„სტუდენტზე ორიენტირებული განათლება ნიშნავს იმას, რომ ვასწავლოთ ის, რაც სტუდენტს სჭირდება“

„სტუდენტზე ორიენტირებული განათლება ნიშნავს იმას, რომ ვასწავლოთ ის, რაც სტუდენტს სჭირდება“

„განათლება მაინც ცოტა უფრო ფაქიზი თემაა და მხოლოდ საგანმანათლებლო ბაზრის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ ბაზარი ამ სფეროს დაარეგულირებს“,- განათლების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ For.ge აკადემიურ დოქტორს, პროფესორს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი მათიაშვილს ესაუბრა.

ჩვენი განათლების სისტემის მესვეურთა სურვილია, საქართველო განათლების სივრცედ, .. ჰაბად აქციონ. საამისო რესურსი გაგვაჩნია, თუ ეს გადაჭარბებული მოლოდინია?

- განათლების ჰაბად საქართველოს გადაქცევა უფრო სამომავლო პერსპექტივაზეა გათვლილი. ახლა ქუთაისში შენდება დიდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ასეთივე უნივერსიტეტი შენდება თბილისშიც. გარდა ამისა, ჩვენთან არის ბევრი უმაღლესი სასწავლებელი. ბუნებრივია, ინგლისიდან და საფრანგეთიდან სასწავლებლად აქ ნაკლებად ჩამოდიან, მაგრამ აზიიდან და აფრიკიდან სტუდენტთა ნაკადი მოიმატებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადავჯიშდებით. ეს ნიშნავს, რომ განათლებას მივცემთ უცხოელებს, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და მოღვაწეობას იქ გააგრძელებენ.

ცხადია, ამჟამად ჩვენი რესურსები ისეთი მასშტაბის არაა, მაგრამ, როდესაც შენდება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეს სამომავლო პერსპექტივაზე მიუთითებს. ბუნებრივია, საქართველოში ამდენი აბიტურიენტი არ არის.

კავკასიელებისთვის საქართველო ყოველთვის ინტელექტუალურ ცენტრად ითვლებოდა. განათლების ჰაბად გადაქცევა, ალბათ, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ დავიახლოვოთ ჩვენი კავკასიელები და მეტ-ნაკლებად მოვწყვიტოთ რადიკალ ისლამისტთა გავლენას.

- თავის დროზე უამრავი ჩრდილო კავკასიელი თავიანთი ავტონომიური რესპუბლიკებიდან საქართველოში ჩამოდიოდა. ისინი დისერტაციებს აქ იცავდნენ, მათი ლიტერატურა, მათი ფოლკლორი, მათი ენა საქართველოში შეისწავლებოდა.

ბოლო პერიოდში ბევრი უნივერსიტეტი შეაშინა სიტყვააკრედიტაციამდა უმაღლესი სასწავლებლების რიცხვის შემცირებამ. ხომ არ აჯობებდა, თავად საგანმანათლებლო ბიზნესს დაერეგულირებინა ეს პროცესი და გასაცხრილი უნივერსიტეტები ბუნებრივად გაცხრილულიყო?

- აკრედიტაცია აბსოლუტურად მისაღები და აუცილებელი პროცესია. ბაზარი ბაზარია, ეს გასაგებია, მაგრამ განათლება მაინც ცოტა უფრო ფაქიზი თემაა და მხოლოდ ბაზრის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ ბაზარი ამ სფეროს დაარეგულირებს. არიან უმაღლესები, რომლებშიც სტუდენტები პრაქტიკულად აღარ დადიან, რადგან იქ სწავლების დაბალი ხარისხია, ან სხვა სახის პრობლემებია. ამიტომ უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სწავლების ხარისხი ყველა უნივერსიტეტს უნდა შეუმოწმდეს. ვინც არ აკმაყოფილებს ამ ხარისხს, ალბათ, უნდა დაიხუროს. მე მგონი, უკვე აღარც არსებობენ ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც რესურსები არ აქვთ, მაგრამ გააჩნია, ამ რესურსს როგორ იყენებენ, ან რამდენად შეესაბამება მათი რესურსი თანამედროვე მოთხოვნებს.

უცხოეთში განათლებამიღებულების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინია. როგორ ფიქრობთ, რას აწვდიან უცხოელები ისეთ განსხვავებულს აქედან ჩასულ სტუდენტებს, რაშიც ჩვენი უნივერსიტეტები მოიკოჭლებენ?

- როგორც ჩანს, ეს ისევ და ისევ პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის გამომუშავებაა. დიდი ხნის განმავლობაში ერთ ჩაკეტილ სახელმწიფოში ვცხოვრობდით და თანამედროვე მსოფლიოს განვითარება და მიღწევები ნაკლებად აისახებოდა ჩვენს ყოფიერებასა და განათლების სისტემაზე. მართალია, უკვე საკმაო ხანია, მივისწრაფით ევროპისკენ, დასავლეთისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ შეიმჩნევა განსხვავება. ჩემი აზრით, საქართველოში არსებული თეორიული ცოდნის დონე დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს დასავლეთისგან, მაგრამ დასავლეთის უპირატესობაა, რომ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებზეა ორიენტირებული ევროპული საგანმანათლებლო სისტემაა.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენში ნაკლებად ფასობდა პროფესიონალიზმი, ძირითადად არაპროფესიონალები იკავებდნენ ისეთ ადგილებს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. მათ ყოფნიდათ სითამამე, სითავხედე არ მინდა ვთქვა, რომ ყოფილიყვნენ წამყვან პოსტებზე. სწორედ ამ ადამიანების ხელში იყო უღირსი კადრების დაწინაურების ბერკეტები. ალბათ, ამანაც განაპირობა განათლების დონის დაცემა ჩვენში.

- რასაკვირველია, იყო ასეთი შემთხვევები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მასობრივად ხდებოდა.

ადამიანურ ურთიერთობებსაც შევეხოთ. არიან სტუდენტები, რომლებიც თქვენს უნივერსიტეტში ამჯობინებენ სწავლას. ეს იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ აქ სხვანაირი გარემოა?

- ზუსტად ეს არის კეთილგანწყობილი გარემო. დღესდღეობით თანამედროვე უმაღლეს განათლებაში ერთ-ერთი აქტუალური თემა არის სწორედ სტუდენტზე ორიენტირებული განათლება, რაც სტუდენტის ინტერესების უპირველესი გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ლექტორმა მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების ინტერესებზე უნდა იზრუნოს. მოგეხსენებათ, წინათ პროფესორი საკუთარ თავზე ირგებდა სასწავლო პროცესს და ნაკლებად უწევდა ანგარიშს სტუდენტის საჭიროებას, მოთხოვნებს. სტუდენტზე ორიენტირებული განათლება კი ნიშნავს, რომ უნდა ვასწავლოთ ის, რაც სტუდენტს სჭირდება და არა ის, რაც მე ვიცი და რა ცოდნაც 30 წლის მანძილზე დამიგროვდა. ან მე უნდა გარდავიქმნა, ან უნდა დავანებო თავი სწავლებას. თუმცა მთავარია არა მხოლოდ სტუდენტზე ორიენტირებული განათლება, არამედ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა სტუდენტისთვის.

ალბათ, შეამჩნევდით, ჩვენს დერეფნებში ნათელი ფერებია. ეს გამიზნულადაა გაკეთებული, რათა აქ შემოსულ ადამიანს მოჟამული და ნაცრისფერი გარემო არ დახვდეს. პროფესორ-მასწავლებლებისგან ვითხოვთ, მაქსიმალურ კეთილგანწყობას სტუდენტის მიმართ. ზოგს სიმკაცრე უხეშობაში ერევა, სიმკაცრე არ ნიშნავს უხეშობას. რა თქმა უნდა, სიმკაცრე საჭიროა, გარკვეულ შემთხვევაში, სიმკაცრე აუცილებელიცაა, მაგრამ კარგი ლექტორი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კეთილგანწყობილად მკაცრი უნდა იყოს. მზრუნველობას სტუდენტი თვითონვე ხედავს.

ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ჩვენთან არ ხდება ისე, რომ, ვთქვათ, ჩავჭერით სტუდენტი და დავანებეთ თავი. ჩვენი პროფესორები თავიანთი დროის, ენერგიის ხარჯზე ცდილობენ, დაიბარონ ჩამორჩენილი სტუდენტი, ჩაუტარონ კონსულტაციები, პრაქტიკულად ხელახლა ასწავლონ საგანი, გამოკითხონ და ამის მერე ჩააბარებინონ გამოცდა.

ტრადიციების მქონე უძველეს უნივერსიტეტებსაც უჭირთ დღეს არსებულ პრობლემებთან გამკლავება. რა გამოწვევების წინაშეა თქვენი უნივერსიტეტი?

- ჩვენს უნივერსიტეტს მალე არსებობის ათი წელი შეუსრულდება, მაგრამ, მიუხედავად ამ ასაკისა, ძალიან მყარი და ძველი ტრადიციები აქვს, რადგან ეს უნივერსიტეტი აღმოცენდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საფუძველზე, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ბატონი გურამ თავართქილაძე და აღნიშნულ სახელმწიფო უნივერსიტეტს სწორედ მისი რექტორის დამსახურებისა და ავტორიტეტის გამო თავართქილაძის უნივერსიტეტსაც უწოდებდნენ. იმის შემდეგ ბატონმა გურამმა დააფუძნა ეს არასახელმწიფო, კერძო უმაღლესი სასწავლებელი და ამ უნივერსიტეტში გაგრძელდა იმ საგანმანათლებლო პრინციპთა დანერგვა, რომელსაც ბატონი გურამი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ახორციელებდა.

ჩვენს უნივერსიტეტში არის ორი ფაკულტეტი-ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი. ბაკალავრიატში ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანასები), ტურიზმი, სოციალური მეცნიერებებიდან ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგია, სამართლის ფაკულტეტზე კი - სამართალი. უნივერსიტეტში არის მაგისტრატურის საფეხური, რომელზეც მოქმედებს შემდეგი პროგრამები: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, საბანკო საქმე, რეკრეაციული ტურიზმი, მასობრივი კომუნიკაცია, კერძო სამართალი, სისხლის სამართალი.

21- საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. დღევანდელ მსოფლიო გამოწვევებს რამდენად პასუხობს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი?

- ერთ-ერთი უმთავრესი, რაც რეფორმების შედეგად დამკვიდრდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, ეს არის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება. აქცენტი კეთდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შეძენაზე, არამედ უნარ-ჩვევების, კომპეტენციების გამომუშავებაზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, - შოთა რუსთაველის ამ ცნობილი გამონათქვამის მსგავსად, სიბრძნე და ცოდნა ყოველთვის კარგი და სასურველია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, თუ ამ ცოდნას პრაქტიკასა და ცხოვრებაში გამოიყენებ. ჩვენი ამოცანა ეფუძნება, ერთმანეთს შევურწყათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ჩვენი უნივერსიტეტდამთავრებული როცა დასაქმდება, მას დამატებით კიდევ ბევრი დრო აღარ დასჭირდეს პროფესიის პრაქტიკული ათვისებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე აქტიობას ვახორციელებთ და გაგვაჩნია ყველა სპეციალობის შესაბამისი ლაბორატორია. ბიზნესის ფაკულტეტზე ეს გახლავთ ბანკი, ტურისტული კომპანია და კონსალტინგური კომპანია, სადაც ჩვენი სტუდენტები წმინდა პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ. სამართლის ფაკულტეტზე გვაქვს იმიტირებული სასამართლო დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სადაც სტუდენტები კრიმინალისტიკურ კვლევებს ატარებენ, ხოლო სასამართლო დარბაზში ტარდება იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომლებსაც პრაქტიკოსი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები ესწრებიან და პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტებთან ერთად განიხილავენ მას.

კომპეტენტურ პროფესორთა არჩევა ბევრ წამყვან უნივერსიტეტს უჭირს. ლექტორთა შერჩევისას თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას?

- ვცდილობთ, პროფესორებად ისეთი ადამიანები მოვიწვიოთ, რომლებსაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თავიანთ სფეროში, ან ისეთნი, რომლებიც არა მარტო თავიანთ პროფესიულ სფეროში საქმიანობენ, არამედ პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან. სწორედ ასეთი შერჩევის მეშვეობითაც ვახერხებთ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულს შევურწყათ. მეორე მიმართულებაა ახალგაზრდა სპეციალისტთა დასაქმება. ახლაც გამოცხადებული გვაქვს კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. სამი ვაკანსია გვაქვს გამოცხადებული და გვინდა შევარჩიოთ ახალგაზრდა პერსპექტიული პედაგოგები. სხვათა შორის, ამ პედაგოგებსაც ხელს შევუწყობთ თავიანთი პროფესიის სრულყოფაში.

კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით რამდენად პერსპექტიულია თქვენი უნივერსიტეტი?

- მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დასაქმება ჭირს. თუმცა გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ჩვენი სტუდენტების დაახლოებით 70-80% დასაქმებულია. ამ დღეებში შეგვაქვს გეგმიურ აკრედიტაციაზე პროგრამები, სადაც ერთ-ერთი ინდიკატორი არის დასაქმების მაჩვენებელი. ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა კურსდამთავრებულთა გამოკითხვა, რომლითაც დადგინდა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების 80%-მდე დასაქმებულია.

ანუ საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელთა რიგებს თქვენი სტუდენტები არ ავსებენ?

- საბედნიეროდ, არ გარბიან, თუმცა რამდენიმე სტუდენტი წავიდა საზღვარგარეთ, ოღონდ მაგისტრატურაში სასწავლებლად. ვცდილობთ, ჩვენმა სტუდენტებმა ევროპული განათლებაც მიიღონ, მაგრამ ევროპულ განათლებას დაეწაფონ არა მარტო ევროპაში, არამედ საქართველოშიც. სწორედ ამიტომ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ პროფესორებთან. ერთი გერმანელი პროფესორი, პაულინგი ჩვენი აკადემიური პერსონალია. იგი სამართალმცოდნეა, წელიწადში ორჯერ ჩამოდის საქართველოში და ატარებს ლექციებს ევროპულ სამართალში. ასევე, გვყავს რამდენიმე საპატიო დოქტორი ინჰოლანდის უნივერსიტეტიდან, რომლებიც ჩამოდიან და ატარებენ ლექციების კურსს, ანუ ევროპული განათლების ელემენტები საქართველოში გადმოგვაქვს. გარდა ამისა, ჩართულნი ვართ რამდენიმე საერთაშორისო პროექტში. ამჟამად ერაზმუსის მოქმედ პროექტში ვართ ჩართულნი. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ერთი სემესტრის მანძილზე ოთხ წარჩინებულ სტუდენტს უცხოეთში სასწავლებლად ვაგზავნით, ისინი იქ იღებენ განათლებას, შეფასებას, შემდეგ უკვე ბრუნდებიან ჩვენს უნივერსიტეტში და აქ ასრულებენ სწავლას. ერაზმუსის პროექტი არა მარტო სტუდენტთა გაცვლას გულისხმობს, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისაც. ჩვენი ორი პროფესორი სწორედ ამ კვირას მიემგზავრება ჰოლანდიაში, სადაც ლექციების ციკლს ჩაატარებენ.

როგორც ვიცი, თქვენთან სპორტის კუთხივ დატვირთულები არიან სტუდენტები, რათა ქუჩას მოსწყვიტოთ ბავშვები.

- სპორტის კუთხით სერიოზული დატვირთვაა. გვყავს სამი გუნდი - რაგბის, კალათბურთისა და ფეხბურთის. სამივე გუნდი სტუდენტურ უმაღლეს ლიგაშია. არ შემიძლია არ ვთქვა ჩვენი სპორტსმენი სტუდენტების კეთილშობილების შესახებ, ჩვენი უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ავტოავარიაში მოყოლილი სტუდენტის ბაჩანა ქვლივიძის სახელზე თანხა შეაგროვეს. ბუნებრივია, მთელი უნივერსიტეტი ვცდილობდით, ხელი შეგვეწყო მისი ოჯახისთვის და, რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით, მაგრამ კალათბურთის გუნდის ბიჭებმა, რომელთაც მცირე მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდათ, სისხლი ჩააბარეს, იმ სისხლის ჩაბარებაში აღებული თანხა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბაჩანას ფონდში შეიტანეს. დამეთანხმებით, ღირსეული მაგალითია მეგობრის თანადგომისა.

როგორც ჩანს, თქვენთან სტუდენტი არ აღიქმება განყენებულ ცნებად. ბაჩანას რაც შეეხება, ალბათ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, შეიძლება ითქვას, „ჩემი ერთი თვის სიცოცხლე, სხვის ოცდაოთხი თვის სიცოცხლეს სჯობიაო“. თქვენ ალბათ, უშუალო შეხება არ გქონიათ ამ იშვიათი ბუნების ახალგაზრდასთან.

- უშუალო შეხება როგორ არ მქონია. ჩვენი უნივერსიტეტი არ არის ისეთი დიდი მასშტაბის, სადღაც 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სტუდენტს პირადად ვიცნობ. ამას ემატება ფეისბუკის შესაძლებლობები. სხვათა შორის, გასული წლის აგვისტოში ბაჩანამ მომწერა, ბატონო გია, როგორ ბრძანდებითო, მეც ვუპასუხე და ამას მოაყოლა, ბევრი რამ გადავაფასე და ვაპირებ, სერიოზულად ვისწავლოო. თუმცა არ დასცალდა. ბაჩანა პოეზიითაც იყო დაინტერესებული, ლექსებს წერდა, რომლებშიც მისი ნიჭი, ორიგინალური ხედვა და აზროვნება აისახა. ბაჩანამ ყველას დაგვწყვიტა გული...