ოპოზიცია კალაძე-ნარმანიას პასუხისმგებლობას ითხოვს

ოპოზიცია კალაძე-ნარმანიას პასუხისმგებლობას ითხოვს

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა, სადაც რამდენიმე დღის წინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ფაქტი უნდა განეხილათ, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად დატოვა - ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დემონსტრაციულად გადახია ის დებულება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს გადაუგზავნა და სამშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა.

რიგგარეშე სხდომის გარდა ოპოზიციას სურს, დეპუტატების წინაშე წარდგნენ როგორც თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, ასევე ყოფილი მერი დავით ნარმანია, რათა ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნას და ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებას უკავშირდება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ნაციონალები მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, თითქოს ჩვენ რაღაც ოთახში ვაპირებდით საკითხის განხილვას.

„მათი პარტიის 30-მა წევრმა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა და ამაზეც დავეთანხმეთ. როდესაც უკვე ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ კომისიების სხდომა ჩაგვეტარებინა, მათ ამ განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ტყემალაძის თქმით, მათი მიზანი არა საკითხზე მსჯელობა, არამედ გარკვეული პოლიტიკური შოუს მოწყობა იყო, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მისივე თქმით, საკრებულოს რეგლამენტი არ დარღვეულა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, შვიდი დღის ვადაში სხდომა დანიშნოს, ან არ დანიშნოს.

ტყემალაძის განმარტებით, მმართველმა გუნდმა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ამ თემაზე მსჯელობა კომისიის ფორმატში უმჯობესი იქნებოდა.

სხდომა ნაციონალების გარეშე გაგრძელდა - საკრებულოს ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ მშენებლობების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მან რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რომელშიც საკრებულო მერიასთან ერთად მზად არის აქტიურად ჩაერთოს.

სოხაძე თვლის, რომ მნიშვნელოვანია გაიწეროს ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც უნდა შედგეს პროექტი. ამასთან, ტენდერი კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და გამოირიცხოს შემთხვევითობა, რადგან კომპანიამ რომელიც გაიმარჯვებს, სრულფასოვნად უნდა შეასრულებს სამუშაოები.

მისივე თქმით, ხელშეკრულებების დადების მხრივ მერიის სამსახურებმა ერთიანი სტანდარტი უნდა შექმნან.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა კი საკუთარი გუნდის პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა - მისი შფასებით „ქართული ოცნების“ გუნდმა, იმ სტანდარტზე გადასვლა მოახერხა, რომლის მიხედვითაც დამნაშავე, განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებისა - ისჯება. წინა ხელისუფლების დროს კი, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი დამნაშავის დასაცავად ერთიანდებოდა და ცდილობდა ის მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარიყო. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით, ხელისუფლება სწორედ ამ სტანდარტის მიხედვით იმოქმედებს.

„თვითმიზანი არ არის მხოლოდ ვინმეს დასჯა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველა მოქალაქისთვის იყო უსაფრთხო“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ჩვეულ სტილში მოქმედებს, როდესაც ხელისუფლებას უაპელაციოდ, „მკვლელ ორგანიზაციას“ უწოდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი საქმის ირგვლივ საზოგადოება ყველა კითხვაზე ძალიან მალე მიიღებს პასუხს“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

საკრებულოს თავმჯდომარე პირობას დებს, რომ მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის კრიტერიუმები.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ყველა არსებულ კითხვას გასცემენ პასუხს.

როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ სხდომაზე დადასტურდა, რომ ვარკეთილის მეტროში ჩატარებული მშენებლობის დროს თითქმის ყველა ეტაპი ხარვეზით მიმდინარეობდა.

„მთავარი, რაც ამ კომისიის სხდომაზე გაირკვა ისაა, რომ მერიას ისე ჩაუბარებია მეტროს სადგური, რომ ხარისხი არ შეუმოწმებია. მართალია ისიც, რომ საწყის ეტაპზე არსებობდა შენიშვნები, რომ მსგავსი კონსტრუქციის გაკეთება საერთოდ არ შეიძლება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ კომპანიას, რომელსაც მსგავსი გამოცდილება არ აქვს, არ უნდა ჩაეტარებინა სამუშაოები. ყველა ეტაპზე გვხვდება ხარვეზები და ყველაზე არსებობს პასუხისმგებლობის საკითხები. ეს არის ერთიანი პოლიტიკური გუნდი და პოლიტიკურად თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ. მე არ ვყოფ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პერიოდებს. ეს საკითხი თუ არ გაირკვა, მივიღებთ იგივეს, სამჯერ გარემონტებულ ხიდებს, ხუთჯერ გადაგებულ გზებს და მშენებლობებს, რომელსაც მერია მუდმივად ფაციფუცით გაკეთებულს იბარებს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.