„ის 45 აბი სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა და 843 აბი, მძღოლს რომ გამოატანა, მარაგის გასაკეთებლად სჭირდებოდა“?

„ის 45 აბი სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა და 843 აბი, მძღოლს რომ გამოატანა, მარაგის გასაკეთებლად სჭირდებოდა“?

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებასა თუ საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკის თემა აქტუალობის პიკს აღწევს, საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა. გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა თემის აქტუალობის გამო უკვე ხდება კონკრეტული შემთხვევების განზოგადება და სავარაუდოდ თუ ხელისუფლებამ დროულად არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, შესაძლოა, ეს ყველაფერი უფრო დიდ პრობლემაში გადაიზარდოს.

საია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მოსამართლემ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე არ შეაჩერა საქმის განხილვა და წარდგინებით არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა - როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გიორგანაშვილმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება „ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი.

განცხადების მიხედვით, ვიდრე საიასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ამ საქმეზე დამდგარი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, ორგანიზაცია თავს შეიკავებს განაჩენის სამართლებრივი შეფასებისაგან, თუმცა გიორგანაშვილის საქმის მაგალითზე საია აფასებს არსებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისობას ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან.

საიას განცხადებაში განხილულია კონკრეტული საქმეები, რომლის თანახმადაც კანონმდებლობა არ იძლევა მსუბუქი სასჯელის მისჯის საშუალებას, როდესაც 265 გრამი კანაფის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადას ითვალისწინებს, მაშინ, როცა უფრო მძიმე დანაშაულებისათვისაც კი შედარებით მსუბუქი სასჯელები იყო დადგენილი.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო ყაჩაღობისთვის სანქციის სახედ დაწესებულია ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს იმ ქმედებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს გაცილებით უფრო საშიშ ქმედებებს და უკავშირდება უფრო დიდი ზიანის დადგომას, ვიდრე იმ ოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანა, რომელიც აჩენს მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

გიორგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეს მყოფს საბრძოლო განწყობა აქვს და ერთად აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას როგორც სამართლებრივი, ასევე სოციალური აქტივობების კუთხით. გიორგი მახარაძე არ გამორიცხავს, რომ მან სააპელაციო სასამართლოსთან ერთად კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი თვლის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები შექმნას.

„მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) მიუსაჯა. კანონი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის ხომ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებს წილოსანი.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ცდილობენ კონკრეტული შემთხვევები დაუკავშირონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც არასწორია და მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობს.

„საინტერესოა მოიკითხეს თუ არა საზოგადოების აღშფოთებულმა წევრებმა რის გამო მიესაჯა გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 8 წელი და ვინც დაინტერესდა, იმან რა იფიქრა - ის 45 აბი ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა, თუ ის 843 აბი, მძღოლს რომ გამოატანა, დიდი მარაგის გასაკეთებლად სჭირდებოდა“? - აღნიშნა წილოსანმა.

მისივე შეფასებით, თან გვიკვირს, რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი ნარკოდამოკიდებული და თან პარალელურად ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები გვაქვს...

„როცა შედარება მოჰყავთ ადამიანის დაჭრასა და ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე გათვალისწინებულ სასჯელებს შორის და მათი მსგავსების გამო აღშფოთებას გამოთქვამენ, აი, სწორედ აქ ჩანს საზოგადოების რომანტიკული დამოკიდებულება ნარკოტიკების თემის მიმართ და ზუსტად მათი მცდელობა, რომ ასეთი ტიპის შემთხევევები დაუკავშირონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობს“, - აცხადებს დეპუტატი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი კი აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, არის რეპრესიული და დასჯაზე ორიენტირებული. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ათეულობით და ასეულობით მოქალაქე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

„ყოველი დღე, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს ამ ფორმით და ამ სახით ნარკოპოლიტიკას, ეს არის ასობით ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლის, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა, ამიტომ ეს ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიორგიზე (გიორგი გიორგანაშვილი), მის მსგავსად და რიგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში დღეს საქართველოს ათობით და ასობით მოქალაქეა. ამიტომ, ცვლილებები არის აბსოლუტურად აუცილებელი“,- აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი, ისევე როგორც ადმინისტრაცია, თვლის, რომ ნარკოდამოკიდებულება არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა საზოგადოებისთვის, რომლის დასაძლევადაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ამ ფორმის პრობლემას ვერ აგვარებს ის პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს და ამას ფაქტები ადასტურებს.