„ხელისუფლებას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ შესაძლოა, სახიფათო შედეგამდეც მივიდეთ“

„ხელისუფლებას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ შესაძლოა, სახიფათო შედეგამდეც მივიდეთ“

მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, სახელისუფლებო შტოებში ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულო ურთიერთობები შეინიშნება, მაგალითად, ერთი სამინისტრო მეორეს მოუწოდებს, საკანონმდებლო ბაზას მიხედოს, რომ მუშაობაში ხელი არ შეეშალოს; მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა და პარლამენტი ცდილობს, უფრო ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, ხელახლა განიხილოს კონკრეტული საკითხი და ა.შ.

ამ ყველაფერში რეალურად იგრძნობა დემოკრატიისკენ სვლის ტენდენცია თუ დროდადრო, ერთგვარი, საჩვენებელი დებატების მოწმე ვხდებით, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, თუმცა როდესაც მედიასთან დაკავშირებით პოზიციები გაიყო, ეს ჩეულებრივი პროცესია - ეს არ ნიშნავს, რომ მმართველი ძალის გახლეჩა იწყება და ახალი შიდა დაპირისპირებები მოხდება.

სხვადასხვა შეხედულებები არსებობს და ჩვენ მიუჩვევლები ვართ, როდესაც უმრავლერსობაში სხვადასხვაგვარი მოსაზრებებია.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიჩვეულები ვიყავით, რომ ყველა ერთი ტექსტითა და ლექსიკით საუბრობდა...

- არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლების დროს და ამიტომაც შევეჩვიეთ. ჩემი აზრით, სიტუაცია ცოტა უფრო ჯანსაღი გახდა. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც არ ყოფილა თავიდანვე ერთიანი პოზიცია უმრავლესობაშიც და მთავრობაშიც. ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრეს, მაგრამ ეს დაპირისპირება არ ყოფილა. ვერც იმაში ვხედავ უბედურებას თუ საკითხი დადგება კენჭისყრაზე და ჩავარდება, უთანხმოება დარჩება და კენჭისყრით გადაწყდება, ვინ დაუჭერს მხარს, იქნება ეს ნარკოპოლიტიკა თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საყურადღებოა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას უჭერს მხარს - ამაში ისინი ერთიანები არიან - ეს არის მთავარი და ცალკეულ კანონპროექტებზე აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური მოვლენაა - ამას უნდა მივეჩვიოთ.

იმასაც მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ასეთი პროცესი იწყება, წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ ხდება და რღვევა იწყება ხოლმე. ამ ეტაპზე ეს უნდა გამოვრიცხოთ?

- ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ უმრავლესობა გაიხლიჩოს და ახალ ფრაქციებს არაუშავს, პარტიები შეიქმნას უმრავლესობის შიგნით. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ უმრავლესობაში ოპოზიცია იქმნება, სხვა მხრივ კი ნორმალურად მიმაჩნია, რაც ხდება.

მთავრობა, როგორც წესი, ერთიანი გუნდია - როდესაც სამინისტროებს შორის საჯარო პოლემიკა იმართება და პრობლემებზე საუბარი მთავრობის სხდომის ფარგლებს სცილდება, ესეც სტანდარტული დემოკრატიული პროცედურაა? - საზოგადოებისთვის მაგალითად, ასეთი გახსნილობა მისასალმებელი და მისაღებია, მაგრამ ამის მიღმა პრობლემა ხომ არ იმალება?

- მთავრობაში ასეთი ურთიერთობები ცოტა საკამათოა, იმიტომ, რომ, როდესაც მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო, იქ მაინც და მაინც არ არის მიღებული, სატელევიზიო და საჯარო მიმართვებით ერთმანეთთან საუბარი. როდესაც ვთქვი, რომ ნორმალური პროცესებია - ვიგულისხმე, რომ მაშინ იუსტიციის მინისტრი არ იყო საქართველოში, და როდესაც შს მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, თავადვე აღნიშნა, რომ ამიტომაც საუბრობს ამ თემაზე.

საერთოდ კი, როდესაც მთავრობას ეხება საქმე, ასეთი თემები შიგნითვე უნდა გადაწყდეს - ასე უკეთესია, რადგან მთავრობა ერთიანი კოლეგიალური ორგანიზმია და მასში ნაპრალების გაჩენა არ არის სასურველი.

ამ თემას იმიტომ შევეხე, რომ როდესაც სააკაშვილის მთავრობაში ირაკლი ოქრუაშვილმა დაიწყო მკვეთრი განცხადებების კეთება, ვნახეთ რა გაგრძელებაც მოჰყვა ამ ყველაფერს. ანუ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათია?

- ნამდვილად არ არის მსგავსი სიტუაცია და დაპირისპირების საფრთხესაც ვერ ვხედავ უწყებებს შორის. ჩვენთან სხვა პრობლემაა, როგორც წესი, მუდმივად ერთმანეთში ურევენ, ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციაზეა საუბარი თუ დეკრიმინალიზაციაზე. ეს ორი სხვადასხვა რამეა და უბრალოდ, უწყებებს შორის იყო მოწოდება, რომ როგორმე ერთობლივი ძალებით ნათელი მოეფინათ ამ ყველაფრისთვის. ეს პრობლემა მართლაც უნდა გადაწყდეს და ხელისუფლებამ საბოლოოდ უნდა მოფჰინოს ნათელი, როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაწყვეტას და რა ფარგლებში.

რამდენად პრინციპული საკითხია? საკმაოდ ფართე და მასშტაბური პოლემიკაა გამართული...

- საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის გადასახედი. ვთანხმდებით იმაზეც, რომ უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ემხრობა ნარკოპოლიტიკის შერბილებას. ნაწილი მკაცრი პოლიტიკის მომხრეა, ნაწილი დეკრიმინალიზაციას ემხრობა, ზოგი კი უფრო შორს მიდის და ლიბერალიზაციას ითხოვს. ეს განწყობებია პარლამენტშიც და მთავრობას დიდი მუშაობა მოუწევს, პარლამენტი რომ დაარწმუნოს რა ზღვრამდე არის შესაძლებელი და დასაშვები ამ პოლიტიკის შემსუბუქება.

სხვა ქვეყნებში ასეა და ჩვენთანაც ასე იქნება - ეს არ არის ის არგუმენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ და ჩვენთანაც აუცილებლად გაამართლებს, იმიტომ, რომ საქართველო მნიშვნელოვნად განსხვავდება პორტუგალიისგან.

მთავრობამ ჯერ თვითონ უნდა შეიმუშავოს და გადაწყვიტოს, რას გეგმავს და შემდეგ შესთავაზოს პარლამენტს. არ ვამბობ, რომ პარლამენტმა უსიტყვოდ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რაც აუცილებლად გასავლელია.

თუმცა ეს არ არის ის თემა, რომ მთავრობის ნდობის საკითხი დადგეს პარლამენტში, თუ ხელოვნურად არ შექმნეს, მაგრამ პარლამენტმა კანონპროექტი რომ ჩააგდოს კიდეც, ესეც არ იქნება ტრაგედია - ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამასაც უნდა მივეჩვიოთ.

მართალია, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალურად ეფექტური იყოს და გარკვეული მიღწევებიც აქვს, მაგრამ ბოლო სოციოლოგიური კვლევით, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და ეს არ არის ხელისუფლების მუშაობის დამაკმაყოფილებელი შეფასება. რა დრო აქვს დარჩენილი მმართველ ძალას, რომ საზოგადოების სიმპათიები შემოაბრუნოს?

- თუ პოლიტიკური პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, მმართველ ძალას არანაირი კატასტროფა არ ემუქრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნას, რომ არ უნდა ეცადოს პროცესის შეჩერებას და შემოტრიალებას. მმართველმა ძალამ სტრატეგიული თვალსაზრისით უნდა შეხედოს ყველაფერს და არა ისე, როგორც დღეს აკეთებს, ტაქტიკურად. სტრატეგია უნდა დაგვანახოს, რა მიმართულებით წავა ქვეყანა და როგორ განვითარდება. ვფიქრობ, მიმდინარე წელს ჯერ კიდევ აქვს საამისო დრო, მოსახლეობის კეთილგანწყობა მის სასარგებლოდ შემოატრიალოს, მაგრამ ამას სერიოზული რეფორმები სჭირდება და მტკიცე ხელი, რომ ეს რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს. ერთ-ერთია მცირე მთავრობის იდეის განხორციელება როგორც ცენტრში, ასე რეგიონებში.

შესაძლოა, ასეთი რეფორმის რეალიზება მყისიერად არ მოხდეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაიწყოს, მაგრამ თუ ამ იდეის მომხრეები არიან, მისი შემუშავება ახლავე უნდა მოხდეს და სამომავლოდ აღარ გადაიდოს.

ამ განწყობების მიუხედავად, ხელისუფლებას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ ასეთი განწყობები გაღრმავდა, შესაძლოა, სახიფათო შედეგამდეც მივიდეთ.