ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობა პიკს აღწევს

ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობა პიკს აღწევს

[ეკა ბაქრაძე]

ანდრია ურუშაძემ კონტროლის პალატის სკანდალური დასკვნა, ზურგსუკან მოისროლა. ყოველ შემთხვევაში, მისი უმოქმედობა ამგვარ ეჭვებს აჩენს. ჯერჯერობით, სამინისტრო პალატის დასკვნაზე, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონობით თანხის გაფლანგვას ეხება, ისევ არ რეაგირებს.

სკანდალური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს ბრიფინგიც კი არ გაუმართავს, რათა საზოგადოებისთვის აეხსნა როგორ მოხვდა მკვდარი სულები ან სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სადაზღვევო პროგრამაში.

არადა ამ 2 კვირის წინათ მედიის მიერ „გამოჭერილ“ ჯანდაცვის მინისტრს სულ სხვა ჰანგზე ჰქონდა ყელი მოღერებული. 

„ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კონტროლის პალატა დასკვნას აქვეყნებს, საჯარო სამსახური ვალდებულია კომენტარი 10 დღეში გააკეთოს. ჩვენი სურვილია, ყველა ხარვეზი გამოვასწოროთ, რომელიც საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება, თუმცა ბევრი რამ უკვე გამოსწორებულია“, - აცხადებდა ანდრია ურუშაძე.

თუმცა, კონკრეტულად რა გამოსწორდა ან რა რეაგირება მოახდინა სამინისტრომ კონტროლის პალატის საკმაოდ მკაცრ დასკვნაზე, ამაზე პასუხი დღემდე არ არსებობს.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიეთრობები არც ადრე ჰქონია აწყობილი.

კონტროლის პალატამ მნიშვნელოვანი ფაქტები წარმოადგინა, რამდენიმე თვის განმავლობაში სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებდა მასმედია. სამინისტრო ვალდებულია საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, თუმცა ამ უწყებაში საინფორმაციო ვაკუუმია. სამინისტროს დუმილი კი სადაზღვევო სექტორზე უარყოფითად აისახება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოდაბრელიძე კი ირწმუნება, რომ ხელისუფლებაში კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ თითოეულ ფაქტს განიხილავენ და რეაგირება მათზე აუცილებლად იქნება.

„ბუნებრივია, ხარვეზების გამოსასწორებლად ყველაფერი კეთდება და ეს ახალი არ არის. კონტროლის პალატამ თავიდანვე მიუთითა ნაკლოვანებებზე, რომელზედაც მსჯელობა მიმდინარეობს. სამინისტრომ დაზღვეულის უფლებების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, არსებობს გარკვეული პროცედურები. კონტროლის პალატის დასკვნის მიღების შემდეგ, მისი განხილვა უნდა მოხდეს, შემდეგ სამინისტრო პალატაში აგზავნის შეპასუხებას. გარწმუნებთ, რომ ყველა დეტალი განიხილება და თითოეულ დარღვევაზე იქნება რეაგირება. საკმაოდ ბევრი საკითხია შესასწავლი, როგორ მოხვდნენ მკვდარი სულები სიაში, ან თუნდაც საგენტოს თანამშრომლები“, - ამბობს გიორგი გოდაბრელიძე.

არადა, კონტროლის პალატის დასკვნამ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტები გამოავლინა. პალატის დასკვნის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75%-თან. დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება.

პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (430-ოჯახის წევრით), რაშიც გადახდილია 109,9 ათასი ლარი. დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი. დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3,743 მოქალაქის ჩანაწერი, რომელთა დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი. კერძოდ, დაზღვეული 3,255 უმწეო პირი ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3,183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.