პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. ახალი წესის თანახმად, შეწყალების კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და ეს დანაშული არ ჩაუდენია ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.
პრეზიდენტის თვალთახედვის არეში მოხვდნენ, ასევე, ის მსჯავრდებულებიც, რომლებმაც ნარკოტიკული ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის და შემოტანისა.
ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მარგველაშვილის „ჰუმანურ“ მიდგომას თავისი ახსნა მოეპოვება. კერძოდ, ახლანდელი პრეზიდენტი მეორე ვადისთვის ემზადება და ამყარებს პლატფორმას, რომლითაც შეწყალების გამო მის მიმართ ბრალის დადება გართულდება.
სხვაგვარად ფიქრობს შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. ის აცხადებს, რომ შეწყალებულთა რაოდენობით მარგველაშვილი რეკორდსმენი ნამდვილად არ არის და მის დროს შეწყალებულია მხოლოდ 3671 მსჯავრდებული, მაშინ, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 34 947 მსჯავრდებული შეიწყალა.
მარგველაშვილის მორიგმა ინიციატივამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობა გამოიწვია. ყველა თანხმდება, რომ ჰუმანურობა კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რისკებიც, რაც ზედმეტ ლოიალობას მოჰყვება ხოლმე. კერძოდ, როცა სამოხელეო დანაშაულის შემსუბუქებაზეა საუბარი, რას ვეუბნებით პირებს, რომლებიც დამნაშავე მოხელეებისგან დაზარალდნენ? ხომ არ ეწინააღმდეგება ეს კანონს ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთაც განსაკუთრებული მოვალეობები გააჩნიათ? ასევე, პრეზიდენტის ინიციატივა ხომ არ წაახალისებს სხვა ჩინოვნიკებსაც, რომ მომავალში დანაშაული ჩაიდინონ იმ იმედით, რომ რომელიმე ჰუმანური პრეზიდენტი გამოჩნდება და მათ შეიწყალებს?! მით უმეტეს, დაუჯერებელია, მოხელეს მხოლოდ ერთხელ წაუცდეს დანაშაულზე ხელი და ის აღარ გაიმეოროს, უბრალოდ, შესაძლოა, მის მიერ ჩადენილი მრავალმხრივი დანაშაულიდან მხოლოდ ერთი გამოვლინდეს.
მარგველაშვილის აღნიშნული ინიციატივა რაღაცით არჩილ კბილაშვილის ინიციატივას „თეთრი საყელოს“ შესახებ მოგვაგონებს. „თეთრი საყელოს“ მიღმა კბილაშვილი გულისხმობდა არა ძალადობრივ, არამედ ინტელექტუალური შესაძლებლობით ჩადენილ სამოხელეო დანაშაულს, ასევე, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ნიშნავდა, როცა ადამიანს ფიზიკური ძალის გამოუყენებლად საკუთარ კაბინეტშივე შეეძლო, სუფთად ჩაედინა დანაშაული. ჩვენ მაშინვე ვწერდით, რომ კბილაშვილის ინიციატივა და მსოფლიო პრაქტიკის გადმომღერება „თეთრ საყელოსთან“ მიმართებით საქართველოში არ გამოდგებოდა, რადგან უცხოეთში ე.წ. „თეთრი საყელოთი“ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევები იშვიათი იყო, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისგან, სადაც ამ სახის დანაშაულების კოლოსალური ხასიათიდან გამომდინარე, მათზე ადეკვატური რეაგირება იყო საჭირო. ჩინოვნიკებს უნდა სცოდნოდათ კანონის პატივისცემა.
როგორ აფასებენ მარგველაშვილის ჰუმანურ აქტს უფლებადამცველები?!
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებითი განსხვავება არჩილ კბილაშვილის ინიციატივასა და დღევანდელი პრეზიდენტის განცხადებას შორის ის გახლავთ, რომ „თეთრი საყელოს“ პრინციპი ეხებოდა აღკვეთის ღონისძიების საკითხებს, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბრალი არ ედებოდათ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში უფრო მსუბუქი და ლმობიერი ზომები უნდა ყოფილიყო შეფარდებული. ხოლო ახლანდელი პრეზიდენტის ინიციატივა ეხება შეწყალების საკითხს. თუმცა ორივე ეს ინიციატივა მისასალმებელია, ვინაიდან სასჯელის გარეშე, ფაქტობრივად, არ რჩება ადამიანი. საზოგადოება იგებს მის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ეკრძალება საჯარო სამსახურში მუშაობა.
„თუ ეს არის პირველი შემთხვევა, თუ პიროვნება არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმას, რომ ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იყოს პატიმრობაში. რაც შეეხება ნარკოტიკის მომხმარებლებს, უამრავი ასეთი ადამიანია ციხეში და არ არის აუცილებელი, მათ მიმართ პატიმრობა იყოს გამოყენებული. ხომ არ წაახალისებს ეს სხვა მოხელეების დანაშაულს, თუკი შეწყალების აქტი ასე გაიოლდება? წესით, არ უნდა მოხდეს ამის წახალისება. უნდა არსებობდეს შემაკავებელი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს ადამიანები გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, უნდა იყოს ცნობილი, რომ ეს ადამიანები შეწყალებულნი არიან სწორედ პრეზიდენტის ლმობიერებით და არა იმის გამო, რომ მათ არ ჩაუდენიათ დანაშაულებრივი ქმედება. მე ვფიქრობ, მათი უმრავლესობა გააცნობიერებს ყოველივე ამას და ეს იქნება შემაკავებელი ფაქტორი იმისთვის, რომ მომავალი აღარ ჩაიდინონ დანაშაული“,-აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.
დამოუკიდებელი ადვოკატი, უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეწყალების წესის გაჰუმანურება პრეზიდენტის უშუალო ნებაა, მაგრამ ეს უფრო წინასაარჩევნო პიარკამპანიას ჰგავს. მისი თქმით, ყველა დადებითი ტენდენცია მისაღებია, მაგრამ დღეს, როდესაც ბევრად უფრო ძლიერია ოპოზიცია, ვიდრე წინა რეჟიმის დროს, კორუფციულ საქმეებზე მოქალაქეების შეწყალება არასწორი იქნება. ხელისუფლების ნებისმიერი შტო უნდა ებრძოდეს კორუფციას, ამიტომ კორუფციული საქმების გამო შეწყალება უკმაყოფილებას გამოიწვევს სხვა მოალაქეებში, რომლებიც ამ კორუფციული სქემებით დაზარალდნენ. გარდა ამისა, წაახალისებს კორუფციული დანაშაულების რისკებს.
„მართალია, თავად ოპოზიციის თხოვნა იქნებოდა პრეზიდენტის მიმართ, რომ ეს ნაბიჯის გადაედგა, მაგრამ მინდა შევახსენო იმავე პრეზიდენტს ოპოზიციის საყვარელი თემის შესახებ, რომ თითქოსდა, 2012 წლის დიდი ამნისტიის დროს ბევრი კრიმინალი გამოვიდა გარეთ. მაშინდელი გადაწყვეტილების გამო ოპოზიციონრები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც და მარგველაშვილის შეწყალების აქტს ისევ გასაკრიტიკებლად გამოიყენებენ“, - აცხადებს გრიგოლ გაგნიძე.