პანკისის ხეობის მოსახლეობა მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ხეობის უხუცესები და სალაფიტური თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, რადგან გამოძიება არ გაჭიანურდეს და ობიექტურად წარიმართოს. ასევე ითხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ ჩატარდა ასეთი მეთოდებით სპეცოპერაცია და რატომ ესროლეს მძინარე ახალგაზრდას.
უხუცესები და სალაფიტური თემის წარმომადგენლები პარასკევის ჯუმა ნამაზის ლოცვის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ თუ არ მოხდება მიმდინარე გამოძიების დროული დასრულება და დამნაშავეების დასჯა, საპროტესტო აქციები დაიწყება. პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ გამოძიება გაჭიანურებულია და მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ შეიძლება მიჩუმათდეს აღნიშნული საქმე.
„მოსახლეობა მოითხოვს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას. ჩვენ გვაინტერესებს სანამდე არის გამოძიება მისული. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმდაგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყოველგვარი ოპერაციის, ასეთი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი“, - აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
უხუცესებმა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვი ალაპარაკდა და ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.
როგორც ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუდასტურა, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ და დაკავებულ პირებს იცნობდა. კუბლაშვილის განმარტებით, ალდამოვი ამბობს, რომ სამი პირი, რომელთაგან სპეცოპერაციისას ორის ლიკვიდირება, ხოლო ერთის დაკავება მოხდა, დუისში გაიცნო, თუმცა მათი მიზნების შესახებ არაფერი იცოდა.
„რუსლან ალდამოვმა მითხრა, რომ სპეცრაზმს რეალურად, მისი ლიკვიდაცია უნდოდა. მითხრა, რომ აქვს ეჭვი, იყო დაგეგმილი მისი ლიკვიდაცია, მაგრამ მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში... იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს, როდესაც მოხდა მისი დაკავება.
შეგახსენებთ, იგი თავისი ნებით ჩაბარდა, დაწვა იატაკზე, ხელი აწია და შემდგომ, როდესაც გაყავდათ ოთახიდან, მოხდა მასზე დაკვირვება არაერთხელ და დაუსვეს უცნაური კითხვა - რა ერქვა მას და, თუ შეეძლო განემარტა მისი სახელი და გვარი, რამაც მისი გაოცება გამოიწვია - რატომ უსვამდნენ ამ კითხვას, რადგან თუ არ იცოდნენ მისი სახელი და გვარი, როგორ მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში და როგორ დააკავეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ამასთან, კუბლაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. მისი თქმით, პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ ექსპერტიზამ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა, ვინაიდან ტყვიის ფრაგმენტი საკმარისი ზომის არ იყო.
„ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხით დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან არ მომხდარა. „ახლო მანძილად“ ამ შემთხვევაში ითვლება 120 სმ. ნასროლი არის ზემოდან ქვემოთ. უნდა ითქვას, რომ შუბლის ის ნაწილი, რისი დახმარებითაც უნდა გარკვეულიყო სროლის მანძილი, თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განადგურდა. ასევე ამოჭრილია კედელი, სადაც გაჩერდა ტყვია. აქედან გამომდინარე, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია იმაზე, რა და როგორ ვითარებაში მოხდა გასროლა“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და რუსლან ალდამოვის განცხადება, რომ სიმართლეში მაჩალიკაშვილის ნაცვლად მისთვის უნდა ესროლათ და სპეცრაზმს ისინი ერთმანეთში შეეშალა, მაჩალიკაშვილის ოჯახს აძლევს საფუძველს თქვას, რომ სპეცოპერაცია შეცდომით ჩატარდა. შესაბამისად, მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის უდანაშაულობას აღიარებას, მის დაზარალებულად ცნობას, სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას და სპეცრაზმელის დაკავებას ითხოვს.
„ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ასევე გადადგეს გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ეს ბანდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ამ დონეზე თუ ეშლება სახელმწიფოს ადამიანები, როგორ უნდა მქონდეს ამათი იმედი? სხვა უნდა მოეკლათ და მოდიან და 19 წლის უდანაშაულო ბავშვს მიკლავენ. ალბათ, აქვს ალდამოვს რაღაც საფუძველი, რომ თქვას ასეთი ვერსია. პირველივე დღეს ვეუბნებოდი სპეცრაზმს, რომ არასწორად იყვნენ მოსულები“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
რუსლან ალდამოვის ხმაურიან განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, რომლის შეფასებით, გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს, ვინ არიან ის დაკავშირებული პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტერორისტულ დაჯგუფებას. დეპუტატი ამბობს, რომ აღმოჩენილია სამალავები, გაშიფრულია სატელეფონო კომუნიკაცია, კომპიუტერული მონაცემები. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, კომპლექსურად ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთი ნაბიჯით წინ იყო და დაასწრო ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები.
„იმთავითვე განვაცხადეთ და დღეს გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისში, ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი. ამ სპეცოპერაციით სახელმწიფომ მოახერხა ტერორისტული საფრთხის განეიტრალება და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს ვინ არიან ის დაკავშირებული პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, ასევე, სად ჰქონდათ მათ დასაყრდენი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რამდენად სანდო და უტყუარია ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვის განცხადება, შეფასება უჭირთ ანალიტიკოსებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ხეობა მოთმინებით ელოდება გამოძიებას და იმედი აქვს, რომ სხვა გახმაურებული საქმეებისგან განსხვავებით, საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„რაც შეეხება უშუალოდ ალდამოვის ჩვენებას, არ ვიცი ვინ გეგმავდა ამ ოპერაციას, როგორ და რა ვითარებაში. ამიტომ ალდამოვის საუბარს ვერ დავეყრდნობი. თუმცა, არსებულ ქაოტურ სისტემაში, როდესაც ფაქტიურად მოშლილია სახელმწიფო მართვის ბერკეტები, ვერავინ ვერ გეტყვით რა პროცესები მიმდინარეობს სამთავრობო და სახელისუფლებო სტრუქტურებაში, ასეთ ვითარებაში ყველაფერი არის დასაშვები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მაისია ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი უდანაშაულოა და ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ოფიციალურმა სტრუქტურებმა მას ბრალი არ წაუყენეს.
„ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. ბრალი არ აქვს წაყენებული ე.ი. ის უდანაშაულო ადამიანია. ვისთან აქვს სურათი გადაღებული, ეს მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ ეს ვიდეო მოპოვებული არ არის ოპერატიული აგენტურული ღონისძიებების მეშვეობით, არამედ მოპოვებულია საგამოძიებო პროცედურების შედეგად. ეს არაფერს არ ნიშნავს. ფაქტია ის, რომ ამ ადამიანს ბრალი არ აქვს წაყენებული.
ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერ მოიპოვეს მტკიცებულებება და, როგორც ჩანს, არ არსებობს ეს მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, ბრალს წაუყებდნენ. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ტერორისტზე, ასეთ შემთხვევაში ეჭვის საფუძველი ხდება ტერორიზმში მხილებული ადამიანების მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი. შეიძლება არ იყოს მყარი ბარლდება, მაგრამ არსებობდეს საფუძვლიანი და მყარი ეჭვი. როგორც ჩანს, გამოძიებას ეს ეჭვიც არ გააჩნია მაჩალიკაშვილის შემთხვევაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რუსლან ალდამოვის განცხადება ძნელად დასაჯერებელი ვერსიაა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილისთვის, თუმცა არა სრულიად მიუღებელი. მისი თქმით, ვიდრე არ ალაპარაკდება სუსი და თავად არ გააჟღერებს მაჩალიკაშვილზე თავდასხმის მოტივაციას, ეს იყო შეცდომა და რა იყო ასეთი შეცდომის მიზეზი, მანამდე ნებისმიერი შეფასება იქნება არასწორი.
„ადვოკატები უნდა იყვნენ უფრო მეტად დაინტერესებული და მთხრობელნი ამ ნაკლებად სანდო ისტორიის, ვინაიდან არ გვაქვს იმედი იმისა, რომ სუსი რაიმე სანდო ვერსიას წარმოადგენს. უპრიანი იქნება ადვოკატებმა თქვან რა ხდებოდა და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ არის თუ არა სარწმუნო ალდამოვის განცხადება.
მეტი ადამიანისგან მსმენია, რომ ეს იყო შეცდობა, საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, როდესაც შესვლისთანავე მწოლიარეს თავში ესროლეს. თუ ასე იყო, მართლაც რამე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, უნდა ჰქონდეს ვაჟკაცობა იმ ადამიანს, ვისი ხელითაც მოხდა გასროლა, თავად აღიაროს საკუთარი შეცდომა. ზეპირად, მხოლოდ დაკავებულის მოყოლილი ვერსია ძნელად დასაჯერებელია“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ხეობის მიმართ მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებს.
„რასაკვირველია ხელისუფლება ჩამორჩა იმ თემებს, რასაც აქამდე მეტი ყურადღება სჭირდებოდა, მაგრამ ოპოზიციის მიერ რაიმე ქმედება იმ ხეობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებულ ხელისუფლებას ავნოს, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. აღარ არის იმის დრო, ვარჩიოთ პარტიებს შორის არსებული მუდმივი ურთიერთ მიუღებლობა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე და თუკი ვერ ვხედავთ საფრთხეს, ეს ღიად უნდა ვთქვათ.
ლაფანყური იყო პრელუდია, ანუ წინა საფეხური. ახლა უკვე აღარ მალავს რუსეთის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომ ეს რეგიონი თითქოსდა არის მხოლოდ ტერორისტების აღმზრდელი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს. ვიდრე ლაფანყურის ტრაგედიაზე არ იქნება ზუსტი ინფორმაცია გაჟღერებული, მანამდე ჩვენ მშვიდად არ უნდა გვეძინოს.
სანამ ახლანდელი ოპოზიცია პანკისელებთან სასაუბროდ რამეს დაგეგმავს, ჯერ იმაზე ესაუბრონ რა ხდებოდა 2012 წელს. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო საკუთარ თავს ავნებს თუ დამალავს ლაფანყურის წარმოქმნას და განვითარებას. თუ ჩაითვლება, რომ დუმლით შეიძლება რაიმე სიკეთის შექმნა, ესეც მავნებლობა იქნება ხეობის წინააღმდეგ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.