ვინ ლობირებს შპს „ყვარელრემმშენს“?

ვინ ლობირებს შპს „ყვარელრემმშენს“?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, „სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ვადა 10 წელია“. არსებული ხელშეკრულების თანახმად, „საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოქმნილი დეფექტის გამოსწორება განახორციელოს შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

ასეთია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულება. ამის მიუხედავად, თბილისის მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ დაეკისრება თუ არა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეული ჭერის აღდგენა ისევ შპს „ყვარელრემმშენს“.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს, რით იყო დაზიანება გამოწვეული. დასკვნის გარეშე რეაბილიტაციაზე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შპს „რეალ ექსპერტმა“ აწარმოა, მოცულობითი ექსპერტიზა შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა“, ხოლო პროექტის ავტორი და შემდგენი შპს „გეომეფი“ იყო, რომელიც მეტროსადგურის რეაბილიტაციის სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობასაც უწევდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაახლოებით 10:30 საათზე, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გამოძიებამ უკვე დაკითხა შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი, გიორგი ჯოხარიძე და კომპანიის სამი თანამშრომელი. თუმცა, რა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრება კომპანიის დირექტორს, გამოძიება ამ ეტაპზე არ საუბრობს. გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი, გიორგი ჯოხარიძე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი ლობირებს. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აღნიშნულმა კომპანიამ ყვარელში დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც, დაჯარიმდა კიდეც.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დავით მათიკაშვილი და შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი ბავშვობის მეგობრები არიან და სწორედ ამიტომ მოხდა თვალის დახუჭვა. ეს იყო კომპანია, რომელიც ფაქტობრივად, „შავ სიაში“ იყო შეყვანილი გამომდინარე იქიდან, რომ მან ყვარელში ვერ შეასრულა მთელი რიგი ვალდებულებები და ის ამის გამო დაჯარიმდა კიდეც. თუმცა, მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის გარემონტებას, ეს უგულებელყო შესაბამისმა სამსახურმა და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ბრალდებას აშშ-დან პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, რომლიც კომპანია „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელთან, გიორგი ჯოხიძესთან ურთიერთობას უარყოფს და ნადირაძესგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ეგ მორალური ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, გამოვიდნენ და დაამტკიცონ ის, რაც თქვეს, ან გამობრძანდნენ და სახალხოდ მოიხადონ ბოდიში. რაც შეეხება ამ ადამიანს, გვარით და სახელით ასე პირდაპირ ვერ ვიხსენებ იმ ადამიანს, ვისზეც არის ახლა საუბარი. ჩემი გარდაცვლილი ბიძის მეზობლად მაგ გვარის ადამიანები მართლაც ცხოვრობდნენ, მაგრამ გვარითა და სახელით ვერც ვიხსენებ ამ ადამიანს. ახლა რომ ვნახო, ვიზუალურად, ალბათ, ვიცნობ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამ ადამიანთან რაიმე სახის კავშირი მაქვს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს, რადგან, რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა და კორუფციის ნიშნები თავიდანვე გამოკვეთილი იყო.

„ყვარელრემმშენი“ „შავ სიაშია“ შეყვანილი ყველა მანამდე ჩატარებული ტენდერების პირობების დარღვევისთვის. არანაირი შემხებლობა მას მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან არ ჰქონდა. შესაბამისად, აქ იყო კორუფციული სქემა. რისი გამოძიება უნდათ? - ერთი მხრივ, აქ არის ნარმანია, რომელიც ამ კომპანიას მფარველობდა, მეორე მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი, ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, რომელსაც მონიტორინგი ევალებოდა.

ამას არ უნდა გამოძიება და უცხოელების ჩამოყვანა. მაშინაც ვაპროტესტებდი და, ლამის, ხალხის მტრად გამომიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ თითქოს არაფერი მომწონდა. არანაირი აუცილებლობა ჭერის მოხსნის და ახალი ჭერის გაკეთების არ იყო“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ფაქტს უკომპრომისო რეაგირება მოყვება და ყველა ის პირი თუ კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე, უმკაცრესად აგებს პასუხს.

„ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გარდაუვალია უფრო მაღალი სამშენებლო სტანდარტების დაწესება და ხარისხის მკაცრი კონტროლი. სამშენებლო სექტორში დაბალი სტანდარტების დაწესებამ, სანებართვო პირობების გაუქმებამ, გამარტივებამ, შესაძლოა, თავის დროზე რიგ დარგებში გარკვეული შედეგი მოიტანა, შეამცირა კორუფციული რისკები, თუმცა ამ ყველაფერს შედეგად სრული განუკითხაობა და სამშენებლო სექტორში ძალიან დაბალი სტანდარტების დამკვიდრება მოჰყვა. მოწოდებულები ვართ, რომ ამ შემთხვევიდან გამოვიტანოთ სწორი გაკვეთილი, გვქონდეს მაქსიმალურად ეფექტიანი, სისტემური რეაგირება, რათა მოვახდინოთ სხვა შესაძლო ფაქტების პრევენცია“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.