ნარკოტიკების გამსაღებლებს ფრთები შეასხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნამ იმის თაობაზე, რომ მარიხუანას შემედგენლობა უვნებელია და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ჯანმო-ს შეფასებით, მარიხუანადან მიღებული ნაერთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფო შეზღუდვებს.
„ცხოველთა და ადამიანთა კვლევის შედეგად მიღებული უახლესი მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მარიხუანას გამოყენებამ შეიძლება იქონიოს გარკვეული თერაპიული გავლენა ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს და, სავარაუდოდ, ეს არ ჩაითვლება ნარკოტიკის გამოყენებად ან სხვა კანაბიდიოლების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებად“,-ნათქვამია აღნიშნული ორგანიზაციის მოსაზრებაში.
მათივე განმარტებით, სამედიცინო მარიხუანას მომხრეები ზუსტად ამ განსხვავებაზე მიუთითებენ კამათისას, რომ კანაფის მცენარეში აღმოჩენილ ნაერთს-კანაბიდიოლს (CBD) არ გააჩნია ინტოქსიკაციის ეფექტი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ იწვევს „კაიფს“, განსხვავებით Tetra Hydro Cannabinol-ისგან (THC). ამიტომ კანაბიდიოლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებას უჩივიან, რაც იწვევს ტკივილს, შფოთს, კრუნჩხვას.
ასეთი დასკვნის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დასძენს, რომ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია კანაბიდიოლს განიხილავს, როგორც პირველ გრაფიკში შემავალ ნარკოტიკს, რაც ნიშნავს, რომ ბოროტად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია მარიხუანას და მას სულაც არ აქვს სამედიცინო სარგებელი.
ასეთი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების მიუხედავად, ქართველი ნარკოლოგები ერთ რამეში თანხმდებიან, რომ მარიხუანა უაღრესად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც გზას უხსნის სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ამ დამღუპველი ნივთიერებების მიმართ ადამიანის შეჩვევას იწვევს.
ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ექიმი-ნარკოლოგი ილია ჩიკვილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა, რომ თითქოს მარიხუანა უვნებელია და ეპილეფსიური შეტევისას თერაპიული ეფექტი გააჩნია, გამოდის, ახლა უნდა ვედავოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. თუმცა ილია ჩიკვილაძის თქმით, თავისი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულიად საპირისპირო მოსაზრება ჩამოუყალიბდა მარიხუანას შესახებ.
„ამას წინათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი კარგა ხნის განმავლობაში მარიხუანას ეწეოდა, დიდი ხანია, აღარ მოუწევია და ახლა უკვე ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამიტომაც ფსიქიატრთან მიიყვანეს ეს ბიჭი. მარიხუანა სულაც არ არის უწყინარი ნარკოტიკული საშუალება. მომბეზრდა ამათთან ჭიდაობა, მე ვერ მოვერევი ვერც ნარკოკარტელს და ვერც ერთ ნარკობარიგას. მათთან ლაპარაკი არ შეიძლება, ვერაფერს შეაგნებინებ, ისინი ხელიდან არიან წასულები. ცდილობენ, მაქსიმალურად ჩაითრიონ ახალგაზრდები და ქართული, ეროვნული ცნობიერება, რასაც ჩვენი ერის სიძლიერე და სახელმწიფოებრიობა ჰქვია, ყველაფერი გაანადგურონ. ამას ძალიან დიდი და სერიოზული ლობისტი ჰყავს და ეს საქმე სახელმწიფოების დონეზე წყდება“, - აღნიშნა ილია ჩიკვილაძემ.
მანვე განმარტა, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს მარიხუანას შემედგენლობა უვნებელია, რადგან თვითონ ძლიერი ნარკოტიკია მარიხუანა. არავითარ სუსტ ნარკოტიკებში ის არ გადის. თუმცა, სანამ სახელმწიფო არ იქნება მზად, სერიოზულიად ებრძოლოს იმას, რომ ახალგაზრდები არ განადგურდნენ და არ განარკომანდნენ, მანამ შედეგი არ იქნება. მანამდე ნარკოგამსაღებლები ხან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოიშველიებენ და ხან რას და ხან რას. უბრალოდ, ჩვენ ამ ბარიგების ხელში ვართ.
თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლია კირვალიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გარკვეული დაავადებების, მათ შორის, დეპრესიების, ეპილეფსიების დროს კანაბიდიოლს მართლაც აქვს თერაპიული ეფექტი; ასევე, მიჩვევისა და ტოქსიკურობის თვალსაზრისითაც, მარიხუანას ნაკლები საფრთხე გააჩნია, ვიდრე სხვა ნარკოტიკებს. თუმცა თავისი არასასურველი ეფექტი ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას მაინც აქვს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ მარიხუანა აბსოლუტურად უვნებელია და არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია, არასწორია. მთელ რიგ პაციენტებში, ვისაც ფსიქიკის მხრივ სუსტი ნიადაგი აქვს, მარიხუანა შეიძლება გახდეს ფსიქოზების, ფსიქოზური აშლილობების გამომწვევი. უამრავი შემთხვევაა ინტოქსიკაციური ჰალუცინოზების. გარდა ამისა, მარიხუანა განიხილება, როგორც ე.წ. გამშვები ნარკოტიკი, მისი მოხმარება ხშირად აჩენს რისკს, რომ მომხმარებელმა დაიწყოს სხვა უფრო მძიმე საინექციო ნარკოტიკების მოხმარება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა ნარკოტიკების დეკრიმინალიზიციას ხელს შეუწყობს, მაგრამ მარიხუნას მოხმარების პოპულარიზაცია და რეკლამირება სწორი არ არის. ცხადია, ადამიანები მისი მოხმარების გამო ციხეში არ უნდა წავიდნენ, მაგრამ მარიხუანას სისტემატური, მასობრივი მოხმარება არ არის კარგი. შესაძლოა, ეპიზოდურმა, ათასში ერთხელ მოხმარებამ არ გამოიწვიოს ისეთი ხიფათი, შესაძლოა ისიც, რომ სამედიცინო ჩვენების დროს, როგორც თერაპიული ეფექტის მომცემი გამოვიყენოთ, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მავნე მოხმარების სახე“, - აღნიშნა ლია კირვალიძემ.