ჭერმორღვეული „ვარკეთილის“ გამო ახალგარემონტებული „ახმეტელიც“ ეჭვქვეშაა

ჭერმორღვეული „ვარკეთილის“ გამო ახალგარემონტებული „ახმეტელიც“ ეჭვქვეშაა

შპს „ყვარელრემშენი“ - ეს არის კომპანია, რომელმაც 2016 წელს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 347 852 ლარად განახორციელა. მეტრო „ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებითბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან 5 თვის შემდეგ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, იმ მეტროსადგურებში, რომელთა რეაბილიტაციაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ექსპერტიზა ჩატარდება. საუბარია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრზე“, სადაც იგივე კომპანიას აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებული.

„მეტროსადგურის შესრულებულ სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. თუმცა დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, დამოუკიდებელი ექსპერტების საშუალებით დადგინდება რამ გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა. ქვედა ვესტიბიულის ჩამოქცევა მოხდა, შეკიდული ჭერი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტიზა განახორციელებს, როგორც „ვარკეთილის“ ისე „ახმეტელის“ დათვალიერებას, სადაც განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამის შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან“, - აცხადებს მამუკა კობახიძე.

თავის მხრივ თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას დებს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე.

„არ მინდა შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ეს სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განხლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი.

არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი მოქალაქის, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სისცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაუმუქროს“, - აცხადება კახა კალაძე.

კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ამასთან დაკავშირებით მერი კომენტარს არ აკეთებს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხობის ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაზე და შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე ექსპერტიზა შპს „რეალექსპერტის“ საინჟინრო სამუშაოებზე ინსპექტირების ორგანომ ჩაატარა. როგორც კომპანიის დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, „რეალექსპერტის“ მიერ გაცემულია ფორმა 2.

„იმ ორგანიზაციამ, რომელიც აშენებდა, წარმოადგინა სატენდერო დოკუმენტაცია და ჩვენმა ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, კონკრეტულად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა შეესაბამება თუ არა იმ სატენდერო პირობებს, რაც მას ჰქონდა დავალებული.

შედარდა და მოცულობების შესაბამისობაზე გაიცა ფორმა 2. ჩვენ ჩავატარეთ მოცულობების ექსპერტიზა. რაც შეეხება კონსტროქციულ ნაწილს, ასევე სწორად იყო თუ არა არქიტექტორული ნაწილი, მათ შორის უსაფრთხოება და ზედამხედველობა, ჩვენ ამის ექსპერტიზა არ გაგვიკეთებია“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 5 თვის წინ დასრულდა. განახლებული მერტოსადგური 2017 წლის 22 სექტემბერს მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. ყოფილი მერი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა. მისივე განცხადებით, მაშინ გამოცხადდა ტენდერი, რომლის მეშვეობითაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. როგორც ნარმანია აცხადებს, რემონტი დათქმულ ვადებში დასრულდა და დაჩქარებას ადგილი არ ჰქონია.

„კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად ჩაეტარებინა. ძალიან ბევრ კითხვაზე ალბათ, გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების შედეგად“, - ამბობს დავით ნარმანია.

რაც შეეხება ობიექტის ჩაბარების პროცესს, ნარმანიას განმარტებით, დეტალებზე სატრანსპორტო კომპანიას უნდა ვკითხოთ, ვინაიდან საკუთრივ სატენდერო კომისიასაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს.

„მე მგონი, მთელი ეს დისკურსიაა პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, „ასოების დატოლება“ - ვინ უფრო მაგარია - ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და „ქოცებს“ ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყათ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ, არაპარტიული, არამედ უფრო ფართო გაგებით, „ნაც-ქოცური“ დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე“, - წერს გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები, რომლებიც თბილისის მეტროპოლიტენს ჩაუტარდა, აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ნადირაძემ ის ხელშკრულება გაასაჯაროვა, რომელიც, მისი თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის თაობაზე 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.

„გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელზეც კონტრაქტი გაფორმდა 2016 წლის 30 ნოემბერს. ხელშეკულება არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ მიღება-ჩაბარება გააკეთა „ქართული ოცნების“ მერიამ. ასევე ფაქტია, რომ ყველა სარემონტო სამუშაოები, რომელიც აქამდე ჩატარებულა, თავიდან უნდა გადაიხედოს. არა მხოლოდ რემონტი, არამედ მეტროსადგურები არის შესამოწმებელი. ბევრჯერ ვთქვით, რომ ექსკალატორების, ლიანდაგების და მეტროს ვაგონების მდგომარეობა შესამოწმებელია და ამას ყურად არ იღებდნენ. ცდილობდნენ მიეჩქმალათ ჩვენი ეს მოთხოვნა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

არსებულ პრობლემაზე საუბრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, გამოძიებამ უნდა განსაზღვროს რა იქნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებმაც შესრულეს სამუშაოები და შემდეგ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.

„ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს გამოძიების საგანი გახლავთ. პირველ რიგში იმ ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ეს სამუშაოები ჩაიბარა. თუ უხარისხოდ იყო შესრულებული, მათ პასუხი უნდა აგონ, რატომ მიიღეს ეს სამუშაოები და რატომ თავის დროზე არ მოხდა ამ ხარვეზების გამოსწორება.

რა თქმა უნდა, დავით ნარმანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არის, რომელიც მაშინ პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. სამართლებრივად რა მოხდება და როგორ იქნება, ეს ძიების საქმეა. ფაქტია ერთია, კალაძემ ნარმანიასგან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ქალაქში არის უამრავი პრობლემა, თუნდაც გენგმა ავიღოთ, ძალიან რთული მდგომარეობა არის ამ მხრივ.

პრობლემების ბუკეტია დედაქალაქი და მისი გამოსწორება ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ნარმანიამ საქმე გააფუჭა. ბევრი გააკეთა, მაგრამ იყო ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა და პირველ რიგში ეს არის ქალაქის აბსოლუტურად უსისტემო განვითარება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.