განათლების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. ამიერიდან სკოლასა და მშობელს შორის დაიდება კონტრაქტი, რომელიც მშობლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართვა, ორმხრივი ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ სკოლა და მშობელი უნდა თანამშრომლობდნენ, სკოლამ მშობლებს სწრაფად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სახის პრობლემებია და, პირიქით, მშობელმაც აქტიურად იმუშაოს მასწავლებელთან, სკოლის დირექციასთან. ეს უნდა იყოს ერთი გუნდი.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სკოლასა და მშობელს შორის ყოველგვარი კონტრაქტის დადება ზედმეტია, რადგან ყველაზე დიდი კონტრაქტი თავად მშობელი და შვილია. ამდენად, სულაც არ არის საჭირო საქმის გართულება ზედმეტი ქაღალდებითა და ბიუროკრატიით. სკოლის დირექცია და კლასის ხელმძღვანელი ისედაც ვალდებულნი არიან, კარგიც და ცუდიც აცნობონ მშობელს.
„კარგ სკოლებში, სადაც არ ხდება დანაშაული და ჩხუბი, სადაც დირექტორებს საქმე კარგად აქვთ დაყენებული, მშობლებთან ყოველწუთიერი კავშირია. მართალია, ასეთი სკოლები იშვიათია, მაგრამ ნამდვილად არსებობენ კარგი დამრიგებლები. პედაგოგობა მარტო საგნის ცოდნა არ არის, პედაგოგმა ბევრი რამ იცის, მათ შორის, სამართალიც. ბავშვებს შორის ურთიერთობა როცა იძაბება, თავად კლასის ხელმძღვანელი არკვევს სიტუაციას. თუ იგი ვერ დაარეგულირებს ურთიერთობებს, მაშინვე ატყობინებს დირექციას. სასწავლო ნაწილი და ფსიქოლოგიც თუ ვერ დაარეგულირებენ, შემდეგ უკვე დირექტორს ატყობინებენ და ეს ძალზე სწრაფად ხდება. ამის მერე არის დისციპლინარული კომისია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, ანუ გააჩნია, რა დონის კონფლიქტია. ყოველგვარი კონტრაქტის დადება სკოლასა და მშობელს შორის ზედმეტად მიმაჩნია. უბრალოდ, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეცდომაში შეიყვანეს. მართალია, მინისტრს უმაღლესების საკითხი ესმის, მაგრამ ის სკოლათმცოდნე ნამდვილად არ არის“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი, რომლის თქმითაც, ყოველგვარ კონტრაქტზე უკეთ საქმეს აგვარებს უბრალო ტელეფონი, რომლითაც კლასის ხელმძღვანელებს ისედაც აქვთ ურთიერთობა მშობლებთან და, თუ საჭიროა, სკოლაშიც იბარებენ მშობელს. ხოლო, თუკი კლასის ხელმძღვანელი არ მუშაობს, მაშინ ხდება ის ფაქტები, რასაც ბოლო დროს შევეჩვიეთ.
მანანა ნიკოლაიშვილის სიტყვით, ამ მხრივ ცალკეული სკოლები სათანადოდ არ მუშაობენ, რადგან თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ მუშაობს და ვერ აკონტროლებს ამ სფეროს. სულ ანგელოზებიც რომ ისხდნენ სამინისტროში, მათ სკოლების გასაკონტროლებლად მართვის სტრუქტურა არ გააჩნიათ. ამიტომ კანონმდებლობაა შესაცვლელი.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული განათლების მიზნების მიღწევა მშობელთა ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მშობელი ვერ იაზრებს იმ ვალდებულებას, რომელიც აკისრია საკუთარი შვილის განათლებისა და მოვლის კუთხით. შესაბამისად, ამ ტიპის ხელშეკრულების დადებამ შესაძლოა, მშობლებში გარკვეული ტიპის ვალდებულება გააჩინოს.
„სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის გარეშე სკოლა ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს. მთელ მსოფლიოში ეს ასეა და ჩვენთანაც მიდგომა უნდა შეიცვალოს. სახელშეკრულებო პირობებსა და მშობლის ვალდებულებებზე ბევრად მნიშვნელოვანია, რა ჩაიწერება ამ კონტრაქტში. ამის ირგვლივ საჯარო განხილვა უნდა მოეწყოს და საზოგადოების ფართო ჩართულობით მოხდეს ამ ტიპის ცვლილების შემოღება“, - აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის დადებით პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ კონტრაქტი ხელს შეუწყობს, მშობლებმა უფრო მეტად გააცნობიერებენ თავიანთი მოვალეობა და შემდეგ პრეტენზიებით აღარ მივიდნენ დამრიგებელთან. ასეთ შემთხვევაში, დამრიგებელს სათქმელად მაინც ექნება, რომ მშობელმა თვითონვე არ შეასრულა ხელშეკრულება.
„როგორ შეიძლება, კანონის გამოცემამ საკითხი მოაგვაროს? ასე, საგზაო მოძრაობის წესებიც არსებობს, მაგრამ მძღოლები მაინც არღვევენ ამ წესებს. ეს ადამიანთა შეგნებამ უნდა მოაგვაროს და კანონი ამისთვის პირველი და აუცილებელი ნაბიჯია. ამ მხრივ ზოგჯერ კლასის დამრიგებლებიც სცოდავენ. მათ არასაკმარისი ურთიერთობა აქვთ მოსწავლის ოჯახთან. ეს მაშინ, როცა დამრიგებელს ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ოჯახებთან. თუმცა გაცილებით მეტად სცოდავენ მშობლები. წელიწადი ისე გავა, მშობლები საკუთარი შვილის საქციელს სკოლაში ერთხელაც არ მოიკითხავენ. მერე პრეტენზიები სკოლის მიმართ აქვთ. ასეთი ძალიან ბევრი მშობელია. ისინი მარტო დაწყებით კლასებში აქცევენ ბავშვებს ყურადღებას და მერე უკვე მიატოვებენ“,-აცხადებს ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკი ყველაზე მძიმეა, ყველაზე მეტი დანაშაული ზუსტად გარდატეხის ასაკში ხდება. ამ დროს მიტოვება კი არ სჭირდება ბავშვს, არამედ - ყველაზე მეტი ყურადღება.
ზურაბ ვახანიას თქმით, გარდატეხის ასაკში მართლაც ძნელია ბავშვთან ურთიერთობა, რადგან უაზროდ ჯინიანობს, ჭირვეულობს, მშობელს უპირისპირდება. მშობლებმაც არ იციან, როგორ მიუდგნენ მე-8 და მე-9 კლასების ბავშვებს, ამიტომ აღარ აქვთ მათთან ძველებური ურთიერთობა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ მეტი ურთიერთობა უნდა იყოს სკოლასა და მშობელს შორის. ზოგადად, პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლის მოვალეობა არ არის, გაცილებით მეტია დამოკიდებული ოჯახზე. თუ სკოლაზე პასუხისმგებლობის 20-25% მოდის, დანარჩენი მშობლებსა და ოჯახზეა დამოკიდებული.