწვავის იმპორტს ვახორციელებთ, ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნება მათი შეძენა და ყოველწლიურადაც მზარდი დაბინძურება შემცირდება. ჰიბრიდული და ელექტრომანქანებისგან განსხვავებით, მინიმუმ, ხუთ-ექვსჯერ მეტი ჯდება დიდი ჯიპების შენახვა. ამიტომ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ავტოპარკის განახლებისკენ ნაბიჯები იდგმება.
„მარტო პრემიერის ინიციატივა არ კმარა. რეალურად უნდა განხორციელდეს და სახელმწიფოს ყველა უწყებას მოეთხოვოს ეკოლოგიურად სუფთა მანქანებით ავტოპარკის ჩანაცვლება. ჩვენს დედაქალაქსა და ქალაქებში მაღალმთიანი ადგილები არ არის, ამიტომ უმჯობესია, ჯიპების ნაცვლად, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები მოძრაობდნენ. სხვათა შორის, ამ ეტაპზე ჰიბრიდულები ძალიან გაიაფდა და ავტოპარკის განახლება სწორედ ამ ტიპის მანქანებით შეიძლება. მით უმეტეს, თბილისში უფრო მეტი ჯიპია, ვიდრე თუნდაც ლონდონში, სადაც რამდენჯერმე მეტია მოსახლეობა. ჯიპებს დიდი სივრცე მიაქვთ, რაც პარკინგის პრობლემასაც ქმნის“,-აღნიშნა გელა კვაშილავამ.
მისივე განმარტებით, თუკი ჯიპების ფასი 70-80 ათასი ლარიდან იწყება, ეკოლოგიურად სუფთა მანქანები 30-40 ათასი ლარი ღირს. ხოლო, როცა ბევრ ავტომანქანას ყიდულობ, გაცილებით მეტ შეღავათს მიიღებ. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ, ზოგადად, ჩვენში შავი ფერის ავტომანქანები პრესტიჟად მიიჩნევა. ასეთი მენტალური დამოკიდებულება ძველი დროიდან მოდის, როცა შავი ფერის მანქანებში ჩამსხდარ ადამიანებს გამორჩეულად წარმოედგინათ თავი. არადა, სახელმწიფო მოხელეებიც ჩვენს მიერ დაქირავებული ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან.
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორი გოგი ჩუტკერაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა მანქანები გააჯანსაღებს გარემოს და ნაკლები დანახარჯით შევძლებთ ისეთი მანქანების შეძენას, რომელთაც გამონაბოლქვი ან საერთოდ არ ექნება, ან ნაკლები გამონაბოლქვი ექნება.
„ჯიპი ელექტრომობილები ჯერ კიდევ არც ისე პოპულარულია, მაგრამ ჰიბრიდული ჯიპები იმ თანხის საფასურად, რასაც ჩვეულებრივ ჯიპში იხდიდა სახელმწიფო, ერთის ნაცვლად, ორი მაინც მოვა. ამით შეიძლება თანხების დაზოგვა და უკეთესი ხარისხის მანქანით გადააგილება. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ახალი ეკოლოგიურად სუფთა მანქანების შეძენა დამატებითი ხარჯები იქნება, რადგან დღესდღეობით ჩვენს სახელმწიფოს უკვე შეძენილი აქვს ძვირადღირებული ჯიპები. ამდენად, როდესაც ეს ჯიპები მოძველდება, ავტოპარკის განახლებაზე ფიქრიც მაშინ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ორმაგი ხარჯი გამოვა“, - აცხადებს გოგი ჩუტკერაშვილი, რომლის თქმითაც, საგზაო უსაფრთხოებისთვის მანქანის ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
მისივე თვალთახედვით, სახელმწიფო სტრუქტურებში უკვე ღია ფერის მანქანები იკავებენ ადგილს. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ჩინოვნიკები მხოლოდ შავი ავტომობილებით გადაადგილდებიან.