„ეს ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს“

„ეს ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს“

გასულ წელს გააქტიურდა საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს მიღწეული შეთანხმების პრაქტიკულად ამოქმედების საკითხი, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გავლით მოძრავი ტვირთების აღრიცხვას გულისხმობს. დოკუმენტზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია და არსებობდა მოლოდინი, რომ ის უკვე მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდებოდა. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ პროცესი შესაძლოა, კვლავ გაიწელოს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკული მხარის, კონკრეტულად კი, პრეზიდენტ ობამას დაინტერესებით, საქართველო დათანხმდა, მხარი დაეჭირა რუსეთისთვის, გამხდარიყო „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WTO) წევრი. მას შემდეგ, რაც WTO-ს წევრმა საქართველომ წინააღმდეგობა აღარ გაუწია ორგანიზაციაში რუსეთის მიღებას, სანაცვლოდ, რუსული მხარე დათანხმდა საქართველოს მოთხოვნას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრავი ტვირთები ნეიტრალურ მხარეს აღერიცხა და ინფორმაცია საქართველოსთვის მიეწოდებინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დროდადრო ხელისუფლებას საყვედურობს, რომ ის არ ჩქარობდა ამ დოკუმენტის ამოქმედებას, რომელიც ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა არავინ იცის, დათანხმდებოდა თუ არა ამას თავად რუსეთი, 2012 წელს.

ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა, ვერ ამოქმედდა იმიტომ, რომ მოხდა ხელისუფლების შეცვლა და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო.

„ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა ურთიეთობების გადაფორმატება და ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებას დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ უფრო ღრმად გაცნობოდა იმ პირობებს, რაც ამ დოკუმენტში იყო ჩადებული. ისიც ვიცით, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედის საგარეო კურსს არ ემიჯნებოდა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა აირჩია და იყო ეკონომიკური ნიუანსები, რომელიც ჩაღრმავებას მოითხოვდა“,- აცხადებს მაისაია.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, იყო სადავო საკითხიც - სად უნდა განთავსებულიყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და ბოლო ინფორმაციით, შვეიცარიულ კომპანიას შეეძლება მონაკვეთის ნებისმიერ ადგილას შეამოწმოს ტვირთიები, რითაც სავარაუდოდ, პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვარდეს.

როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, ჩვენ ჩვენი ვალდებულებები გვაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, ვართ სატრანზიტო ქვეყანა და ამ ხელშკრულების დროულად ამოქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს, ჩვენსავე ინტერესშია.

„თუ არ ამოქმედდა, მაშინ უნდა ვეძებოთ საფრთხეები - გვახსოვს, რუსეთის მუქარა აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებასთან დაკავშირებით - როდესაც შვეიცარიული კომპანია მუდმივად გააკონტროლებს ტვირთებს, ეს გარკვეული, შემაკავებელი ფაქტორიც კი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე გაიზრდება“, - აღნიშნავს მაისაია.

ამასთან, მაისაია დასძენს, რომ ამით რუსეთს ვუსპობთ იმის შესაძლებლობას, ჩვენზე სამხედრო ზეწოლა გამოიყენოს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მაისაიას თქმით, ამით ფაქტობრივად, რუსეთს უკან მიაქვს თავისი აღიარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის.

„მე ასე მესახება და ამ ინიციატივას ყველანაირად მხარს ვუჭერ. ეს ხელს შუწყობს იმას რომ ე.წ. შავი ტრანზიტი არ განვითარდეს. მით უმეტეს, რომ ტვირთები მხოლოდ რუსეთიდან არ იმოძრავებს, საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამოქმედდება თბილისი-ყარსის მაგისტრალიც და ტვირთების მოძრაობა უკვე სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს; საქართველო კიდევ უფრო მყარად მიუერთდება „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტს, რომელშიც 400 მილიარდი დოლარი უნდა ჩაიდოს - ეს სატრანზიტო ჰაბად გადაქცევის პერსპექტივაა“, - აცხადებს მაისაია.

მაისაია თვლის, რომ ამით რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პრობლემაც იხსნება, რისკენაც დასავლეთი მუდმივად მოგვიწოდებს.

როგორც ჩანს, რუსული მხარე ასე არ ფიქრობს, როგორ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი აცხადებს, დაინტერესებულნი არიან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე.

როგორც ქართული მხარე აღნიშნავს, ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება აღნიშნულ ხელშეკრულებას, გასულ წელს ქართულმა მხარემ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან გასაფორმებელ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და რუსეთისგან ბოლო დეტალების დაზუსტების რეჟიმში გადავიდა.

ქართული მხარის ცნობით, არავითარი ახალი ელემენტების შემოტანა, გარდა იმისა, რა ვალდებულებებიც 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით არის აღებული, არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი.

პირველი - საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური, მესამე მხარის როლს განამტკიცებს.

სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.

საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი მოიცავს ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას.

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს.

მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ.

EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

ხელშეკრულების ფარგლებში საუბარია სამი დერეფნის ამოქმედებაზე - პირველი - აფხაზეთის მიმართულებას სანაპირო ზოლის გასწვრივ ფარავს - რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება, კრასნოდარის მხარეში და მთავრდება ზუგდიდში. აღნიშნული დერეფანი ფარავს ტერიტორიის ნაწილს გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმისა და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად.

მეორე დერეფანი ცხინვალის რეგიონში ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს როკის გვირაბით ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. იგი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან იწყება, საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთიდან დაახლოებით ათ კილომეტრში, შემდეგ გაივლის როკის გვირაბს და ცხინვალისკენ გრძელდება, საიდანაც სამხრეთით, ბოლო წერტილისკენ, ანუ გორისკენ მიემართება.

მესამე დერეფანი კი ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.

შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონტრაქტი საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარიულ კომპანიას შორის გასული წლის 19 დეკემბერს ბერნში გაფორმდა, რასაც რუსული მხარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეთანხმებაში არსად არის დაკონკრეტებული, ზუსტად რა ადგილებზე მოხდება ტვირთების გაკონტროლება. სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით არის განსაზღვრული. ამ გზით თავიდან იქნა აცილებული საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირების აუცილებლობა, რაც მოლაპარაკებას უკიდურესად გაართულებდა.

პროცესის დასაწყებად საჭიროა, რუსეთის ფედერაციამაც გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი SGS-თან, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ხელშეკრულება რუსეთის მხრიდანაც დროულად გაფორმდება და უკვე მხარეები გადავლენ იმპლემენტაციის ფაზაზე.